Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვინ მოკლა პაველ შერემეტი?“


სამართალდამცველები კიევში გამართულ აქციაზე
სამართალდამცველები კიევში გამართულ აქციაზე

უკრაინის დედაქალაქში გამართულ მცირერიცხოვან აქციაზე, რომელიც ერთი წლის წინ მოკლული ჟურნალისტის, პაველ შერემეტის, ხსოვნას მიეძღვნა, საქმის გახსნა და შემკვეთების დასჯა მოითხოვეს. უკრაინის ხელისუფლება ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურ მკვლელობად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ შემკვეთი დაკავშირებული ყოფილიყო რუსეთთან, თუმცა გამოძიებას დღემდე ამ ვერსიის არავითარი მყარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

„ვინ მოკლა პაველ შერემეტი?“
please wait

No media source currently available

0:00 0:02:43 0:00
გადმოწერა

20 ივლისს კიევის ცენტრში სამგლოვიარო ღონისძიებაზე შეკრებილი ადამიანები ფეხით გაემართნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებისაკენ. ორასი კაცისაგან შემდგარი კოლონა, რომელშიც შერემეტის მეგობრები, კოლეგები, სამოქალაქო აქტივისტები და ზოგიერთი პოლიტიკოსიც იყო, დროგამოშვებით ჩერდებოდა სახელმწიფო უწყებების შენობების წინ და ხელისუფლებისაგან ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებას მოითხოვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ, სადაც დემონსტრანტებს გზა პოლიციის რაზმმა გადაუჭრა, აქციის მონაწილეებმა ტროტუარზე საღებავით გააკეთეს წარწერა: „ ვინ მოკლა პაველი?“

ანალოგიური შინაარსის წარწერა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესასვლელ კარებზე დატოვა პარლამენტის წევრმა, ჟურნალისტმა მუსტაფა ნაემმა, თუმცა ამ შეკითხვაზე დღემდე არ გაუცია პასუხი გამოძიებას, რომელიც ერთი წელია გრძელდება.

გასული წლის 20 ივლისს კიევის ცენტრში მოძრავ ავტომანქანაში, რომელსაც პაველ შერემეტი მართავდა, თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა. ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა. პაველ შერემეტი, რომელიც სხვადასხვა დროს ბელორუსიასა და რუსეთში მოღვაწეობდა, 2014 წლიდან ცხოვრობდა კიევში, სადაც მუშაობდა რადიო „ვესტიში“ და საინფორმაციო-სააგენტო „უკრაიანსკა პრავდაში“.

უკრაინის ხელისუფლება ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურ მკვლელობად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ შემკვეთი დაკავშირებული ყოფილიყო რუსეთთან, თუმცა გამოძიებას დღემდე ამ ვერსიის არავითარი მყარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

20 ივლისს ჟურნალისტის მკვლელობის წლისთავზე გამართული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, არტიომ შევჩენკომ, რომელმაც დემონსტრანტებს უთხრა, რომ გამოძიებას არ სურს გაამჟღავნოს სისხლის სამართლის საქმეში არსებული ახალი გარემოებები. „ის, რაც არ დააზარალებს გამოძიებას, ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელობამ უკვე გაასაჯაროვა“, - განაცხადა შევჩენკომ.

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც კრიტიკულად არის შეფასებული შერემეტის საქმის გამოძიება, ხოლო მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა ეროვნული პოლიციის უფროსმა, ხატია დეკანოიძემ, გამოძიებას არ დაუკავებია და არ დაუპატიმრებია მკვლელობის არც ერთი ეჭვმიტანილი. გასულ კვირას, როდესაც ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტს ხვდებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი „იმედგაცრუებულია“ გამოძიებით, და წამოაყენა წინადადება, პაველ შერეტემის მკვლელობის გამოძიების საქმეში საერთაშორისო გამომძიებლებიც ჩაერთონ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG