Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვადო პატიმრები მათი საქმეების გადახედვას მოითხოვენ


70-მდე უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმარი, მათი საქმეების გადახედვის მოთხოვნით, მეორე დღეა შიმშილობს. ისინი აცხადებენ, რომ სასამართლომ მათ საქმეებზე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. როგორც იურისტები ამბობენ, ამ ეტაპზე საქმის გადასინჯვის ერთადერთი საფუძველი არის ახლად გამოვლენილი გარემოება, რადგან სხვა საფუძველს საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობა არ ცნობს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ”მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისია”, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით იქმნება, სწორედ ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე გადახედავს საქმეებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ საქმეებს შორის უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირების საქმეებიც მოხვდეს.

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამუდამო პატიმრობამისჯილმა 70-მდე პატიმარმა შიმშილობა 15 აპრილს დაიწყო. როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, პატიმრები საქმეების გადახედვას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ მიმართ როგორც გამოძიება, ისე სასამართლო გადაწყვეტილება უსამართლო იყო. სოზარ სუბარის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მათ საქმეებში მართლაც არსებობდეს ხარვეზები, თუმცა საუბარი იმაზე, რომ არც ერთ მათგანს დანაშაული არ ჩაუდენია, უმართებულო იქნებოდა:

”შესაძლებელია, რომ ზოგიერთი საქმე აგდახედვასაც ექვემდებარებოდეს. ეს უკვე პროკურატურის და შემდგომ სასამართლოს პრეროგატივაა. კარგად ვიცით, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში მართლმსაჯულება პრაქტიკულად არ არსებობდა. ასე რომ, ხარვეზები შეიძლება მართლაც არსებობდეს, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ არც ერთ მათგანს არ ჩაუდენია დანაშაული, ალბათ, არასერიოზული იქნება”.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სასჯელს 92 უვადო პატიმარი დახურული ტიპის დაწესებულებებში იხდის. შეგახსენებთ, რომ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილმა პატიმრებმა შიმშილობა საქმეების გადახედვის მოთხოვნით დაიწყეს, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნინო გობრონიძე ამბობს, რომ საქმის გადასინჯვის ერთადერთი საფუძველი არის ახლად გამოვლენილი გარემოება და საქმის გადახედვის სხვა საფუძველს ამ ეტაპზე საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს. მისივე თქმით, აღნიშნული წესი ვრცელდება როგორც უვადო, ისე სხვა პატიმრებზე. რაც შეეხება უვადო პატიმრების შეწყალების წესს, შეწყალების მარეგულირებელ აქტში წერია, რომ შეწყალების შესახებ შუამდგომლობის განხილვის პროცედურა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი სასჯელის 25 წელს მოიხდის. თუმცა, ნინო გობრონიძის თქმით, კანონმდებლობა შეწყალების შესახებ, რომელიც ყველა პატიმარზე და, მათ შორის, უვადო პატიმრებზეც ვრცელდება, ითვალისწინებს კიდევ ერთ გარემოებას:
თუკი მსჯავრდებულს აღმოაჩნდება ერთ-ერთი ასეთი მძიმე დაავადება, შეუძლია მიმართოს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ კომისიას, რომელიც განიხილავს მსჯავრდებულის გათავისუფლების საკითხს...
ნინო გობრონიძე

”პრეზიდენტს განსაკუთრებულ შემთხვევაში შეუძლია განიხილოს შუამდგომლობა, მიუხედავად იმისა, პირს მოხდილი ექნება საჭირო რაოდენობა წლებისა თუ არა”.

გარდა შეწყალებისა, ნინო გობრონიძის თქმით, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი შესაძლოა სასჯელისგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც გათავისუფლდეს:

”არის დადგენილი ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს დაავადებების ჩამონათვალს და იმ შემთხვევაში, თუკი მსჯავრდებულს აღმოაჩნდება ერთ-ერთი ასეთი მძიმე დაავადება, შეუძლია მიმართოს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ კომისიას, რომელიც განიხილავს მსჯავრდებულის გათავისუფლების საკითხს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო”.

ახლად გამოვლენილი გარემოებები იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა დროებითმა სახელმწიფო კომისიამ, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზების შესასწავლად უახლოეს მომავალში შეიქმნება, განიხილოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება 2004 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში. სანდრო ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ თუკი უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის საჩივარი იქნება დასაბუთებული, კომისია მათ საქმეებს გადახედავს:

”კომისია შეისწავლის და თუ დაადგენს ხარვეზს, გადაუგზავნის შემდეგ უკვე სასამართლოს, რათა გადასინჯულ იქნეს ძალაში შესული განაჩენი”.
სამართლიანი სასამართლო, შეიძლება ითქვას, არ არსებობდა ქვეყანაში და სასამართლოები 99.8 %-ით ადასტურებდნენ იმას, რასაც პროკურორი ითხოვდა...
სანდრო ბარამიძე

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი მოუწოდებს მოშიმშილე პატიმრებს დაელოდონ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნას და ასე გააგრძელონ ბრძოლა თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად. რაც შეეხება კომისიის შექმნის სავარაუდო თარიღს, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დაახლოებით თვე-ნახევარში შევა.

უნდა ითქვას ისიც, რომ თუკი 2007 წლამდე საქართველოში 25 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი იხდიდა სასჯელს, 2013 წლისთვის მათი რიცხვი 92-მდე გაიზარდა. სანდრო ბარამიძის თქმით, უვადო პატიმართა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა წინა ხელისუფლების მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის - ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის - შედეგია:

”სანქციები გამკაცრდა პრაქტიკულად ყველა სისხლის სამართლის დანაშაულზე. ამას დაუმატეთ ისიც, რომ სამართლიანი სასამართლო, შეიძლება ითქვას, არ არსებობდა ქვეყანაში და სასამართლოები 99.8 %-ით ადასტურებდნენ იმას, რასაც პროკურორი ითხოვდა. ამ ყველაფრის შედეგია ეს მდგომარეობაც”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა 1997 წლის 1 თებერვლიდან დაკანონდა. მანამდე სასჯელის უმაღლეს ზომას დახვრეტა წარმოადგენდა. სასიკვდილო განაჩენი საქართველოს სასამართლომ ბოლოს 1995 წლის პირველ მარტს გამოიტანა.
XS
SM
MD
LG