Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი რეზერვისტის თავდასხმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე


აარონ ალექსისი, რომელმაც სავარაუდოდ მოაწყო თავდასხმა აშშ-ის სამხედრო გემთმშენებელ ქარხანაში და12 ადამიანი მოკლა
აარონ ალექსისი, რომელმაც სავარაუდოდ მოაწყო თავდასხმა აშშ-ის სამხედრო გემთმშენებელ ქარხანაში და12 ადამიანი მოკლა
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი რეზერვისტი აღმოჩნდა ის, ვინც ორშაბათს ვაშინგტონთან ახლომდებარე სამხედრო ბაზაზე 12 კაცი მოკლა. აარონ ალექსისი, რომელმაც ხოცვა-ჟლეტა მოაწყო ვაშინგტონთან ახლომდებარე სამხედრო-საზღვაო გემთმშენებელი ქარხნის ოფისში, პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპა. 16 სექტემბრის სისხლიანი ტრაგედიის გამო აშშ-ის სახელმწიფო შენობებზე დაშვებულია დროშები, ვაშინგტონში კი რამდენიმე საჯარო ღონისძიება გადაიდო.

ორშაბათს აშშ-ის ერთ-ერთ უძველეს სამხედრო-საზღვაო დაწესებულებაზე მომხდარ სისხლიან თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა საზოგადოებას გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანაშემწემ ვალერი პარლავმა აუწყა:

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გარდაცვლილი თავდამსხმელი დღეს დილიდან იდენტიფიცირებულია როგორც ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ უერთის მცხოვრები, 34 წლის აარონ ალექსისი. გამოვაქვეყნეთ ბატონი ალექსისის სურათები ჩვენს ვებსაიტზე fbi.gov და ვთხოვეთ ყველას, ვისაც მასზე ცნობები მოეპოვება, დაგვიკავშირდნენ“.

პოლიცია ინციდენტის შემდეგ ასევე ეძებდა ორ შეიარაღებულ ეჭვმიტანილ პირს, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ალექსისი ერთადერთი თავდამსხმელია, რომელმაც მსხვერპლს ჯერ დერეფანში გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი კაფეტერიაში. მისი ქმედების მოტივი კი კვლავაც უცნობია. ალექსისი მუშაობდა ერთ-ერთ მოიჯარე ფირმა „ექსპერტში“, რომელიც დაკავებული იყო იმ აღჭურვილობის აღდგენით, რომელიც სამხედრო-საზღვაო ძალების ქვეითთა კორპუსის ინტერნეტის ქსელისათვის გამოიყენებოდა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ალექსისს ჰქონდა მოქმედი საშვები, რომლითაც მან ვაშინგტონის სამხედრო-საზღვაო ძალების გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე შეაღწია. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, ეჭვმიტანილი რიგითი, მესამე თანრიგის შტატიანი თანამშრომელი იყო და საზღვაო-ძალების რეზერვში 2007-დან 2011 წლამდე მსახურობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსისი ბუდისტური რელიგიის მიმდევარი იყო და ადრეც ჰქონია პოლიციასთან კონფლიქტი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.

17 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მწუხარება გამოთქვა „მორიგი სისხლისღვრის გამო“, რასაც ობამამ „მხდალი ქმედება“ უწოდა:

„ამ თავდასხმის სამიზნე იყო ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი. ესენი არიან მამაკაცები და ქალები, რომლებიც ჩვენი დაცვის საქმეს ემსახურებოდნენ და ემსახურებიან. ისინი პატრიოტები არიან და მათთვის ცნობილი იყო საზღვარგარეთ სამსახურთან დაკავშირებული საფრთხეები. მაგრამ დღეს ისინი იმ წარმოუდგენელი ძალადობის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელსაც აქ, შინ, არ მოელოდნენ“.

ბარაკ ობამას ბრძანებით, ფედერალური უწყების შენობებზე გლოვის ნიშნად პარასკევს სახელმწიფო დროშებს დაუშვებენ. თეთრმა სახლმა გადაწყვიტა ასევე გადაედო ორშაბათისათვის დაგეგმილი ლათინური მუსიკის ფესტივალის სადღესასწაულო გახსნის ცერემონია. მატჩი გააუქმა ვაშინგტონის პროფესიული ბეისბოლის გუნდმაც. სამხედრო-საზღვაო ძალების გემთმშენებელ ქარხანაში, რომელიც ვაშინგტონიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, 3 ათასი კაცია დასაქმებული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG