Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


„ბრექსიტი“ რეფერენდუმიდან მოქმედებაში და ევროკავშირის სხვა თავსატეხი

გასულ კვირის უცხოეთის პრესაში დიდი ადგილი დაეთმო ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ოფიციალური პროცედურის დაწყებას და 30 მარტს ბრიუსელში გამართულ 2017 წლის ნატო-რუსეთის საბჭოს პირველ სხდომას, რომლის ყურადღების ცენტრში იყო კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში.

„ემზადება თუ არა რუსეთი იმისათვის, რომ ხელახლა დაიპყროს უკრაინა“ - ასეთი სათაური აქვს პუბლიკაციას ანალიტიკურ პორტალ „ატლანტიკ ქაუნსილში“. სტატიის ავტორია სტივენ ბლანკი, კვლევითი ორგანიზაცია ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედება ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციის საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ უკრაინისათვის, არამედ კავკასიის, ბელორუსიისა და ბალტიის ქვეყნებისთვისაც.

სტატიის ავტორის ასეთი ვარაუდი ემყარება რამდენიმე გარემოებას. პირველ ყოვლისა, ესაა რუსეთის მიერ 25 ახალი დივიზიონისა და 15 ბრიგადის ფორმირება, რის პარალელურადაც ფართომასშტაბიან სწავლებაში „კავკასია 2016“ ჩართული იყო ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები, შექმნილი იყო საველე ჰოსპიტლები, ადგილობრივი სამოქალაქო ადმინისტრაციები და, თქვენ წარმოიდგინეთ, საველ ბანკები, რათა ადგილზე გაეცათ ანაზღაურება ჯარისკაცებისათვის. ამის პარალელურად რუსეთმა შექმნა პირველი გვარდიული სატანკო არმია, მე-40 და მე-8 არმიები, რომლებიც უკრაინის საზღვართან განალაგა. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ რუსეთი ხანგრძლივი, გაჭიანურებული საომარი მოქმედებისათვის ემზადება, წერს სტივენ ბლანკი, რომელიც ნიშანდობლივად მიიჩნევს 2017 წლის დასაწყისში კონფლიქტის ესკალაციას აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 12-20 მარტის განმავლობაში მომხდარ 336 თავდასხმაში 9 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ავისმომასწავებლად მიაჩნია ავტორს ასევე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრის, დენის ვორონენკოს, მკვლელობა კიევში და ხარკოვში არსებული ტყვია-წამლისა და იარაღის საწყობის აფეთქება, რაც ანალიტიკოსს აფიქრებინებს, რომ უკრაინაში აღდგა რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორისტული აქტების პრაქტიკა.

29 მარტს ბრიტანეთმა ოფიციალურად აამოქმედა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისათვის შესაბამისი წერილის გადაცემით.

ამერიკულ „ვაშინგტონ პოსტს“ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის, განზრახვა, რადიკალურად გაწყვიტოს კავშირი ევროკავშირთან, ისეთი პოლიტიკოსის ხელწერად მიაჩნია, როგორიც დონალდ ტრამპია.

„პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, სერიოზული, გულწრფელი, ფრთხილი და პროზაული პოლიტიკოსი, ტრამპის ანტიპოდია. მაგრამ რეფერენდუმით მინიჭებული მისი მანდატი, რომელსაც ტერეზა მეი ბუკვალური ინტერპრეტაციით კიდევ უფრო აწრთობს, გაუზავებელ პოპულიზმად იქცა. ბრიტანეთი აპირებს აღადგინოს კონტროლი თავის საზღვრებზე მეტწილად იმისათვის, რომ შეზღუდოს უცხოელები. ბრიტანეთი დატოვებს ევროპის ერთიან ბაზარს, რომელიც გლობალიზაციის ყველაზე წარმატებულ და სერიოზულ ექსპერიმენტს წარმოადგენს“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე წერს იტალიური გამოცემა „ლა სტამპე“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე დიდ კრიზისს წინასწარმეტყველებს.

„ევროპის კავშირიდან გასვლა ბრიტანეთისათვის - ეს არის ნაბიჯი უფსკრულისკენ, დამცავი ბადის გარეშე, და ამ ეპოპეიდან ვერც ევროპა გამოვა გამარჯვებული. ევროკავშირის რეფორმების წარუმატებლობა, ეკონომიკური დეგრადაცია ბლოკის ისეთ წევრ ქვეყნებში, როგორიც საბერძნეთია, და მიგრანტთა პოლიტიკის ფიასკო - ესაა ძირითადი მიზეზები, რის გამოც ბრიტანეთის მოსახლეობამ უარი თქვა ევროკავშირზე. ბრიტანეთის გარეშე კი ევროკავშირისათვის კიდევ უფრო რთული იქნება შექმნას ისეთი ეკონომიკური ბლოკი, რომელიც შეძლებს კონკურენცია გაუწიოს აშშ-სა და ჩინეთს“, - წერს იტალიური „ლა სტამპე“.

სხვაგვარად ფიქრობს ბრიტანული „დეილი მეილი“. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ ლონდონს უფრო უკეთესი კოზირები აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ დანარჩენ ქვეყანას, რომლებიც „ბრექსიტის“ შესახებ მოლაპარაკებებით უფრო მეტს დაკარგავენ, ვიდრე დიდი ბრიტანეთი.

„ფაქტია, რომ ჩვენი პარტნიორები - განსაკუთრებით, გერმანია - უფრო მეტ საქონელს ყიდულობენ ჩვენგან, ვიდრე ჩვენ ვყიდულობთ მათგან. ასე რომ, მათ ჩვენ უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ - ისინი. ცხადია, რა სურვილიც უნდა ამოძრავებდეს აურაცხელ ევროკრატიას, სიგიჟე იქნებოდა 27 ქვეყნის დემოკრატი ლიდერების მხრიდან, რომ მომგებიან ბაზარზე ბარიერების აღმართვით საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ თავიანთი ამომრჩევლების სამუშაო ადგილებიო,“ - წერს ბრიტანული „დეილი მეილი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG