Accessibility links

მარია გაბრიელი: უვიზო მიმოსვლამდე „რამდენიმე კვირა“ რჩება


ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოსა და უკრაინისათვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე მარია გაბრიელი ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეები წელს მარტიდან შეძლებენ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას. ეს ვარაუდი მან გამოთქვა ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან, რიკარდ იოზვიაკთან, 12 იანვარს საუბრისას.

ჩვენი კორესპონდენტი ევროპარლამენტის ბულგარელ დეპუტატს, მარია გაბრიელს, მას შემდეგ ესაუბრა, რაც ევროპარლამენტის კომიტეტში საქართველოსათვის სასიხარულო შედეგით დასრულდა კენჭისყრა: სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლას. სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა კომიტეტის 42-მა წევრმა 2-ის წინააღმდეგ, ერთმა კი თავი შეიკავა.

ჩვენს კორესპონდენტთან საუბრისას მარია გაბრიელს არ დაუმალავს, რომ ძალიან გაახარა კენჭისყრის ამ შედეგმა: „პირველ ყოვლისა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ევროპარლამენტში მტკიცედ დავუჭირეთ მხარი ევროკავშირის საბჭოში მიღწეულ შეთანხმებას და ყველამ დავაფასეთ საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მიერ გაწეული ძალისხმევა. ძალიან მიხარია, რომ წვლილი შევიტანეთ ევროკავშირთან საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ სამეზობლოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, დაახლოების პროცესში“, - ამბობს ევროპარლამენტის წევრი.

გაბრიელმა შემდეგ ნაბიჯად დაასახელა საქართველოს საკითხის განხილვა თებერვალში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„და რაკი ახლა ევროკავშირის საბჭოსგან მივიღეთ დასტური, რომ დოკუმენტის ამოქმედება ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნებიდან, ოცი დღის ნაცვლად, სამ დღეშია შესაძლებელი, ეს ნიშნავს, საბჭოსა და პარლამენტს შესაძლებლობა მიეცემათ საქართველოს საკითხზე შეთანხმებას მარტის პირველ კვირაშივე მოაწერონ ხელი“, - ამბობს მარია გაბრიელი და დაასკვნის: „ახლა სულ რამდენიმე კვირის საკითხია და ქართველები უვიზოდ შეძლებენ ევროკავშირში მოგზაურობას. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნებისთანავე საქართველოს მოქალაქეებისთვის რეალობად იქცევა უვიზო მოგზაურობა. ისინი ამას იმსახურებენ და მართლაც დადგა დრო, სიტყვა საქმედ ვაქციოთ“.

როგორც მარია გაბრიელი ამბობს, მისი სურვილია საქართველოსათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა წელს მარტიდან ამოქმედდეს.

მარია გაბრიელი, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოსა და უკრაინისათვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელია. ამიტომ ჩვენმა კორესპონდენტმა მას უკრაინაზეც ჰკითხა: კერძოდ, როდის შეიძლება ველოდეთ უკრაინისათვის ისეთსავე კენჭისყრას, როგორიც დღეს საქართველოსთვის მოეწყო?

„ეს კიდევ ერთი ბრძოლაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან ჩვენ ჯერ მივაღწიეთ შეთანხმებას ეგრეთ წოდებული „შეჩერების მექანიზმის“ თაობაზე. ამ საკითხზე კენჭისყრა საქართველოს საკითხთან ერთად უნდა გაიმართოს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თებერვალში. ჩემი მიზანია, მალევე დავიწყოთ ტრიალოგი უკრაინის მონაწილეობით. ვაპირებთ გავაგრძელოთ ზეწოლა ევროკავშირის საბჭოზე იმ მიზნით, რომ პირველი ტრიალოგი აპრილში კი არა, თებერვალშივე შედგეს“, - ამბობს მარია გაბრიელი, რომელიც უკრაინისათვის სავიზო ლიბერალიზაციას საქართველოს შემდეგ, დაახლოებით, ერთ თვეში, აპრილ-მაისისათვის მოელის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG