Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო მარათონის დაწყების კვირა


მიმოხილვა დავიწყოთ ხულოს რაიონში 4 აგვისტოს მომხდარი დაპირისპირებით “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის. სახალხო დღესასწაულის „შუამთობის” აღსანიშნავად კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კურორტ ბეშუმში იმ დროს ავიდა, როდესაც მომხრეებს მიხეილ სააკაშვილი მიმართავდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ოპონენტები საქართველოს დანგრევას ლამობენ, მაგრამ მათ ამის საშუალება არა მიეცემათ:

”ამას წინათ რომელიღაც ადამიანს, პოლიტიკოსს, მოვკარი თვალი და ასე იძახდა: კი, ბევრი ააშენა მთავრობამ, ბევრი გააკეთეს ამ ხალხმა, მაგრამ ახლა წავიდნენ და ჩვენი მოსვლის დროც არის.... მეტი საქმე არა მაქვს, რომ ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადმოგაბაროთ და დაგანგრევინოთ.”

სულ ოდნავ მოგვიანებით, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები “ქართული ოცნების” ლიდერს სტვენითა და ყვირილით შეეგებნენ და, გარემოცვასთან ერთად, მას გადაადგილების საშუალება არ მისცეს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ჟურნალისტებს, სიტუაცია “ქართული ოცნების” ძალისხმევით განიმუხტა:

”არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ მონაწილეობა მიგვეღო დღესასწაულში და აქ დღესასწაული არცაა. ამ ტიპის დღესასწაულები სააკაშვილს მოსწონს. ეს კაცი და მისი იდეოლოგია მოწოდებულია, რომ გახლიჩოს საქართველო და დააპირისპიროს ქართველი ხალხი ერთმანეთს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეყო სიბრძნე, რომ არ დავუპირისპირდით ჩვენს ძმებს, შემოვბრუნდით, წამოვედით. ”
საქართველოს პოლიცია დაიცავს ყველა ჯგუფის - მათ შორის, ყველაზე აგრესიული ჯგუფის - გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ, ამავდროულად, გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ყველა საშუალებას და არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს დაპირისპირებასა და შეტაკებაში...
შსს

მომხდარიდან რამდენიმე წუთში, 4 აგვისტოს, განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის მიხედვითაც, ”ტერიტორიაზე მისულ ცალკეულ ჯგუფსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტის აცილების მიზნით, პოლიციამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და მოახდინა მათი ერთმანეთისგან დისტანცირება.” განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ
”საქართველოს პოლიცია დაიცავს ყველა ჯგუფის - მათ შორის, ყველაზე აგრესიული ჯგუფის - გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ, ამავდროულად, გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ყველა საშუალებას და არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს დაპირისპირებასა და შეტაკებაში.”

მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღად 1 ოქტომბერი დაასახელა, ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო 2-თვიანი მარათონი. არჩევნების დღის გარკვევის შემდეგ წინა პლანზე წამოიწია ე.წ. “must-carry“-ის პრინციპის შესრულების ვალდებულებამ, რომელიც, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, ძალაში სწორედ 2 თვის განმავლობაში უნდა დარჩეს. ტელემაყურებელთა უფრო ფართო აუდიტორიის ძიების სურვილით გამსჭვალულ ტელეკომპანიებს დასაკარგად, ცხადია, არც ერთი დღე არ ემეტებოდათ, თუმცა მოხდა ისე, რომ პირველი დღეები ძირითადად კამათსა და დაპირისპირებაში გავიდა. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ურთიერთობის გამწვავებაზე ტელეკომპანია „მაესტროსა“ და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის.

”კომისია მოუწოდებს ტელეკომპანია ”მაესტროს”, რომ იხელმძღვანელოს საარჩევნო პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი საჯარო ინტერესით, ნუ შექმნის “must-carry“-ის პრინციპის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ ხელოვნურ ბარიერებს, დროულად მიმართოს და მიაწოდოს სამაუწყებლო სიგნალი საკაბელო კომპანიებს, რათა მათ შეძლონ ტელეკომპანია „მაესტროს“ სამაუწყებლო არხის საკუთარი აბონენტებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში განთავსება.”
"მაესტროს" მხარდამჭერი აქცია
"მაესტროს" მხარდამჭერი აქცია

