Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამხლეჩი პრეზიდენტი


სულ სხვა რამის დაწერას ვაპირებდი ახლა, მაგრამ როცა ვნახე, როგორ გაეკიდა დაცვით გარშემორტყმული პრეზიდენტი სააკაშვილი ყოფილ პატიმარ ვაჰაგან ჩახალიანს, გულზე შემომეყარა და ერთბაშად მიმავიწყდა, რის დაწერაც მინდოდა.

ვფიქრობდი, ცოტას შევაქებ-მეთქი, გაკეთებულს დავუფასებ (მართალია, არანორმალურად გვანერვიულა, მაგრამ, ფაქტია, რაღაც ხომ მაინც გააკეთა ამ 9 წელიწადში ), მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა სრულიად ჩამიკვდა მისი საქმიანობის პოზიტიურად შეფასების სურვილი.

არ ველოდი, თუკი ასე სამარცხვინოდ დაასრულებდა თავის პრეზიდენტობას!

ვინც უყურა სააკაშვილ-ჩახალიანის წაკინკლავება-კონფლიქტს, ის, ალბათ, დამეთანხმება, რომ ბ-ნი ჩახალიანის ტექსტები ბევრად უფრო ობიექტური და, მეტიც, კონსტრუქციული იყო, ვიდრე ბ-ნი სააკაშვილის. თუმცა სააკაშვილს არც ესმოდა, რას ეუბნებოდა ეს კაცი (ამ დროს, თავიდან ეჭვი გამიჩნდა, იქნებ მშვიდად მოუსმინოს-მეთქი), უცებ ისევ ისტერიულ, ბანალურ ტელეპოპულისტ და ვითომ პატრიოტ პოლიტიკოსად გადაიქცა და ჯერ არაადეკვატურად აყვირდა, მერე კი, ოდნავ აჭრილი, “სეპარატისტო ლაჩრებო”-ს ძახილით დაედევნა “საქართველოს ერთ მუჭა მტრებს”.

ალბათ სიტყვა დაედევნაც ბრჭყალებში უნდა ჩამესვა, რადგან, რა ვქნათ, ყველას გვახსოვს, როგორი დადევნებაც იცის პრეზიდენტმა. ჰო, სამწუხაროდ, ის იდიოტური ტელეშოუ გამახსენდა, ვითომ რომ გააქცია რუსი სამხედროები 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე...

ამ დროს, რა თქვა ტყუილი ვაჰაგან ჩახალიანმა? მე არ ვიცი, გულში რა უდევს ამ ადამიანს, მაგრამ ის კი ცხადია, რომ სომხური ეკლესიები თბილისის ცენტრშიც კი ინგრევა და ამაზე კაციშვილი არ იღებს ხმას. რა შუაშია აქ სეპარატიზმი? თუკი ამას სეპარატიზმი ჰქვია, მაშინ მეც სეპარატისტი და საქართველოს მოძულე ვყოფილვარ, რადგან მეც მისნაირად ვფიქრობ, რომ დიდი სომეხი მწერლით, ოვანეს თუმანიანით, ქართველებმა და სომხებმა ერთად უნდა ვიამაყოთ, და მეც მისნაირად ვბრაზობ ჩემი უმწეობის გამო, რომ ვერაფერს ვშვრები, როცა ვხედავ, როგორ ნადგურდება ჩვენს თვალწინ თუნდაც კოტე აფხაზის ქუჩაზე მდგარი ნორაშენის სომხური ეკლესია.

თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ მხოლოდ სააკაშვილს არ ეთქმის საყვედური - ყველამ კარგად უწყის, ვინაა საქართველოში კათოლიკეებისა თუ სომხების ეკლესიების ელეგანტურ-ჯიქური მიტაცებით დაკავებული. და თუკი წართმევა არ გამოვა, დაე, დაინგრეს, ვის რაღად უნდა...

ბრაზი ან, თუ გნებავთ, იგივე სეპარატიზმი ამ აგდებულობის, ქედმაღლობის, შეურაცხმყოფელი უცხოობის, დისტანციის და ვითომ პატრიოტული, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი კრიმინალიდან, უკანონობიდან ჩნდება, როცა შენს თანამოქალაქეს ამა თუ იმ განმასხვავებელი ნიშნის გამო არ მიიჩნევ თანაბრად.

ვერც ერთმა ჯაშუშურმა თუ ზეჯაშუშურმა სპეცსამსახურმა ვერ დაგვიშავა იმდენი, რამდენიც ჩვენ, ქართველებმა დავუშავეთ ერთმანეთს. ეს ხომ ყველამ ვიცით!

ფრთხილად ვიყოთო, მოგვიწოდებდა ნარბენი სააკაშვილი. ამ დროს, ყველაზე არაფრთხილად თვითონ იქცეოდა გუშინ. და რა, პირველად? გუშინ ვიფიქრე - კიდევ კარგი, ერთი დღეღა დარჩა, იქნებ ცოცხალ გაკვეთილად გამოდგეს მომავალი მმართველებისთვის: აი, რა ცუდია, როცა პრეზიდენტი თავადაა გამხლეჩი! როცა თავად ხდება სეპარატისტი... ხომ გახსოვთ ამ სიტყვის პირველადი მნიშვნელობა?

მისი მთავარი პრობლემაც სწორედ ეს იყო: ასეც ვერ იქცა მთელი ქვეყნის პრეზიდენტად, და ამ ვერქცევას თვითონვე შეუწყო ხელი.

ხასიათია ასეთი, რას ვიზამთ.

თუმცა გუშინდელი გამოხდომა არა მხოლოდ სულელური და უგემოვნო იყო, არამედ “შავრაზმული” და შოვინისტურიც.

ასე არ უნდა იქცეოდნენ პრეზიდენტები.

სამწუხარო ფინალია.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG