Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში გაიმართა მიხეილ ჯანელიძის და ჯონ კერის შეხვედრა


მიხეილ ჯანელიძე და ჯონ კერი
მიხეილ ჯანელიძე და ჯონ კერი

ვაშინგტონში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის შეხვედრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აშშ-თან და ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ. ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ გაერთიანებულ და წარმატებულ საქართველოს გადამწყვეტი როლი ენიჭება კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევასაც, რომელიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ. ჯონ კერიმ საქართველოს მადლობა გადაუხადა წვლილისთვის, რომელიც შეაქვს ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისა და ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს სავარაუდოდ, ივნისში ეწვევა. „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მეგობარია და მინდა ქართველებს გარკვევით ვუთხრა, რომ მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის" - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

მასთან ერთად ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ხორციელდება ამბიციური რეფორმების პროგრამა როგორც დემოკრატიის, ასევე ეკონომიკის განვითარების კუთხით, რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენაა მიმართული. „ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შედეგების მიღწევას. ჩვენ განვაგრძობთ წარმატებულ თანამშრომლობას ბევრ სფეროში. ეს არის ნამდვილი მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მან სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით,საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია, მაგრამ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას კონფლიქტების მშვიდობიანად მოსაგვარებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველობის ყველა დონეზე საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც დღეს. „იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები კვლავ შეასრულებს რეგიონული ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული პროგრესისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საყრდენის როლს როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს მიღმა“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

XS
SM
MD
LG