Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანია: ყველაზე ხანგრძლივ ომს არავინ ახსენებს


აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის მონაწილეები ჯერ კიდევ მიმდინარე ავღანეთის ომს თავიანთ გამოსვლებში თითქმის არ ახსენებენ. არადა, აშშ-ის არმია აგრძელებს თავის ყველაზე ხანგრძლივ ომს ოკეანისგადმოღმა. მოქმედი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, და მისი მეტოქის, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის, მიტ რომნის გამოსვლებში გაიგონებდით სიტყვებს: უმუშევრობა, გადასახადები, ეკონომიკა, დაზღვევა, მაგრამ ისინი არ ეხებიან ომს, რომელსაც უკვე ორი ათასი ამერიკელი სამხედრო შეეწირა. რესპუბლიკელი კანდიდატი საერთოდ არ შეხებია ამ თემას 40 წუთიანი გამოსვლისას პარტიის მიერ კანდიდატად დასახელების დროს. ამის გამო გააკრიტიკეს კიდეც ის მისსავე რესპუბლიკელთა რიგებში. სტივ ჰეისმა, კონსერვატიული ჟურნალის, „უიკლი სტანდარტის“ ერთ-ერთმა მიმომხილველმა, შეცდომად შეაფასა ეს და „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა, არ ვიცი, გაეპარა თუ განზრახ მოუვიდა, მაგრამ შეცდომაა, როცა 70 ათასზე მეტი ჯარისკაცი გყავს ავღანეთში და მათ არ მიმართავო. ასე ხანგძლივად აშშ-ის არმიას არსად უომია. ორი ათასი დახოცილი, ათასობით დაჭრილი, ფულადი ხარჯი - 574 მილიარდი დოლარი. ამის მიუხედავად, გამოკითხულ ამერიკელთა მხოლოდ ერთი პროცენტი თვლის, რომ ავღანეთი მნიშვნელოვანი თემაა; საზოგადოებრივი აზრის კვლევის გელაპის ინსტიტუტის მთავარი რედაქტორი ფრენკ ნიუპორტი ამბობს, რომ ხალხი ეკონომიკური პრობლემებითაა დაკავებული, კანდიდატებმა კი იციან, რა საკითხები აღელვებს მოსახლეობას. ამასთან, მისივე დაკვირვებით, ავღანეთის საკითხზე ობამას და რომნის არ აქვთ სხვადასხვა პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია წინასაარჩევნო ბრძოლისას. მართალია, რომნიმ თავიდან გააკრიტიკა ობამა, როცა მან 2014 წლიდან ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის შესახებ განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით დაეთანხმა მას და თქვა, 2014 წლისთვის უნდა შევძლოთ უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად ავღანეთის უშიშროების ძალებს ჩავაბაროთო. ამ სფეროში უთანხმოების ნაკლებობაზე ლაპარაკობს გელაპის წარმომადგენელი, ნიუპორტი:

„კანდიდატები იმ საკითხებზე ლაპარაკობენ, რომლებიც ამომრჩეველთათვის მნიშვნელოვანია ან რომელზეც საუბარი ფიქრობენ, რომ მეტოქესთან პაექრობაში ხეირს მოუტანს. მრჩევლები კანდიდატებს არ ურჩევენ ავღანეთზე ლაპარაკს, რადგან ეს არ აკმაყოფილებს არც ერთ და არც მეორე მოთხოვნას.“
ავღანეთზე, ფაქტობრივად, არ მსჯელობენ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ასევე არ მსჯელობენ იმაზე, თუ რა ელით ვეტერანებს, როცა ავღანეთიდან უკან დაბრუნდებიან ...
ტომ ტარანტინო

თუმცა გელაპის გამოკითხვებით, მიუხედავად ამერიკელთა განცდისა, რომ ისინი ომმა დაღალა, მაინც არ არიდებენ თავს პასუხისმგებლობას და ფიქრობენ, არ უნდა ვიჩქაროთ, არ უნდა დავტოვოთ ავღანეთი უსაფრთხოების გარეშეო. ბრუკინგის ინსტიტუტის თანამშრომელი მაიკლ ო’ჰონლონი კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ობამამ და რომნიმ არ დაიწყეს დავა ავღანეთის ომის გარშემო, იმაზე, თუ რა ჯობდა, ჯარის გამოყვანა თუ დატოვება. ო’ჰონლონის აზრით, დაპირისპირებას ამ თემაზე ცუდი შედეგი მოჰყვებოდა. ომი ომად, მაგრამ იქიდან დაბრუნებულების, ანუ ვეტერანების, საკითხი რეალურ და მწვავე პრობლემად მიაჩნია ტომ ტარანტინოს, აშშ-ის არმიის ყოფილ კაპიტანს, რომელიც ახლა ვეტერანთა სამსახურშია. ტარანტინო ფიქრობს, რომ ვეტერანთა მომავალზე (მათი რიცხვი თითქმის ორნახევარი მილიონია) პოლიტიკური დისკუსია საჭიროა:

„ავღანეთზე, ფაქტობრივად, არ მსჯელობენ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ასევე არ მსჯელობენ იმაზე, თუ რა ელით ვეტერანებს, როცა ავღანეთიდან უკან დაბრუნდებიან. რაც გვესმის, არის „მადლობა თქვენი სამსახურისთვისო“, მაგრამ მეტი არაფერი, კონკრეტული.“

ომის ვეტერან ტარანტინოს აზრით, ომზე სამხედროებმა უნდა იმსჯელონ, მაგრამ უკან დაბრუნებული ვეტერანები აუცილებლად წააწყდებიან განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის პრობლემებს და, ამ მხრივ, გულწრფელად გეტყვით, არ ვმუშაობთ კარგადო, ამბობს არმიის ვეტერანი. რას ურჩევენ, ამ მხრივ, ობამას და რომნის, შეეხებიან თუ არა ისინი ასეთ მწვავე თემას, მათი დებატების დროს გამოჩნდება, დებატებისა, რომელიც სამშაბათს გვიან იმართება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG