Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ბარაკ ობამამ


ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად ზეიმობს გამარჯვებას
ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად ზეიმობს გამარჯვებას
ბარაკ ობამამ გაიმარჯვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან დაამარცხა რესპუბლიკელი მიტ რომნი და კიდევ ოთხი წელი იქნება პრეზიდენტის პოსტზე.

ბარაკ ობამამ ჩიკაგოში მიმართა თავის მხარდამჭერებს და განაცხადა - ”ამერიკა წინ მიიწევს”. რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიტ რომნიმ აღიარა არჩევნებში დამარცხება და ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა.

ბოსტონში, საარჩევნო შტაბში თავისი მომხრეების წინაშე გამოსვლისას რომნიმ განაცხადა: ”ვლოცულობ, რომ პრეზიდენტი წარმატებული იყოს”.

ბარაკ ობამას გამარჯვებას გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერებიც. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიო ლიდერებს შორის, ვინც მიესალმა ბარაკ ობამას წარმატებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. კამერონმა "ტვიტერზე" ობამას ”მეგობარი” უწოდა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას.

ბრიუსელში ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპე აგრეთვე "ტვიტერის" საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს და აღნიშნა, რომ ის ”ძალიან ბედნიერია” ობამას მეორედ არჩევის გამო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ”გულთბილად” მიულოცა ობამას გამარჯვება და შეაქო მისი ”გამორჩეული ლიდერობა” ევროატლანტიკური კავშირის შენარჩუნების საქმეში.

მოსკოვში, რუსეთის დუმის წევრებიც მიესალმნენ ობამას მეორე ვადით არჩევას და რუსეთისთვის ”უკეთესი ვარიანტი” უწოდეს. რუსმა კანონმდებლებმა გამოხატეს იმედი, რომ ამერიკის ლიდერი გააგრძელებს ”გადატვირთვის” პოლიტიკას რუსეთთან ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG