Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული გამოცდილება, რომელიც პაციენტებს სიკვდილს უმსუბუქებს


ანტონინა ლიუბიანა
ანტონინა ლიუბიანა
ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში კიბოთი და სხვა სასიკვდილო სენით დაავადებული პაციენტები, გამაყუჩებლების დეფიციტის შედეგად, სიცოცხლეს საშინელი ტკივილებით ამთავრებენ. თუმცა უკრაინის მთავრობამ გადადგა ნაბიჯები უკურნებელი სენით შეპყრობილი პაციენტების ტანჯვის შესამსუბუქებლად.

საწოლიდან გადმოვარდნისას, პენსიონერმა ქალმა ლიუბიანამ თეძოსა და ხელის ძვლები მოიტეხა. მოტეხილი ადგილები დიდხანს არ შეხორცდა და როდესაც ექიმებმა პაციენტი გასინჯეს, მას ძვლის კიბო დაუდგინდა. დღესდღეობით ლიუბიანა მომქანცველი ტკივილებისაგან იტანჯება და ინვალიდის ეტლში ჯდომასაც კი ძნელად ახერხებს:

„მიჭირს დიდი ხნით ჯდომა. შეიძლება ცოტა ხანს ვისეირნო, მაგრამ მერე რამდენიმე საათით წოლაა საჭირო. ძლიერი ტკივილები მეწყება, რომელსაც მხოლოდ ნემსის გაკეთება ანდა გამაყუჩებელი აბების მიღება შველის. მაგრამ მერე მაინც მრჩება ტკივილი, რადგან მისი სრულიად გაყუჩება მე არ შემიძლია. ბევრს ეხსნება ტკივილები, მე კი - არა“.

მხრებსა და კიდურებში გამჯდარი ტკივილების გასაყუჩებლად ლიუბიანა შედარებით მსუბუქ ტკივილგამაყუჩებელ ოლფენს იკეთებს. ლიუბიანა ერთ-ერთია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მცხოვრებ იმ ასობით ათას მძიმედ დაავადებულ პაციენტებს შორის, რომლებიც ხელმისაწვდომი გამაყუჩებელი წამლების ნაკლებობას განიცდიან.

თუმცა ლუბიანას გაუმართლა და მას მკურნალობის სრული კურსი უტარდება კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ე.წ. ხოსპისში, სადაც უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტები იმყოფებიან. ასეთი სამედიცინო დაწესებულება ჯერ კიდევ დიდი იშვიათობაა პოსტსაბჭოთა სივრცეზე და უკრაინა, ამ მხრივ, პირველი ქვეყანა გახდა, სადაც უკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები სიცოცხლის ბოლომდე მიიღონ.

პაციენტებს ხშირად შინ აბრუნებდნენ სიტყვებით: „წადით სახლში და მოკვდით, რადგან სამედიცინო სისტემას არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია თქვენთვისო“...
დიდერიკ ლოჰმანი
ასეთ პროგრამას დიდ გამარჯვებად მიიჩნევს დიდერიკ ლოჰმანი, „ჰიუმან რაითს უოჩის“ ჯანმრთელობის საკითხების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, რომელსაც მხედველობაში აქვს მანამდე არსებული პრაქტიკა, როდესაც მომაკვდავი პაციენტი, რომელსაც ექიმები ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს ვერ აძლევდნენ, იძულებული იყო სახლში წასულიყო და ტანჯვაში დაელია სული:

„დგებოდა მომენტი, როდესაც ექიმები იძულებულნი იყვნენ ავადმყოფებისათვის ეთქვათ: „აღარაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან კიბოს მესამე სტადიის მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ანდა ანტირეტროვირუსული საშუალებები აღარ ზემოქმედებენ, ან თქვენ უკურნებელი ტუბერკულოზის ფორმა გაქვთო“. ასე რომ, პაციენტებს ხშირად შინ აბრუნებდნენ სიტყვებით: „წადით სახლში და მოკვდით, რადგან სამედიცინო სისტემას არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია თქვენთვისო“.

მძიმედ დაავადებული პაციენტები უკრაინაში მკაცრი კონტროლის ქვეშ ღებულობდნენ მორფინის მსგავს ძლიერმოქმედ გამაყუჩებელ საშუალებებს, მაგრამ ნარკოტიკებით ბოროტად სარგებლობის შიშის გამო, ასეთი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით მკურნალობის პროცესი ბიუროკრატიულ ბარიერებს წააწყდა და საკმაოდ გაჭიანურდა. სულ ცოტა, 4 ექიმის ხელმოწერა სჭირდებოდა ცალკეულ რეცეპტს, როლითაც შეეძლო მკურნალ ექთანს უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტის ბინაზე მისვლა და მორფინის გაკეთება. არადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მომაკვდინებელი სენით შეპყრობილ პაციენტს 24 საათის განმავლობაში მორფინის ნემსი ექვსჯერ უნდა გაუკეთდეს.

ასეთი რამ შეუძლებელია უკრაინაში, სადაც მკურნალ ექთანს მხოლოდ ორჯერ შეუძლია მისვლა მძიმე სენით შეპყრობილ ავადმყოფთან. ამის გამო, განსაკუთრებით უკრაინის შორეულ სოფლებში, ავადმყოფები საშინელი ტკივილით იტანჯებოდნენ გამაყუჩებლის მორიგი დოზის მიღების მოლოდინში. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტკივილისაგან სასოწარკვეთილი ახალგაზრდა პაციენტი ფანჯრიდანაც გადამხტარა. ახალი კანონის თანახმად, რომელიც, უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის პარლამენტმა მაისში დაამტკიცა, გამარტივდა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების რეცეპტის გაცემა და პაციენტს შესაძლებლობა აქვს სახლში იქონიოს 15 დღისათვის საკმარისი ტკივილგამაყუჩებელი. ხოლო რაც ყველაზე მთავარია, კანონმა გააიოლა წარმოება ორალური მორფინის აბებისა, რაც დასავლეთში 1977 წლიდან წარმოადგენს პალიატიური მკურნალობის ქვაკუთხედს. ამ პოლიტიკის მომხრეები უკრაინაში ამბობენ, რომ ახალი ნარკოტიკული საშუალება მძიმედ დაავადებულ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს პირველად მისცემს თავისუფლებას, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები პერსონალური საჭიროებისამებრ გამოიყენონ ისე, რომ ექთნის მისვლას აღარ დაელოდონ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG