Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩატარდა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატების დასკვნითი რაუნდი


მიტ რომნი, ბარაკ ობამა
მიტ რომნი, ბარაკ ობამა
აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა რატონში ჩატარდა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა მესამე, დასკვნითი რაუნდი. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რესპუბლიკელმა კანდიდატმა მიტ რომნიმ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იკამათეს.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელი ამომრჩევლების 10 პროცენტზე ნაკლებს მიაჩნია საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც გავლენას მოახდენს მათ გადაწყვეტილებაზე 6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამერიკელ ამომრჩეველს ეკონომიკის საკითხები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია.

ამიტომაც, ფლორიდაში ჩატარებულ საპრეზიდენტო დებატებზე, რომელიც საგარეოპოლიტიკურ საკითხებს შეეხებოდა, ორივე მონაწილეს არაერთხელ გადაჰქონდა საუბარი შიდაპოლიტიკურ თემებზე. მაგალითად, ობამამ გააკრიტიკა გუბერნატორი მიტ რომნი მის მიერ ადრე გამოთქმული მოსაზრების გამო - ჩვენი მთავარი გეოპოლიტიკური საფრთხე რუსეთიაო. ობამამ რომნის მიუთითა, ცივი ომი დიდი ხნის დამთავრებულიაო და დაამატა - გუბერნატორი გასული საუკუნის 80-იანი წლების საგარეო პოლიტიკის დაბრუნდებას ცდილობსო. ამას პრეზიდენტმა ობამამ სოციალური საკითხებიც მიაბა - მიტ რომნი აქ სულაც 50-იანი წლების პოლიტიკას ემხრობა, სოციალურ საკითხებში კი ოციანი წლებისასო.
აუცილებელია, რომ პრეზიდენტმა ძალა თავიდანვე აჩვენოს, თავიდანვე ცხადი გახადოს, თუ რა არის მისაღები და რა - არა. მათ არ უნდა განავითარონ ბირთვული პოტენციალი ...
მიტ რომნი

რომნიმ კი აღნიშნა, რომ რუსეთს საგარეოპოლიტიკური საფრთხე ირანის ბირთვულ პოლიტიკასთან მიმართებაში უწოდა. რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში გვიწევს წინააღმდეგობასო, თქვა მან და დაამატა, რომ ბარაკ ობამა არასაკმარის ძალისხმევას ატანს ირანის პრობლემას. მან თქვა, ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოსო:

”აუცილებელია, რომ პრეზიდენტმა ძალა თავიდანვე აჩვენოს, თავიდანვე ცხადი გახადოს, თუ რა არის მისაღები და რა - არა. მათ არ უნდა განავითარონ ბირთვული პოტენციალი. იმისათვის, რომ მათ ეს გაიგონ, თავიდანვე აუცილებელია უმკაცრესი შესაძლო სანქციები. სანქციები კიდევ უნდა გამკაცრდეს. ჩვენი დიპოლომატიური ურთიერთობა ირანთან კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს. ჩვენ უნდა დავადანაშაულოთ აჰმადინეჟადი. ჩვენ მათზე მაქსიმალური ზეწოლა უნდ განვახორციელოთ”.

ობამამ, თავის მხრივ, დაიცვა საკუთარი პოლიტიკა ირანთან მიმართებით და თქვა, რომ ამერიკა კვლავინდებურად ისრაელის მთავარი მეკავშირეა და რომ ის არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას:
რაც შეეხება ირანის საკითხს... სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებს ...
ბარაკ ობამა

”რაც შეეხება ირანის საკითხს... სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებს. მე ეს ცხადად ვთქვი, როდესაც პოსტი ჩავიბარე. ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ მთელი ისტორიის განმავლობაში უძლიერეს კოალიციას და უძლიერეს სანქციებს ირანის წინააღმდეგ, რამაც მათ ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. მათი ვალუტა 80 პროცენტით დაეცა. ნავთობის წარმოება ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა, რაც კი ყოფილა 20 წლის წინ ერაყთან ომის შემდეგ. მათი ეკონომიკა დანგრეულია. და ეს იმის გამო გავაკეთეთ, რომ ბირთვული ირანი საფრთხეს უქმნის ჩვენს ნაციონალურ უსაფრთხოებას და ისრაელის ნაციონალურ უსაფრთხოებას. ”

ანალიტიკოსების აზრით, ამ დებატებმა აჩვენა, რომ საგარეოპოლიტიკურ ხედვაში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დიდი განსხვავება არ არის. არც ერთს არ უხსენებია ირანის ბირთვული ობიექტების დამომბვა, ორივემ განაცხადა, რომ წინააღმდეგია სირიის კონფლიქტში პირდაპირი ჩარევისა და ორივე კანდიდატი ემხრობა ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გეგმის თანახმად გამოსვლას.

ამიტომაც, ანალიტიკოსების დიდ ნაწილს გაუჭირდა დაესახელებინა, თუ ვინ გაიმარჯვა ამ დებატებში. სტეფანი სანოკი, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების დირექტორის მოადგილე, ამბობს, რომ ბოლომდე დამაკმაყოფილებლად არც ერთი კანდიდატი არ გამოჩენილა:

”ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა ორივე კანდიდატისათვის, რომ ელაპარაკათ ამერიკის ლიდერობის უფრო ფართო ხედვაზე, მაგრამ მე ეს ვერ დავინახე, ჩემთვის ეს უფრო ფრეს ჰგავდა. არა მგონია, რომელიმე მონაწილეს ცალსახა გამარჯვებისათვის მიეღწია.”

ტელეკომპანია ”სი-ენ-ენ-ის” გამოკითხულთა 48 პროცენტის აზრით, დებატებში ობამა უფრო დამაჯერებელი ჩანდა. 40-მა პროცენტმა უპირატესობა რომნის მიანიჭა. თუმცა ის ანალიტიკოსებიც, რომლებმაც გამარჯვებულად ობამა მიიჩნიეს, აღნიშნავენ, რომ ამ დებატებისას არაფერი მომხდარა ისეთი, მნიშვნელოვანი გავლენა რომ მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. ამჟამინდელი ვითარებით კი, საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის წინასწარმეტყველები რთულია - ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ობამასაც და რომნისაც ამომრჩეველთა დაახლოებით 47 პროცენტი უჭერს მხარს.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG