2008 წლის 4 ნოემბერს ბარაკ ობამა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტად აირჩიეს. ილინოისის შტატის დემოკრატი სენატორი ისტორიაში შევიდა იმით, რომ პირველი შავკანიანი კანდიდატი იყო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. თავისი წინამორბედისგან, უმცროსი ჯორჯ ბუშისგან ობამამ მემკვიდრეობით მიიღო პრობლემათა მთელი რიგი: ათწლეულის ყველაზე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ომები ავღანეთსა და ერაყში და შელახული საერთაშორისო იმიჯი, რაც განპირობებული იყო აშშ-ის მიერ წარმოებული „ომით ტერორიზმის წინააღმდეგ“. ამ ფოტოგალერეაში ასახულია ობამას პრეზიდენტობის მნიშვნელოვანი მომენტები.
ობამას საპრეზიდენტო მმართველობა ფოტოებში

1
ბარაკ ობამა თავის მეუღლესთან, მიშელთან, და ქალიშვილებთან, მალიასთან და საშასთან ერთად უახლოვდება ტრიბუნას, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტად ფიცის დასადებად. ცერემონია გაიმართა ვაშინგტონში, 2009 წლის 20 იანვარს.

2
2009 წლის 21 იანვარს გადაღებულ ამ ფოტოზე ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ემზადება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შესასვლელად. მმართველობის პირველივე დღეებში ობამამ გამოსცა განკარგულება კუბაში, გუანტანამოს ყურეში მდებარე აშშ-ის ციხეში, დამსჯელი ღონისძიებების 120 დღით შეწყვეტისა და უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ციხის დახურვის შესახებ. ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადა დასასრულს მიუახლოვდა, საპატიმრო კი ჯერაც მოქმედებს.

3
2009 წლის 27 თებერვალს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, ობამამ ერაყში აშშ-ის საბრძლო მოქმედებების შეწყვეტის ოფიციალურ თარიღად დაასახელა 2010 წლის 31 აგვისტო. მისი მემკვიდრის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, ერაყიდან სამხედრო ძალის გაყვანამ შექმნა ვაკუუმი, რომელმაც სათავე დაუდო ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებას.

4
2009 წლის 5 აპრილს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სტუმრობისას, ობამამ სიტყვა წარმოთქვა ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის, ტომაშ გარიგ მასარიკის ძეგლთან და პირობა დადო, რომ აშშ იქნებოდა მოწინავე „მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მთელს მსოფლიოში, სადაც აღარ იარსებებდა ბირთვული იარაღი.“

5
2009 წლის 25 სექტემბერს, პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში გაიმართა დიდი ოცეულის სამიტი. ფოტოზე ობამას გვერდით არიან საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (შუაში) და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი. ლიდერებმა ისაუბრეს ირანის ერთ დროს საიდუმლო ბირთვული ობიექტის შესახებ და თეირანს მოსთხოვეს საერთაშორისო ინსპექტორებთან თანამშრომლობა.

6
2009 წლის 9 ოქტომბერს, ოვალურ კაბინეტში გადაღებულ ამ სურათზე ობამა ტელეფონით ლაპარაკობს. მან ახლახან შეიტყო, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. ეს პატივი ობამას პირველი ვადით პრეზიდენტობის ცხრა თვის თავზე ერგო.

7
პრეზიდენტი ესალმება ერთ-ერთ მხარდამჭერსა და მის შვილს ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში, 2010 წლის 30 მარტს, მას შემდეგ, რაც მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელმაც შესაძლებელი გახადა „ხელმისაწვდომი უზრუნველყოფის აქტის“ ამოქმედება. „ობამაკერის“ სახელით ცნობილმა ამ აქტმა სამედიცინო დაზღვევის არმქონე 20 მილიონამდე ამერიკელი უზრუნველყო ამ მომსახურებით.

8
2010 წლის 28 მაისს ობამა ესტუმრა ლუიზიანის შტატში მდებარე ფურშონის პორტს, რომლის მახლობლად, ნავთობკომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმის“ კუთვნილ საბურღ პლატფორმაზე მომხდარმა აფეთქებამ ნავთობით წყლის უმძიმესი დაბინძურება გამოიწვია აშშ-ის ისტორიაში.

9
2011 წლის 1 მაისს, თეთრი სახლის საგანგებო ვითარებათა ოთახში შეიკრიბნენ პრეზიდენტი და მისი სახელმწიფო უსაფრთხოების გუნდი. ამასობაში აშშ-ის სპეცრაზმელები პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ახორციელებენ ოპერაციას ალ-ყაიდის ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის გასანადგურებლად. ოპერაციის შედეგად მოკლეს ბინ ლადენი და მისი ექსტრემისტული დაჯგუფების ოთხი წევრი.

10
ეს ფოტო გადაღებულია 2012 წლის 1 იანვარს, ჰავაის კუნძულებთან მდებარე კანიოეს ყურეში. ბარაკ ობამა აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც ჰავაის კუნძულებზე დაიბადა.