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის კახი ყურაშვილის მიერ არაერთგზის გახმიანებულ ამგვარ მოწოდებას კატეგორიული წინააღმდეგობა შეხვდა ტელეკომპანია ”მაესტროს” მხრიდან, რომლის განცხადებითაც, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლი არ ავალდებულებს სატელევიზიო არხებს, რომ ჩართვის დამატებითი მოთხოვნით მიმართონ საკაბელო ოპერატორებს. „მაესტროს“ დამფუძნებლების განცხადებით, ტელეკომპანიის ტექნიკური პარამეტრები “მაესტროს“ ვებგვერდზეა განთავსებული და, არხის ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მონაცემების მოძიება საკაბელო ოპერატორებს არანაირად არ გაუჭირდებათ. კომუნიკაციების ეროვნული კოალიციის მოთხოვნას უკანონო უწოდა კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციებს აერთიანებს. კანონის თანახმად, თუკი არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან 72 საათში რომელიმე საკაბელო ოპერატორი ქართული ტელეარხების ტრანსლაციას დაუსაბუთებლად ვერ განახორციელებს, მას სანქციები დაეკისრება. პირველ ჯერზე საკაბელო ოპერატორს გაფრთხილება მიეცემა, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორს ერთი წლის ვადით აეკრძალება მუშაობა.

”მაესტროს” თემა მიმდინარე კვირაში დაყადაღებულ სატელიტურ ანტენებთან მიმართებითაც დარჩა ყურადღების ცენტრში. საქმე ის არის, რომ ტელეკომპანიის მხარდაჭერის მოთხოვნით აქციების გამართვა გააგრძელეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 3 აგვისტოს მთავარი პროკურატურის შენობის წინ გაიმართა ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდამჭერი აქცია, სახელწოდებით ”დააყადაღე პროკურატურა”. აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან სიმბოლურად მიიტანეს რკინის კარი, წარწერით - "დაყადაღებულია". ისინი მოითხოვენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნას ყადაღა "მაესტროს" სატელიტურ ანტენებზე და ტელეკომპანიას კუთვნილი ქონება დაუბრუნდეს. აქციის მონაწილეები ტელეკომპანია ”მაესტროს” ქონების დაყადაღებას გამოხატვის თავისუფლებისა და კერძო ბიზნესში სახელმწიფოს უკანონო ჩარევის პრობლემებად მიიჩნევენ.
თეონა აქუბარდია
თეონა აქუბარდია

შეიძლება ითქვას, რომ დაყადაღების თემა ლაიტმოტივად გასდევდა მიმდინარე კვირასაც. 31 ივლისს ცნობილი გახდა, რომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყადაღა დაედო საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბანკო ანგარიშებს. უნდა ითქვას, რომ ორგანიზაციამ სახელმწიფო სტრუქტურებისგან ვერ მოიპოვა განმარტება დაყადაღების მიზეზებთან დაკავშირებით. მართალია, ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე მისი საქმიანობისათვის საჭირო შემოწირულება ბიძინა ივანიშვილმა გაიღო და სხვა დაფინანსება, ორი მიზნობრივი გრანტის გარდა, ამჟამადაც არ გააჩნია ორგანიზაციას, მაგრამ ინსტიტუტის წარმომადგენელმა თეონა აქუბარდიამ განუმარტა რადიო თავისუფლებას: ყადაღის მიზეზები დაფინანსების წყაროს არ უნდა უკავშირდებოდეს, რადგანაც ინსტიტუტს შემოწირულება კანონის სრული დაცვით აქვს მიღებული.

ამასთან, მიმდინარე კვირაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განაგრძო იმ პირთა დაყადაღებული ქონების აუქციონზე გატანა, რომლებმაც პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური შემოწირულებები გაიღეს. პოლიტიკური პარტიებისთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის მოტივით, აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ ეტაპზე 17 პირის წინააღმდეგ მიმართა. მათგან აუქციონზე 3 აგვისტოს 9 ფიზიკური პირის ქონება გავიდა, აუქციონი 6 აგვისტოს დასრულდება. იმ პირთა შორის, რომელთა დაყადაღებული ქონებაც აუქციონზე გავიდა, პროპორციულად ყველაზე მეტი კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან, პრაქტიკულად ყველა - ”ნაციონალური მოძრაობის” ერთი და ”თავისუფალი საქართველოს” ასევე ერთი მხარდამჭერის გამოკლებით. ქართული ოცნების ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე კანონის გაუმართლებელ სისასტიკეზე ლაპარაკობს:

”ვთქვათ, მართლაც უკანონო შემოწირულებები იყო ეს ყველაფერი (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ აბსოლუტურად კანონიერი იყო), შეხედეთ, როგორი სასტიკია კანონი, როგორ საშინელ სანქციას ითვალისწინებს: ხალხი უნდა გამოყარონ ქუჩებში თავიანთი ოჯახებიანად იმისათვის, რომ მათ შემოწირულება განახორციელეს ისეთი, რასაც სახელმწიფო ედავება უსამართლოდ.”
სტიქიის შედეგები
სტიქიის შედეგები

კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე კვირაში დაიწყო ზარალის აღწერის პროცესი სტიქიით დაზარალებულ კახეთის რეგიონში. როგორც 30 ივლისს თელავში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა კოალიციის წარმომადგენელმა და პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, მას შემდეგ, რაც კოალიციის წარმომადგენლები სპეციალური კითხვარების საშუალებით სრულად აღწერენ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებულ რეალურ ზარალს, ”ქართული ოცნება” ხელისუფლებას ზარალის სრულად ანაზღაურებას მოსთხოვს. ფანჯიკიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ”ბიუჯეტში სამყოფი თანხა არსებობს”, ხელისუფლება მხოლოდ მცირედი კომპენსაციების გაცემას აპირებს.

გავიხსენოთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 10 დღის წინ ბიუჯეტში ჯარიმის სახით 80 მილიონი ლარი გადარიცხა და მოითხოვა, რომ ეს თანხა დაზარალებულთა დახმარებას მოხმარდეს.

ცხადია, არა ივანიშვილის ფულით, მაგრამ დაზარალებული მოსახლეობის მაქსიმალურად დახმარების დაპირებას ხელისუფლება მიმდინარე კვირაშიც განაგრძობდა. მთავრობა ირწმუნებოდა, რომ დახმარება ყველა ადრესატამდე მიაღწევს, თუმცა სხვა საკითხია, რომ დაზარალებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი, მასშტაბური მოსავლის დაკარგვის პირობებში, გამოთქვამს უკმაყოფილებას მაქსიმუმ 1500-ლარიანი ფულადი კომპენსაციის გამო.
შეიძლება ითქვას, რომ სტიქიით დაზარალებულთა დახმარების თემა წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთ უმთავრეს აქცენტად იქცა.
ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ხელშესაწყობად ”საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანია” იქმნება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 3 აგვისტოს წყალტუბოში, მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, საექსპორტო პროდუქციის შემგროვებელი პუნქტები ამოქმედდება გურჯაანში, გორში, ახალციხეში, ჩაქვში, ინგირში, სამტრედიასა და წყალტუბოში. შეგროვილი ხილი, ბოსტნეული თუ მწვანილი, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დახარისხდება, შესაბამისად შეიფუთება და ასე მოხდება პროდუქციის ტრანსპორტირება საზღვარგარეთ. ამასთან, მთავრობის ახალი პროექტის ფარგლებში, ვანო მერაბიშვილის თქმით, ამოქმედდება ”საქართველოს საკუთარი საწყობი უკრაინაში”, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია შეინახება. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირება სარკინიგზო და საავიაციო გზებით განხორციელდება. ”თუკი სახელმწიფო კომპანიას ტვირთი გზაში გაუფუჭდება, თუ გვიან ჩაიტანა, ამ შემთხვევაში კომპენსაციას მიიღებს ფერმერიც, გლეხიც და მწარმოებელიც”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომლის თქმითაც, ”სახელმწიფო სტაბილურობის გარანტად უნდა გამოვიდეს”. ”მე მინდა, რომ საქართველოში შეიქმნას ეს ინფრასტრუქტურა და ამ ინფრასტრუქტურამ იმუშაოს თუნდაც სანახევროდ ისე, როგორც მუშაობდა ქართული პოლიცია”, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

და მიმოხილვის ბოლოს ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ, რომელიც საქართველოში მოახლოებულ არჩევნებსა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი კრის სმიტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას გააუქმოს დაგეგმილი სამხედრო წვრთნები - ”კავკასია 2012”. კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა გეგმები ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც - ”რეგიონებში, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აღიარებულია საქართველოს ტერიტორიებად და რომელთა ოკუპირება და მილიტარიზებაც უკანონოდ განახორციელა რუსეთის ხელისუფლებამ - საქართველოში 2008 წელს შეჭრის შემდეგ.” შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, წვრთნები გაიმართება 17-23 სექტემბერს - ერთ კვირაზე ოდნავ მეტით ხნით ადრე, ვიდრე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. კონგრესმენი სმიტი სამხედრო წვრთნების გეგმას ”დაშინების უხეშ მცდელობას” უწოდებს. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG