Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ავტორი: ნოდარ ფხალაძე

გასული კვირის უცხოეთის პრესა ბევრს წერდა ესპანეთში, 17 და 18 აგვისტოს მომხდარ ტერორისტულ აქტებზე. ხუთშაბათს ბარსელონის ტურისტულ რაიონში, ლას რამბლასში, მომხდარ ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა. ცნობილია ასევე, რომ პარასკევს, 18 აგვისტოს, დილით, ესპანეთის სამართალდამცავებმა ხუთი ტერორიზმში ეჭვმიტანილი მოკლეს ქალაქ კამბრილსში. მოგვიანებით, 18 აგვისტოს მიღებული ტრავმების შედეგად, გარდაიცვალა ქალი, რომელიც კამბრილსის ინციდენტის დროს დაშავდა.

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელმაც თავისი რესურსებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები მათი ორგანიზაციის წევრები იყვნენ.

„ესპანეთის პოლიციის ცნობით, ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დრის ელ-უკაბირია (Driss el-Ouakabir). მან იქირავა ის მიკროავტობუსი, რომელიც ტერაქტის დროს იყო გამოყენებული“, - წერს ესპანური ახალი ამბების სააგენტო „ეფე“. სააგენტოს მიხედვით, ამ ინციდენტის მსხვერპლთა შორის არიან ადამიანები ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, კუბიდან, ამერიკიდან, კანადიდან,თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

„კატალან ნიუსის“ ინფორმაციით, ამ ტრაგედიას გამოეხმაურნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ტვიტერის“ მეშვეობით მიმართა ესპანეთის მოსახლეობას: „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ბარსელონაში, ესპანეთში, მომხდარ ტერორისტულ აქტს და ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს დასახმარებლად. ძლიერად და მტკიცედ იყავით, ჩვენ გვიყვარხართ!“

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, საჯაროდ დაგმეს ბარსელონაში ტერორისტების მიერ განხორციელებული „ლაჩრული“ აქტი და მთელ ევროპას მასზე რეაგირებისაკენ მოუწოდეს.“ჩვენ ვიზიარებთ ბარსელონაში მომხდარი ამაზრზენი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახების ღრმა მწუხარებას. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ესპანეთის მოსახლეობას სოლიდარობითა და მეგობრობით“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

დიდი რეზონანსი ჰქონდა გასულ კვირაში აშშ-ში მომხდარ ძალადობას.

12 აგვისტოს ქალაქ შარლოტსვილში ავტომობილის მძღოლი დაეჯახა რასიზმისა და ნეონაციზმის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 19 ადამიანი და დაიღუპა ერთი ქალი, ჰიზერ ჰეიერი. ინციდენტამდე შარლოტსვილში გაიმართა თეთრკანიანი „სუპრემასისტების“, ანუ თეთრკანიანების აღმატებულობის იდეის მომხრეებისა, და ნეონაცისტების აქცია. ისინი პროტესტს აცხადებდნენ ამერიკის კონფედერატი გენერლის, რობერტ ლის, ქანდაკების აღების გამო. აქციის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ზემოხსენებული აქციის მონაწილენი ძეგლის აღების მომხრეებს. ტრაგედიის საპასუხოდ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საშუალებით ამერიკელებს ერთიანობისაკენ მოუწოდა და მიუსამძიმრა ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს, თუმცა ეს გამოხმაურება არასაკმარისად მიიჩნიეს როგორც ამერიკელმა დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა: მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაში არ იგრძნობოდა რასიზმისა და პოპულიზმის მომხრეთა დაგმობა. ორი დღის შემდეგ, 14 აგვისტოს, ტრამპმა გააკეთა უფრო ნათელი განცხადება და კონკრეტულად მიმართა და დაგმო რასიზმისა და თეთრკანიანების აღმატებულობის იდეის მომხრეები, თუმცა კიდევ ერთი დღის შემდეგ, 15 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ „ორივე მხარეს“ დასდო ბრალი ძალადობაში, რის შედეგადაც ბევრ ამერიკელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ დონალდ ტრამპი ულტრამემარჯვენეების მომხრე იყო. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ გენერალ რობერტ ლის ძეგლის აღება იყო ამერიკის კულტურისა და ისტორიის შეცვლის მცდელობა, იუწყება ამერიკული ელექტრონული გაზეთი, „ნიუ-იორკ ტაიმსი“. „სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ იგლიჯება ჩვენი ძლიერი ქვეყნის ისტორია და კულტურა ამ ლამაზი ქანდაკებებისა და ძეგლების აღებით“,- დაწერა ტრამპმა „ტვიტერის გვერდზე“, - წერს „ნიუ-იორკ ტაიმსი“.

როგორც გაირკვა, იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპი უპირისპირდება რობერტ ლისა და სთოუნვოლ ჯექსონის ძეგლების აღებას, მათი შთამომავლები საპირისპიროს ითხოვენ. სთოუნვოლ ჯექსონის შვილთაშვილებმა ღია წერილი გაუგზავნეს რიჩმონდის მერს თხოვნით, აიღონ მათი წინაპრის ძეგლი, გადმოსცემს ბრიტანული კოპრპორაცი „ბი-ბი-სი“. „ჯეკ და უორენ კრისტიანმა, პრეზიდენტ ჯექსონის შთამომავლებმა, თქვეს, რომ მათი წინაპრისა და სხვა კონფედერატების ქანდაკებების მოშორებით უფრო ადვილი გახდება რასობრივ თანასწორობაზე საუბარი. ‘ჩვენ არ გვრცხვენია ჩვენი დიდი წინაპრის. ჩვენ გვრცხვენია, რომ თეთრი კანის გამო ვიყოთ გამორჩეულნი, მაშინ როდესაც ჩვენი ოჯახის შავკანიანი წევრები და მეგობრები იტანჯებიან. ჩვენ გვრცხვენია ამ მოძრაობის’", - განაცხადა წყვილმა, რომლის სიტყვებიც "ბი-ბი-სის" მოჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG