Accessibility links

ტურისტებით სავსე ვენეცია და უკმაყოფილო ადგილობრივები


ვენეცია

ვენეციას, რომელიც ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 კუნძულზეა გაშენებული, წლის განმავლობაში მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ქალაქში ხიდს, პატარა ქუჩას თუ ხავსმოკიდებულ სახლს ხელოვნების ნიმუშად აღიქვამს დამთვალიერებელი.

ელინა ვალაიტე პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. პეგი გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სტაჟირებაზე ორი თვე გაატარა. ვენეციაში ცხოვრების გამოცდილებას ახლა ჩვენც გაგვიზიარებს და, ვფიქრობთ, საინტერესო რჩევებსაც მოგვცემს.

როგორც ელინა ამბობს, ვენეციაში ჩასვლამდე ტურისტი თვითმფრინავიდანვე ექცევა შთაბეჭდილებების ქვეშ:

„რა თქმა უნდა, კულტურული შოკია. მაინც რენესანსის ქალაქია და ნებისმიერი შენობა შეიძლება მსოფლიოს შედევრად ჩაითვალოს. მე ზაფხულში მოვხვდი ვენეციაში. სიმართლე გითხრათ, ზაფხული - როგორც კარგი, ისე ცუდი - ყველაზე კარგია. უკეთესია მაინც ივნისის დასაწყისი. ამ პერიოდში ქალაქში წყლის დონე მატულობს. აგვისტოში ძალიან ცხელა, თუმცა ნაკლები ტურისტია და ამ მხრივ კომფორტულია. პირველი, რასაც გირჩევთ, კომფორტული ფეხსაცმელია. ვენეცია საფეხმავლო ქალაქია და აუცილებლად კომფორტული ფეხსაცმელი დაგჭირდებათ. ღამით ქალაქში დაბალი შუქია, ამ მხრივ შეიძლება დისკომფორტი შეგექმნათ“.

კომფორტულ ფეხსაცმელთან ერთად აუცილებელია თან რუკაც გქონდეთ - ეს იქნება ბეჭდური ვერსია თუ აპლიკაციის სახით (offline Map). სანამ მუზეუმების დათვალიერებას გადაწყვეტთ, უმჯობესი იქნება ბილეთები წინასწარ შეიძინოთ. ტურისტების რაოდენობიდან გამომდინარე, რიგები მუზეუმებთან კილომეტრსაც აღწევს. ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, მუზეუმში შესასვლელი ბილეთი საშუალოდ 15 ევროდან იწყება:

"ვენეციის მუნიციპალიტეტს ტურისტებზე აქვს მორგებული თითქმის ყველა პროგრამა. ორი ევროთი მეტს თუ გადაიხდით, ურიგოდაც შეხვალთ სან მარკოს ან სხვა ტაძარში, სადაც, როგორც წესი, გრძელი რიგებია და 4-5 საათი გიწევთ მზის ქვეშ დგომა. მოქმედებს 50 % ფასდაკლება სტუდენტებზე. მოგეხსენებათ, ქალაქში ავტომობილები არ დადის, ამიტომ ერთი კუნძულიდან მეორე კუნძულზე ვაპორეტოთი შეძლებთ გადასვლას“.

საქართველოში შექმნილი აზრი, თითქოსდა იტალიელები ტემპერამენტით, სტუმართმოყვარეობით ჰგვანან ქართველებს, ვენეციელებზე არ ვრცელდება, ან, პირიქით, თავისი კონსერვატიულობით ვენეციელებთან უფრო ახლოს არიან ქართველები.

“სიმართლე გითხრათ, ტურისტებს დიდად არ სწყალობენ. პირადად მე ორი თვე ვცხოვრობდი ვენეციაში და ერთი თვის მერე უკვე ჩემთან წუწუნებდნენ ადგილობრივები იმაზე, თუ როგორ წუხდებიან ტურისტებით. საინტერესო ფაქტი კიდევ ის არის, რომ სან მარკოს მოედანზე ერთი სვეტია, რომელზეც მინაწერია: „ეს არის უძველესი სვეტი და არა სანაგვე”. მესმის, ფიზიკურად შეუძლებელია ყველაფრის რეგულირება. თან იმასაც ამბობენ, რომ ტურისტების გაფუჭებულია ვენეცია, ყველაფერი მათზეა მორგებულიო. იტალიელებისთვის რესტორანში სიარულის კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია, ვენეციაში კი, სადაც უამრავი ტურისტია, გახსნილია ეგრეთ წოდებული “take away”, სამზარეულო, რასაც ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. მახსოვს, სტატიაც იყო დაწერილი ერთ-ერთ ჟურნალში ამ თემაზე”.

ღამის ცხოვრება ვენეციაში მშვიდია. ღამით ქუჩის განათება დაბალია და ეს ტურისტს ქალაქის დათვალიერებაში ხელს უშლის. ვენეციას რამდენიმე პატარა კუნძულიც ეკუთვნის. ელინა გვირჩევს, რომ თუ დრო გვექნა, ეს კუნძულებიც დავათვალიეროთ.

კარგი იქნება, თუ, სასტუმროში დაბინავების ნაცვლად, ადგილობრივი მცხოვრებლისგან იქირავებთ სახლს. ამით საგრძნობლად დაზოგავთ ფინანსებს. კვება რესტორანში ძვირი დაგიჯდებათ. შეკვეთილი კერძის გარდა, დამატებით ერთ სულზე 3 ევროს გადახდა მოგიწევთ.

„ვენეციას სხვადასხვა კუნძულები ეკუთვნის. ამათგან ყველაზე გამორჩეული მურანო და ბურანოა. მურანოში მზადდება ცნობილი იტალიური მინა, თუმცა ამ კუნძულზე ტურისტს ვერ ნახავთ. ბურანოში, პირიქით, ფერადი სახლები იზიდავს დამთვალიერებლებს. ვენეციის აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც ბიენალეს და ტრიენალეს პარკებია, საკმაოდ საინტერესოა. უბანი სანტ ელენა განსხვავდება მთლიანი ვენეციისგან - გაცილებით მწვანეა. ამასთან, აქ ბევრ ადგილობრივსაც ნახავთ. სანტ ელენას უბანი ძალიან მშვიდია, ბევრი თანამედროვე შენობით. რა თქმა უნდა, კასტელოს გამოვყოფდი. ვენეციის ჩრდილოეთის კედელი ძალიან საინტერესოა. იქ თუ მოხვდებით, ვენეციის სასაფლაოსაც დაინახავთ. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ვენეციაში გონდოლით შეგიძლიათ გაისეირნოთ, რაც ძვირი სიამოვნებაა.100 ევრო დაგიჯდებათ გონდოლით გასეირნება“.

საბოლოო ჯამში, საკმაოდ საინტერესოა ვენეცია და ყველას ვურჩევ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ესტუმროს ამ ქალაქს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG