Accessibility links

ვენეციის კომისიის გასათვალისწინებელი რეკომენდაციები


ვენეციის კომისიის ლოგო

„კონსტიტუციური ცვლილება სწორ გზაზეა, მაგრამ პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველსაყოფად საჭიროა ცვლილებები“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის პირველ განცხადებაში, რომელიც ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო ექსპერტებმა (ვენეციის კომისია) საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კომისიის 111-ე პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნეს. განცხადების სრული ტექსტი 19 ივნისს გამოქვეყნდება. მანამდე ვენეციის კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, კონსტიტუციის პროექტში გადახედოს პარლამენტის ფორმირების წესებს, რათა გაიზარდოს პლურალიზმი.

როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ პარლამენტის ყველა წევრის პროპორციული სისტემით არჩევა მისასალმებელი ცვლილებაა, ვინაიდან არსებული შერეული სისტემა მმართველ პარტიას პარლამენტში სრულ უმრავლესობას აძლევდა, მაგრამ ვენეციის კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ „ეს დადებითი წინგადადგმული ნაბიჯი ამ ეტაპზე ნაწილობრივ შეზღუდულია სამი მექანიზმით: 5 %-იანი ბარიერის წესი საპარლამენტო არჩევნებზე, 5 %-იანი ბარიერის ქვემოთ გაუნაწილებელი ხმების გამარჯვებულ პარტიაზე გადანაწილება და საარჩევნო კოალიციების (პარტიული ბლოკების) გაუქმება. მიუხედავად იმისა, რომ 5 %-იანი ბარიერი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ერთად აღებული, ეს ამცირებს პატარა პარტიების პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადების ტექსტში, რომელიც 16 ივნისს გამოქვეყნდა.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, გიორგი ვოლსკი ეუბნება ჟურნალისტებს, უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვისას ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გადახედავს:

„ გადავხედავთ. მე მგონი, პრინციპული პოზიცია, რომელზეც საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ეს არის ის, თუ როგორ ყალიბდება პროპორციული არჩევნების სისტემა, რას ნიშნავს ბონუსი და მეორე საკითხი, თუ როდის უნდა შემოვიდეს ეს სისტემა ძალაში ისე, რომ არ დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესები,- ეს არის მთავარი საკითხი რაზედაც გვექნება კონსულტაციები“.

საპარლამენტო მმართეელობის ხიბლი არის იმაში, რომ ის იძლევა კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების საშუალებას და თუ ამ საშუალებას თავიდანვე შევზღუდავთ, მაშინნ არ აზრი აქვს საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას, უბრალოდ არ მესმის. მათ სჭირდებათ ზუსტად იმდენი მანდატი...
ვახტანგ ძაბირაძე

საარჩევნო სისტემა და გადაუნაწილებელი მანდატების საკითხი საკვანძოა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობისას. სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღო საკონსტიტუციო კომისიამ გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და ე.წ. ბონუს სისტემისთვის ზედა ზღვარი დააწესა. უფრო ზუსტად კი, გადაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, გამარჯვებული პარტია 89 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს. გარდა ზედა ზღვარისა, წესდება კიდევ ორი ზღვარი. პირველი, ეს არის ფარდობითი ზღვარი - პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსად ვერ აიღებს თავის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35 %-ზე მეტს, დანარჩენი გადაუნაწილებელი მანდატები კი პროპორციულად გადანაწილდება. და მეორე, ქვედა ზღვარი: თუკი პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსით ვერ აგროვებს უბრალო უმრავლესობას, ანუ 75 მანდატზე მეტს, ის ბონუსს ვერ მიიღებს და გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.

როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ვენეციის კომისიამ თავის განცხადებაში განმარტა, რომ თუ იქნება ბონუს სისტემა, 5 %-იანი ბარიერი და, ამასთანავე, გაუქმდება ბლოკები, ეს ერთობლიობაში ქმნის არასამართლიან გარემოს და უპირატესობას აძლევს ხელისუფლებას. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, უმრავლესობა ახლა ცდილობს ისეთი საარჩევნო მექანიზმების ჩადებას კონსტიტუციაში, რომელიც პარლამენტს საშუალებას მისცემს ერთპარტიულად დააკომპლექტოს მთავრობა, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან წინააღმდეგობაშია.

„საპარლამენტო მმართეელობის ხიბლი არის იმაში, რომ ის იძლევა კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბების საშუალებას და თუ ამ საშუალებას თავიდანვე შევზღუდავთ, მაშინნ არ აზრი აქვს საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას, უბრალოდ არ მესმის. მათ სჭირდებათ ზუსტად იმდენი მანდატი, რამდენიც სჭირდება მთავრობის დაკომპლექტებას, აი, ეს არის პრობლემა. თუ საუბარია სამართლიან გადანაწილებაზე, უნდა მოხდეს პროპორციული სისტემის გადანაწილება პროპორციულად, ვინც გადალახავს 5 %-იან ბარიერს“.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ვენეციის კომისიის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია აისახოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში. ამასვე აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი:

„გზავნილი სრულიად ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო სისტემაა და ამ სისტემასთან მიმართებით საკმაოდ მკაფიო გზავნილებია, რომ ეს არის უსამართლო სისტემა, ბონუსები არის უსამართლო და ის უნდა შეიცვალოს“.

საარჩევნო სისტემის კონტექსტში ვენეციის კომისიის განცხადებაში საუბარია ასევე პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის წესზე და ნათქვამია, რომ არაპირდაპირი საარჩევნო სისტემის დანერგვა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. კომისია მიესალმება, რომ ახალი სისტემა არ იქნება გამოყენებული მომავალი წლის არჩევნებში და მხოლოდ 2023 წლიდან ამოქმედდება, თუმცა ვენეციის კომისია იძლევა შენიშვნას, რომ კანდიდატი მუდმივად და ექსკლუზიურად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არ უნდა იყოს წარდგენილი.

ვენეციის კომისია ლაპარაკობს, ასევე, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და აღნიშნავს, რომ ცვლილებების პროექტში "ქალსა და მამაკაცს შორის კავშირის", ქორწინების, განსაზღვრა არ უნდა განიმარტოს როგორც ერთი სქესისი მქონე პირთა სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვა. ვენეციის კომისიის მოსაზრებების სრული ტექსტი გამოქვეყნდება ვენეციის კომისიის ვებგვერდზე 19 ივნისს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG