Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: "21-ე საუკუნეში რელიგიური ნიშნით ჩაგვრა დაუშვებელია!"


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების მდგომარეობის შესახებ.

სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ამბობს, რომ ისინი, ვინც რელიგიურ თავისუფლებას თავს ესხმის, საკუთარ სტაბილურობასაც ძირს უთხრის.

„სამხრეთ აზიიდან საჰელის ზონამდე, მთავრობებმა რელიგიური ჯგუფების წევრები ისეთი დესპოტური კანონებით, მკაცრი სასჯელებით და სასტიკი ტაქტიკით დაადუმეს, როგორსაც 21-ე საუკუნეში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.“

ამერიკის ხმის კორესპონდენტი სახელმწიფო დეპარტამენტში სკოტ სტერნსი მოგვითხრობს, რომ აშშ-ის მიერ საერთაშორისო რელიგიური თავისუფლებების წლევანდელ ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება ჩრდილოეთ ნიგერიის შესახებ, სადაც ისლამისტთა შეიარაღებულ დაჯგუფება "ბოკო ჰარამსა" და ნიგერიის უშიშროების ძალებს შორის ძალადობრივ დაპირისპირებას მუსლიმები და ქრისტიანები ემსხვერპლნენ.

„ნიგერიაში, მხოლოდ შარშან, 'ბოკო-ჰარამმა' ათასზე მეტი ადამიანი მოკლა. მათ შორის ქრისტიანი და მუსლიმი რელიგიური ლიდერები, ასევე ადამიანები, რომლებიც ეკლესიების და მეჩეთების სიახლოვეს იმყოფებოდნენ, მლოცველებიც და უბრალო გამვლელებიც.“

ჯონ კერი ამბობს, რომ ერაყში მსოფლიომ იხილა სირიაში დაფუძნებული ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს „ველურობა და დაუჯერებელი სისასტიკე“.

„შიიტი მუსლიმების მასობრივი მკვლელობა, ქალაქ მოსულში ქრისტიანების ისლამზე ძალადობრივი გადაყვანა, გაუპატიურება და სიკვდილით დასჯა, ქალების და ბავშვების ცოცხალ ფარად გამოყენება. ეს ბარბაროსული ქმედებები ხაზს უსვამს ამ საკითხის დიდ მნიშვნელობას.“

„ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი სარა მარგონი ამბობს, რომ კონფესიათა შორის დაძაბულობა ერაყის უშიშროების ძალებმა გააღვივა, რაც ვაშინგტონს უძნელებს იმ მთავრობის დახმარებას, რომელსაც სუნიტებისგან და ქურთებისგან მხოლოდ უმნიშვნელო მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ გულდასმით ვაკვირდებით პოლიტიკურ სიტუაციას, მაგრამ ერაყში თუ განსხვავებული პოლიტიკური დინამიკა არ შეიქმნა, ძალიან ვშიშობ, რომ ამ ქვეყნის უშიშროების ძალები ისეთ ერაყს დაიცავენ, რომელიც ყველა ერაყელისთვის ღია და ჩართულობის მაღალი ხარისხის მქონე არ იქნება.“

ანგარიშის თანახმად, გრძელდება მუსლიმთა წინააღმდეგ ძალადობა ბირმაში. კერი ამბობს, რომ ეს ძალადობა „ოჯახებს საცხოვრებელი ადგილიდან წასვლას აიძულებს და მთელ უბნებს აცარიელებს.“

„ბირმაში, შეტაკებების გამო, ათასობით როჰინგია მუსლიმი იძულებით გადაადგილდა. ათიათასობით პირი კი გაღატაკებულ ბანაკებში, სათანადო სამედიცინო მომსახურების გარეშე ცხოვრობს.“

კერი ამბობს, რომ რუსეთში ვლადიმირ პუტინის მთავრობა სისტემატურად ასუსტებს რელიგიურ თავისუფლებებს.

„რუსეთში, მთავრობამ მიიღო ერთმანეთზე უფრო დამსჯელი კანონების სერია, რაც, როგორც თვითონ ამბობს, მიმართულია ე.წ. „ექსტრემიზმის“ წინააღმდეგ და მორწმუნეების წინააღმდეგ განხორციელებული უხეში ზომების გასამართლებლად გამოიყენება.“

კერი ამბობს, რომ მთელი მსოფლიოს რეპრესიული მთავრობები და ექსტრემისტული ჯგუფები აშკარად გამოხატავენ, თუ რის წინააღმდეგ არიან. სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებულმა შტატებმაც ასევე ნათლად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია.

„ჩვენ ხალხს ქედმაღლურად არ ვეუბნებით, რა უნდა სწამდეს. არ ვეუბნებით, ყოველდღიურად როგორ იცხოვროს. ჩვენ ვითხოვთ ისეთ საყოველთაო ღირებულებას, როგორიც შემწყნარებლობაა, რომ ადამიანს პატივი სცენ მისი ინდივიდუალურობისა და არჩევანის გამო.“

„ჰიუმან რაიტს უოჩის" თანამშრომლის სარა მარგონის აზრით, ეს გზავნილი ვაშინგტონის მიერ ხანდახან არათანაბრად გამოიყენება.

„ეს გონივრული განვითარების და უსაფრთხოების ნაწილია. შეერთებული შტატები დროდადრო, ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, ამ გზავნილს აჟღერებს, ხანდახან კი ის შეუმჩნეველი რჩება.“

რელიგიური თავისუფლებების წლევანდელ ანგარიშში, კონკრეტული შეშფოთების მიზეზის მქონე ქვეყნების სიას დაამატეს თურქმენეთი, სადაც, როგორც ობამას ადმინისტრაცია ამბობს, მოქალაქეებს მათი რელიგიური მრწამსის გამო სცემენ და აწამებენ.

XS
SM
MD
LG