Accessibility links

ერთ-ერთი მონაწილე თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა, რომელიც 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება, იქნება ლიბიელი მწერალი იბრაჰიმ ალ-ქუნი. მისი ორი წიგნი უკვე გამოიცა და ითარგმნა ქართულ ენაზე. „ქვიდან ნაჟური სისხლი“ სულ ახლახანი გამოიტანა ტამბიდან გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ და ამიტომ ეს წიგნი სამომავლოდ დავიგულოთ, ახლა კი მის „ოქროს ქვიშაზე“ ვისაუბროთ, რომელიც შარშან გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა. ორივე რომანის მთარგმნელი დარეჯან გარდავაძეა და ბუნებრივია, რომ ამ სრულიად გამორჩეული ხმის მქონე ავტორზე სასაუბროდაც ის მოვიწვიეთ. იბრაჰიმ ალ-ქუნის ტექსტების სწორად შესაცნობად მისი წარმომავლობის, მისი ცხოვრების გზის დანახვაა საჭირო და ამიტომ დარეჯან გარდავაძეც შეეცადა თავდაპირველად ჩვენთვის ავტორის პორტრეტი დაეხატა.

დარეჯან გარდავაძე: მკვლევრები, ლიტერატურის კრიტიკოსები მას უდაბნოს მწერალს უწოდებენ. და რატომ? იმიტომ რომ ის არის დაბადებული ლიბიის საჰარაში, იქ არის გაზრდილი. პრაქტიკულად, უდაბნომ ჩამოაყალიბა მისი შინაგანი სამყარო. პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი რომანი, ნოველა, რომელშიც ის სხვა თემაზე წერდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ბავშვობაშივე მოუხდა ამ უდაბნოს დატოვება და უდაბნოდან ჯერ ოაზისებში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ ლიბიის სანაპირო ქალაქში, იქიდან უკვე საბჭოთა რუსეთში მოხვდა, მსოფლიო ლიტერატურის შესასწავლად გორკის ლიტერატურის ინსტიტუტი აქვს მას დამთავრებული. იქიდან უკვე პოლონეთში წავიდა ჟურნალისტიკაში სამუშაოდ, მერე იყო უკვე შვეიცარია, მისი მოქალაქეა დღეს იბრაჰიმ ალ-ქუნი. მერე უკვე იყო ესპანეთი, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს. წერს არაბულად, თუმცა ეს მისი მეორე ენაა. მისი მშობლიური ენა არის ტამაშეკი - ასე ეძახიან ტუარეგები თავიანთ ენას, რომელზედაც ის საუბრობს. გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ ამ ძირძველ ტუარეგულ კულტურას, მიუხედავად მისი მითოლოგიური და სულიერი სიმდიდრისა, ეპოქათა მანძილზე იზოლირება და დავიწყება ერგო ბედად. ეს მწერალი არაბული ლიტერატურის მთარგმნელმა, კრიტიკოსმა, ლიტერატურათმცოდნემ, არაბისტმა, დოქტორმა ჰართმუნდ ფენდრიხმა აღმოაჩინა. მათმა შეხვედრამ რეალურად მწერლის ცხოვრება შეცვალა, იმიტომ რომ გერმანულად თარგმნილი მისი ნაწარმოებები უცებ ხდება პოპულარული, იღებს რამდენიმეჯერ შვეიცარიის სახელმწიფო პრემიას და 2005 წელს ის გერმანულად თარგმნილი ყველა რომანისთვის დააჯილდოეს კიდევ ერთხელ. იბრაჰიმ ალ-ქუნი მისი რომანით "ოქროს ქვიშა" 2015 წელს პრესტიჟულ საერთაშორისო ლიტერატურულ ჯილდოზე, ბუკერის შორთ-ლისტში მოხვდა.

დარეჯან გარდავაძე
დარეჯან გარდავაძე

ის, რაზეც იბრაჰიმ ალ-ქუნი წერს „ოქროს ქვიშაში“, თავდაპირველად შეიძლება ძალიან ნაცნობ და "საყვარელ" თემად მოგეჩვენოთ: ადამიანისა და ცხოველის მეგობრობა, ურთიერთგაგება, ურთიერთსიყვარული და ურთიერთთავგანწირვა. ბევრი ასეთი ისტორია წაგვიკითხავს თუ გვინახავს ეკრანზე, როცა ერთგული ცხოველი ხან ცხენია, ხან სახედარია და ხან ძაღლია. მაგრამ ეს არაა ტიპიური ისტორია ადამიანისა და ცხოველის ჰარმონიული თანაარსებობისა. ალ-ქუნი თვალსა და ხელს შუა გარდაქმნის ამ ისტორიას, სულ სხვა განზომილებასა და იდუმალებას ანიჭებს და შეიძლება ითქვას, რომ ევროპულ კულტურაზე გაზრდილი, მასზე მიჯაჭვული მკითხველისთვის, დამაბნეველსაც კი ხდის მას. უხაიადისა და მაჰრული ამლაყი აქლემის - რომელიც გასაოცარი სილამაზით და დახვეწილობით გამოირჩევა - ურთიერთობა თვითკმარი და მაქსიმალიზმით და მეტაფიზიკურობით აღბეჭდილია. უხაიადი მთელ დროს თავის აქლემთან ატარებს, მასთან ერთად იზრდება, მასთან ერთად იმეცნებს სამყაროს, ტკბება მისით. როცა ის სატრფოთა კარვებისკენ მიეშურება, რათა საიდუმლოდ მიეცეს სიყვარულს, მისი აქლემიც სასიყვარულო ავანტიურებს ეძლევა უდაბნოს საძოვრებზე, სანამ ბრმა მამაკაცური ენერგიის აყოლა მუნს არ შეჰყრის და მთელ თავის ხიბლს არ დააკარგვინებს, სანამ ტანჯვას არ დაიწყებს და უხაიადიც, ცხადია, ამ დროს მის გვერდითაა, მასთან ერთად იტანჯება, თითქოსდა მასთან ერთად ინანიებს ჩადენილ ცოდვებს. ეს სცენები საოცარი ექსპრესიითა აქვს აღწერილი მწერალს: თუ როგორ შეიქმნებიან ისინი პირდაპირი გაგებით ერთსულ და ერთხორც, ვინაიდან აქლემს მუნიანი კანი სძვრება და მის დასისხლულ სხეულს ეხუტება ტკივილისაგან გაცოფებული აქლემის მიერ უდაბნოში ნათრევი დასისხლული უხაიადი. ისინი სისხლით ძმები ხდებიან. ტანჯვის ეს ფაზა გაივლის, ამლაყ აქლემს ნელ-ნელა უბრუნდება ძველი გარეგნობა, მაგრამ "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს" და საამისოდ ის უნდა დაიკოდოს... ამასობაში უხაიადის ცხოვრებაც თითქოს "ნორმალურ" რეჟიმში დგება: ქალი უყვარდება, ცოლად მოჰყავს, შვილი უჩნდება, მაგრამ სწორედ აქ კრავს მწერალი უცნაურ "სიყვარულის სამკუთხედს". უხაიადი ისეთ მდგომარეობაში ვარდება, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს: ან მისი სულიერი მეგობარი აქლემი, ან ცოლ-შვილი. და ის აქლემის მხარეს დგამს ნაბიჯს. ცხადია, ნორმალური ლოგიკით ეს ვერანაირად ვერ აიხსნება, არც ის იქნება გამოსავალი, ეს რაღაც ახალი ტიპის პერვერსიად მოვნათლოთ. საჭიროა სწორედ ამ მომენტში ყველაზე მეტად მივაყურადოთ ავტორს და ვიგრძნოთ, თუ რა სიმბოლიკა თუ მეტაფორა ჩადო ყოველივე ამაში, რა გზავნილი გამოუშვა ჩვენკენ. მოვუსმინოთ კვლავ დარეჯან გარდავაძეს.

დარეჯან გარდავაძე: ეს სავსებით ნორმალური კითხვაა - როგორ შეიძლება ადამიანმა, ვთქვათ, ანაცვალოს ცხოველი სხვა ადამიანს, მაგრამ მწერალი საკითხს ასე სვამს: მისი გმირისთვის ეს ცხოველი რეალურად ცხოველზე მეტია, მისთვის ეს არის რაღაცნაირად ღვთიური მაცნე, რომელსაც მასთან გარკვეული მესიჯი მოაქვს, სულიერება მოაქვს, რომელიც ადამიანისგან ვერ იგრძნო. სად შეუძლია ადამიანს, შეინარჩუნოს ეს თავისი სულიერება, არ დაკარგოს სახე, არ დაკარგოს თავისი ფასეულობები? ხანდახან ამისთვის ის ძალიან ძვირ საფასურს იხდის და ეს საფასური ხშირად საზოგადოებიდან გარიყვა, განმარტოება, ხშირ შემთხვევაში, აი, ასეთი ტრაგიკული დასასრულიც კი არის ხოლმე. მაგრამ, როგორც ჩანს, თვითონ მწერლისთვისაც, მისი გმირებისთვისაც, ეს სულიერება ძირითადი ორიენტირია. მწერალსაც უთქვამს თავის ინტერვიუში, რომ უდაბნოში, მიუხედავად თავისი მწირი, პრაქტიკულად უსიცოცხლო პეიზაჟისა, შეიძლება სულიერება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე იმავე მეტროპოლიაში, რომელიც ადამიანური ცხოვრებისთვის ბევრად უფრო კეთილმოწყობილია, მაგრამ სულიერებისგან დაცლილია და ეს სულიერებისგან დაცლილობა მას აქცევს ჯოჯოხეთად.

ეს შედარებები, მეტაფორები - ძალიან გამძაფრებულია აღქმა ამ ყველაფრისა და ბუნების ისეთი გასულიერება, ამ რანგში აყვანა, როგორსაც იბრაჰიმ ალ-ქუნისთან ვხვდებით, არაბულ ლიტერატურაში, მინდა გითხრათ, რომ ისლამამდელი არაბული პოეზიის მერე, მე არ მინახავს...

რატომ ჰქვია წიგნს "ოქროს ქვიშა"? ეს ოქროს ქვიშა სულ ბოლოს შემოდის სცენაზე და იმ შინაგან თავისუფლებას, რომელიც უხაიადმა კვლავ მოიპოვა, უნგრევს. "ცოლი ქამანდია, ვაჟიშვილი - სათამაშო, სირცხვილი კი - ილუზია" - ასე ფიქრობს ის და თვლის, რომ ამ ბორკილებისგან გათავისუფლდა, მაგრამ ცილისმწამებლური ოქრო თვალის დახამხამებაში მას კვლავ ამ ბორკილებში ამწყვდევს.

სწორხაზოვნად მოაზროვნე მორალისტებმა ეს წიგნი, ალბათ, ჯობს, არ წაიკითხონ. იგი აშკარად გამოიწვევს მათ აღშფოთებას. თუმცა თუ ბოლოში გავლენ და წიგნს დროზე ადრე არ დახურავენ, შეიძლება დამშვიდდნენ კიდეც, ჩათვალონ, რომ უხაიადი, საბოლოო ჯამში, სასტიკად დაისაჯა თავისი ამორალური აზრებისა და საქციელის გამო. მაგრამ ეს სასჯელიც არაა ისეთი ზედაპირული, როგორც მათ მოეჩვენებათ, ისევე როგორც არაა ზედაპირული ადამიანისა და ცხოველის მეგობრობა და, საერთოდ, არაფერია ზედაპირული ამ წიგნში.

და ერთიც: წიგნის კითხვისას სულ მაწვალებდა ერთი აზრი. არის თუ არა უხაიადი წმინდა წყლის ესთეტი? ესთეტიზმი ხომ არაა ის, რამაც მან ასე შეაყვარა ამლაყი აქლემი და მერე ასეთ შეუცნობელ გზებზე ატარა მასთან ერთად? მოვუსმინოთ ერთხელაც დარეჯან გარდავაძეს.

დარეჯან გარდავაძე: საერთოდ, ძველი არაბული ტრადიციაა, ჯერ კიდევ პრეისლამური ხანიდან, დამოკიდებულება ცხოველთან - ცხენთან, აქლემთან, მისი აღწერა, მისი სილამაზის დანახვა. ეს შედარებები, მეტაფორები - ძალიან გამძაფრებულია აღქმა ამ ყველაფრისა და ბუნების ისეთი გასულიერება, ამ რანგში აყვანა, როგორსაც იბრაჰიმ ალ-ქუნისთან ვხვდებით, არაბულ ლიტერატურაში, მინდა გითხრათ, რომ ისლამამდელი არაბული პოეზიის მერე, მე არ მინახავს.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმ ალ-ქუნი თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეა და 31 მაისს, 18:30-ზე, შეგიძლიათ ამ უცნაურ მწერალთან შეხვედრას დაესწროთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG