Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა, 2013, 27 აპრილი


განვლილ კვირაში საქართველოს რამდენიმე საყურადღებო სტატია მიუძღვნეს შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა გამოცემებმა.
თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ აქციას ეძღვნება სტატია, რომელიც 23 აპრილს გამოაქვეყნა ქალაქ ბოსტონში დაფუძნებულმა გაზეთმა „ქრიშჩიენ საინს მონიტორმა“. ავტორი, ჟურნალისტი პოლ რიმპლი, აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნებულია იქ, სადაც ვარდების რევოლუციამდე იყო ამ თითქმის ათი წლის წინ, ანუ ოპოზიციაში. “ნაციონალურმა მოძრაობამ” 19 აპრილს გამართა პირველი დემონსტრაცია წინა წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ და ცდილობს დაამტკიცოს, რომ კვლავაც ანგარიშგასაწევი ძალაა, მიუხედავად სკანდალებისა, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის მნიშვნელობას, როგორც ავტორი წერს, ახალ საქართველოში:
„რეფორმებისთვის უცხოეთში მიღებული მაღალი შეფასების მიუხედავად, სააკაშვილი სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა საქართველოში, სადაც უმუშევრობა 2004 წლის შემდეგ 13-დან 17 პროცენტამდე მერყეობდა. „მან სახელმწიფო განამტკიცა სწრაფი რეფორმებით, - ამბობს საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის თანადირექტორი გიორგი თარხან-მოურავი, - მაგრამ საქართველოში ყველა რეფორმა ენთუზიაზმით იწყება, რამდენიმე წელიწადში კი იმედგაცრუებით იცვლება“.
ბოსტონში, სადაც ეს გაზეთია დაფუძნებული, როგორც ცნობილია, 15 აპრილს, მარათონის ფინიშზე, მოეწყო ორი აფეთქება. თავდასხმაში ეჭვმიტანილნი არიან ძმები ტამერლან და ჯოხარ ცარნაევები - ეთნიკური ჩეჩნები, რომელთაგან უფროსი, ტამერლანი, პოლიციასთან ურთიერთსროლისას დაიღუპა, ჯოხარი დაპატიმრებულია. უცხოეთის მედია დიდ ადგილს უთმობს შეერთებულ შტატებში მოწყობილი ამ ტერაქტის სხვადასხვა ასპექტის გაშუქებას. შევჩერდები სტატიაზე, რომელიც ავტორიტეტიანმა გამოცემამ „სტრატფორ კომენტარიმ“ გამოაქვეყნა 25 აპრილს. ეს პუბლიკაცია არის გამოხმაურება რუსეთის გაზეთ „იზვესტიის“ წინა დღის სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, ტამერლან ცარნაევს რადიკალიზმს, ასე ვთქვათ, ასწავლიდნენ სემინარებზე, რომლებიც ქართულმა და ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „კავკასიის ფონდმა“ და „ჯეიმსტაუნის ფონდმა“ - 2012 წლის ზაფხულში ჩაუტარეს მას და სხვა ახალგაზრდებს, სამხრეთ რუსეთში დესტაბილიზაციისა და ექსტრემიზმის გაძლიერების ხელშესაწყობად.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კატეგორიულად უარყო ეს ბრალდება. „სტრატფორ კომენტარის“ სტატიაშიც მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ „იზვესტიაში“ გამოთქმული ბრალდების მტკიცებულებები არ ჩანს.
მაგრამ, „სტრატფორის“ აზრით, ნათელია შემდეგი: „იზვესტიაში“, ანუ რუსეთის სახელმწიფო მედიაში, ასეთი ვერსიის წამოწევა ორ მიზანს ემსახურება. პირველი: „კრემლი ცდილობს რუსეთის დისტანცირებას ბოსტონის აფეთქებებში ეჭვმიტანილი ჩეