Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე და მოგონებები აფხაზეთზე


უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდში, ტრადიციულად, ამავე სახელობის სკვერში აღნიშნეს. აქ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ აფხაზეთის ომში დაკარგულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრები, გაუჩინარებულთა ძებნაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ გასულ წელს გახსნილ მონუმენტთან, სახელწოდებით „არ დამივიწყო“, სანთლები აანთეს და გვირგვინები მიიტანეს.

გადმოწერა

დაკარგულთა ოჯახის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ომთან დაკავშირებული საკუთარი ისტორიები, რომელსაც ყოველ წელს უზიარებენ ერთმანეთს. დევნილი ნონა შეროზია ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, რომელმაც ოჯახის წევრი სოხუმში საომარი მოქმედებების დროს დაკარგა. ნონა შეროზიას მეუღლის, ედიკა პაპავას შესახებ ცნობების მოძიებაში წლებია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ეხმარება, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ის იმედს არ კარგავს, რომ ოდესმე მისი მეუღლის ნეშტს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენებს:

„წითელი ჯვარი ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ ვერ მოიპოვეს მის შესახებ ვერანაირი ინფორმაცია. მისი კვალი არ ჩანს. ეს იყო 1993 წლის 29 აგვისტო. აფეთქებები იყო ზეგანში და იქ მოხვდა. მას მერე არაფერი ვიცით“, – ამბობს ნონა შეროზიამ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალთან ზუგდიდში
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალთან ზუგდიდში

უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1992 წლიდან სოხუმელი მარინა გორბატიუკიც. ის 27 წლის ასაკში სოხუმში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გაუჩინარდა, მაშინ, როცა ქალაქიდან გაღწევას ოჯახთან ერთად ცდილობდა. როგორც დაკარგულის რძალი ლელა ნაყოფია იხსენებს, ახალგაზრდა ქალს ბოლოს ძმა ესაუბრა:

„დაიკარგა სოხუმში პირველსავე დღეს, ოჯახს მოსწყდა და მას მერე დაიკარგა. ის და ჩემი მეუღლე სახლიდან ერთად გამოვიდნენ. ჩემმა მეუღლემ უთხრა, ერთმანეთს პორტში შევხვდეთო. მეუღლე უკან დაბრუნდა საბუთებზე და როცა მობრუნდა, იქ არ დახვდა“, – მწუხარედ საუბრობს ლელა ნაყოფია.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლის, ნანა გულორდავას ცნობით, საომარ თუ სხვადასხვა ვითარებაში დაკარგულთა ზუსტი ციფრი დაუდგენელია, თუმცა ის ასეულობით ადამიანზე მეტს მოიცავს. მისი სიტყვებით, წითელი ჯვრის ინიციატივით, 2010 წელს, ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის შემდეგ, რომელიც 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს, მიაკვლიეს 370 ნეშტს და აქედან 100 უკვე გადაეცა ოჯახებს.

„მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ელოდება თავისი ოჯახის წევრის ხვედრზე ინფორმაციას და ჩვენ ამ კუთხით ვაგრძელებთ მუშაობას. ამჟამად, 2017 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, 40-მდე სამარხი იქნა გახსნილი, საიდანაც 150-მდე ნეშტი იქნა აღმოჩენილი, რომლის გამოკვლევა და შესწავლა მიმდინარეობს. იდენტიფიცირების შემთხვევაში, ისინი გადაეცემა ოჯახებს“, – უთხრა რადიო „თავისუფლებას“ ნანა გულორდავამ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალთან ზუგდიდში
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალთან ზუგდიდში

შეხვედრას ესწრებოდნენ დაკარგულთა ძიების პროცესში მათივე ოჯახებისუფრო აქტიურად ჩართვის მიზნით შემქნილი ოჯახური კომიტეტის წევრები. როგორც კომიტეტის წარმომადგენელმა ნანა ხარაიშვილმა გვითხრა, ხშირად იკრიბებიან, თუნდაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების დაახლოებისა და თუნდაც ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის გამოსახატავად და გასამხნევებლად.

„უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისგან შედგება ეს კომიტეტი და ჩვენ მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ ეს საქმიანობა და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, დავაიმედოთ ერთმანეთი“, – აღნიშნა მან.

30 აგვისტო, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, საქართველოში კი 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.

დღევანდელი შეხვედრა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ახალგაზრდა ექიმთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია „ქსენონის“ ორგანიზებით მოეწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG