Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დაბომბა სირიის საავადმყოფოები?


საავადმყოფოს ნანგრევები იდლიბის პროვინციის ქალაქ მაარათ ალ ნუმანში
საავადმყოფოს ნანგრევები იდლიბის პროვინციის ქალაქ მაარათ ალ ნუმანში

დასავლეთის სახელმწიფოებმა დაგმეს სირიის საავადმყოფოებისა და სკოლების დაბომბვა, რასაც 15 თებერვალს 50 სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვა. გაეროს თანახმად, ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში დაიბომბა, სულ მცირე, ხუთი სამედიცინო დაწესებულება და ორი სკოლა. გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა იერიშები შეაფასა, როგორც „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა“.

თურქეთმა ამ საავიაციო თავდასხმების განხორციელებაში რუსეთი დაადანაშაულა. ვაშინგტონს მოსკოვის მიმართ ერთმნიშვნელოვანი ბრალდება, მართალია, არ წაუყენებია, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ დამანგრეველი საავიაციო იერიშების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა „რუსეთის უნარი და სურვილი, წერტილი დაუსვას ასადის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკეს.“

შედარებით ფრთხილი იყო ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის ფედერიკა მოგერინის განცხადებაც, რომელშიც, აღშფოთებასთან ერთად, გამოთქმულია მოწოდება „ყველა მხარისადმი“, კონკრეტული ადრესატის დაუსახელებლად: „ის, რაც მოხდა ორგანიზაციის - ‘ექიმები უსაზღვრებოდ’ - საავადმყოფოში, სრულიად დაუშვებელია და ჩვენ კვლავაც კატეგორიულად მოვითხოვთ ყველა მხარისგან, პატივი სცენ ჰუმანიტარული სამართლის ელემენტარულ პრინციპებს და თავიანთი ძალისხმევა სამოქალაქო პირების დაცვისკენ მიმართონ.“

ფედერიკა მოგერინისგან განსხვავებით, ორგანიზაციას „ექიმები უსაზღვრებოდ“ და მის ხელმძღვანელებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, თუ ვისი განხორციელებულია საავიაციო იერიშები. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით მეგო ტერზიანმა, ზემოხსენებული ორგანიზაციის საფრანგეთის განყოფილების პრეზიდენტმა: „ეჭვგარეშეა, რომ საავიაციო თავდასხმები განხორციელებულ იქნა სირიის მეთაურობით მოქმედი კოალიციის მიერ: საავადმყოფო დაბომბეს ან სირიის მთავრობის კუთვნილმა თვითმფრინავებმა, ან რუსეთის ავიაციამ. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. იანვრიდან მოყოლებული, სირიის სამ პროვინციაში - იდლიბში, ალეპოსა და დერააში - დაბომბილ იქნა ჩემი ორგანიზაციის მხარდაჭერით მოქმედი ხუთი სამედიცინო დაწესებულება.“

თავად რუსეთი საავადმყოფოების დაბომბვაში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ავიაციას ადანაშაულებს - რუსეთში სირიის ელჩზე, რიად ხადადზე დაყრდნობით, რომელმაც შესაბამისი განცხადება რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ის ეთერით გამოსვლისას გააკეთა.

16 თებერვალს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არაფერი აქვს საერთო ავიაიერიშებთან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ სადავო საკითხებში გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს სირიის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებებს. უპასუხა რა თურქეთის მხრიდან მოსკოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ღრმა კრიზისს განიცდის. მაგრამ ამ კრიზისის გამომწვევი და თაოსანი მოსკოვი არ ყოფილაო, დასძინა კრემლის პრესმდივანმა.

ორშაბათს საღამოს დამასკში ჩავიდა სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო წარგზავნილი სტაფან დე მისტურა. მან უნდა მოამზადოს სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციას არაპირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომლის გამართვა 25 თებერვალს, ჟენევაშია დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG