Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსის სამიტი: ევროპისკენ მხოლოდ სწრაფვა?


ევროპის კავშირის ვილნიუსის სამიტი ნოემბრის ბოლოს გაიმართება. ლიტვის დედაქალაქში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან, გეგმით, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს. მან უნდა განსაზღვროს ამ ექვსი პარტნიორის, რომელთა შორის საქართველოცაა, სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში. სამიტის დეკლარაციის პროექტი ჩვენმა კორესპონდენტმა ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკმა იხილა.

საქართველოს შესახებ კონკრეტული პასაჟი პროექტში ეხება სეპარატისტული რეგიონების პრობლემას. „მონაწილეები ხაზს უსვამენ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მანდატის განხორციელებისა და მისი შემდგომი განმტკიცების საჭიროებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კვლავ ადასტურებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისადმი თავიანთ მხარდაჭერას “, წერია დოკუმენტში, რომლის თაობაზეც რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ მასში ყველაზე სადავო პასაჟი ისაა, სადაც ამ ქვეყნების სტატუსი განისაზღვრება ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობაში. პროექტის თანახმად, ევროინტეგრაცია ევროპისკენ მხოლოდ სწრაფვას წარმოადგენს. ასეთია სტატუსი ექვსი პარტნიორი სახელმწიფოსი. პროექტის მიხედვით, სამიტი აღიარებს თითოეული წევრი ქვეყნის სუვერენულ უფლებას, ევროკავშირთან ურთიერთობაში თავისი პრეტენზიები და საბოლოო მიზნები თვითონ განსაზღვროს და გადაწყვიტოს, დარჩება, ევროკავშირის ხელშეკრულების მერვე პარაგრაფის თანახმად, პარტნიორად თუ გაჰყვება სწრაფვას და 49-ე პარაგრაფით იხელმძღვანელებს. ეს ორი სიტყვა „ევროპული სწრაფვა“ ეწერა ვარშავის 2011 წლის სამიტის დეკლარაციაში და ის უფრო სუსტია, ვიდრე სიტყვები, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების მომხრეებს სურთ. მათი აზრით, უფრო უკეთესი იქნებოდა დოკუმენტში, „ევროპული სწრაფვის“ ნაცვლად, „ევროპული პერსპექტივის“ ჩაწერა. ასე იყო ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, ანუ ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი ქვეყნები ოდესმე ევროკავშირის წევრებიც შეიძლება გახდნენ. რიკარდ იოზვიაკის აზრით, პროექტში ამ სიტყვებს არ შეცვლიან, რადგან ზოგიერთი წევრი - განსაკუთრებით, საფრანგეთი - არ არის დაინტერესებული ამ ქვეყნებს შესთავაზონ ის, რაც წევრობას იგულიხმებდა.

რიკარდ იოზვიაკმა აგვიხსნა, რომ საბოლოო ტექსტი ამ რეზოლუციისა უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებმა და მათთან ერთად აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდავეთის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ლიტვის დედაქალაქში 28-29 ნოემბერს. ტექსტი ასახავს უკვე მიღწეულს და შემდეგი სამიტის გეგმებს. განცხადების პროექტში ასევე მიესალმებიან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას უკრაინასთან და, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, იმავე დოკუმენტის პარაფირებას საქართველოსა და მოლდავეთთან. პროექტში აზერბაიჯანთან მიღწეული წინსვლაც დადებითადაა მოხსენიებული. სომხეთზე პროექტში არაფერია ნათქვამი, ერევნის ადგილი ღიადაა დატოვებული. სომხეთმა გამოაცხადა, რომ რუსეთთან საბაჟო კავშირში შესვლა სურს. ევროპის კავშირის დიპლომატები აპირებენ საგანგებო მემორანდუმი შეიქმნას სომხეთთან დაკავშირებით,რათა განისაზღვროს ამ ქვეყანასთან სამომავლო ურთიერთობა. ბელორუსიის მთავრობას არ სურს, ბელორუსიის საზოგადოების თაობაზე ითქვას, თუ როგორ დაიწყო მასთან ევროკავშირმა საგანგებო დიალოგი. მინსკი ასევე წინააღმდეგია, ბელორუსიასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების ხელმოწერის შესაძლებლობაზე შეშფოთების პასაჟში ეწეროს, რომ ეს ხელშეკრულება წაადგება ფართო მოსახლეობას. მინსკის სურვილი ერთია, მაგრამ მას მომხრეები ჰყავს. დანარჩენმა ხუთმა წევრმა ამ საქმეში ბელორუსიას მხარდაჭერა აღუთქვა, გვამცნობს რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელიდან. მოლდავეთთან სავიზო რეჟიმის შეცვლის შესახებ ადგილიც ღიადაა დატოვებული, რადგან ბრიუსელი მზად არის კიშინიოვს შეუთანხმდეს სავიზო რეჟიმის შემცირებაზე სტუდენტთა და ბიზნესმენებთან დაკავშირებით, მაგრამ არა საერთოდ გამარტივებაზე. გაყინულ კონფლიქტებზე ამ ექვს ქვეყანში ბევრი არაფერია ნათქვამი ვილნიუსის სამიტის საბოლოო დოკუმენტის პროექტში. ალბათ, მოლდავეთი შეეცდება დნესტრისპირეთი იქნეს მოხსენიებული განცხადებაში. სომხეთისა და აზერბაიჯანის პოზიცია არაა ცნობილი. ბრიუსელში ჩვენი კორესპონდენტი, რომელმაც ვილნიუსის სამიტის საბოლოო განცხადების პროექტი იხილა, გვატყობინებს, რომ ტექსტს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ექვსი პარტნიორი სახელმწიფოს დიპლომატები და ოფიციალური წარმომადგენლები განიხილავენ, ნოემბრის შუა რიცხვებში კი მას ევროკავშირის წევრების ელჩები დაამტკიცებენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG