Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაძაბულობა მატულობს


ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ევგენი ბურიაკოვის სასამართლო პროცესი
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ევგენი ბურიაკოვის სასამართლო პროცესი

ორშაბათს ამერიკამ რუსეთის სამი მოქალაქე ჯაშუშობაში ამხილა. ჯაშუშობის ბრალდებას წინ უძღოდა შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მკაცრი კრიტიკა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

ბრალდებას რუსეთი უარყოფს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი საპასუხოდ ამერიკას ადანაშაულებს.

„რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა დიდი ხანია ცუდ ფაზაშია. ამერიკამ ანტი-რუსული კამპანიის ახალი რაუნდი წამოიწყო.“

შეერთებული შტატები და რუსეთი ჯაშუშობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, რასაც წინ უძღოდა უკრაინის აღმოსავლეთში მარიუპოლზე შეტევა და ათობით მსხვერპლი.

ქალაქზე თავდასხმამ დასავლეთის კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ რუსეთი სეპარატისტებს მხარს უჭერს და მათ შეიარაღებას აწვდის.

ურთიერთობა ვერ გაგრძელდება, როდესაც რუსეთი ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სისტემების წესებს და ამისგან სარგებელს ეძებს, როდესაც ის მეზობლის ტერიტორიებს ისაკუთრებს და ცდილობს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაიმორჩილოს.
ვიქტორია ნულანდი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა ამერიკა-რუსეთის თანამშრომლობა გაართულა.

„ურთიერთობა ვერ გაგრძელდება, როდესაც რუსეთი ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სისტემების წესებს და ამისგან სარგებელს ეძებს,როდესაც ის მეზობლის ტერიტორიებს ისაკუთრებს და ცდილობს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაიმორჩილოს,“ ნულანდმა ეს განცხადება ბრუკინგსის ინსტიტუტში გააკეთა.

რუსეთის საკითხების ანალიტიკოსი სტივენნ ბლენკი სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტიდან მიიჩნევს, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები უკრაინის კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე დაიძაბა.

„უკვე წლებია ვამბობ, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. ეს ჯერ კიდევ მანამდე, სანამ უკრაინის კრიზისი დაიწყებოდა ან სანამ ჯაშუშებს გამოავლენდნენ.“

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში ბლენკი ამბობს, რომ რუსეთი მეზობლების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას 2008 წლიდან ახორციელებს.

„ილუზიაა რომ პუტინთან ბიზნესის წარმოება შესაძლებელია, მაშინაც კი თუ ის უკრაინიდან გამოვა. მისი მთავრობა ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოების სისტემას იმისთვის რომ პუტინმა ძალა შეინარჩუნოს.“

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკრაინაში სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს ამბობს ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის რუსეთის კვლევების დირექტორი ლეონ არონი.

„პუტინს ამ ეტაპზე დამატებითი სანქციები არ აშინებს. თუ რუსულ პრესას გადახედავთ, მიხვდებით რომ მათი აზრით რუსეთმა უკვე გადალახა სენქციების, დიპლომატიური იზოლაციის და წნეხის დიდი ნაწილი, ახლა უკვე რუსეთი ყველაფერზე წამსვლელია.“

უკრაინის საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ ქვეყნები რამდენიმე თემაზე თანამშრომლობენ.

„არის საკითხები, რომლებზეც შეგვიძლია თანამშომლობის გაგრძელება, მაგალითად როგორიცაა მოლაპარაკებები ირანთან.“

ფსაკის თქმით უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე შეერთებულ შტატებს ღია პოზიცია აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად იმედოვნებს, რომ სხვა სფეროებში თანამშრმლობა გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG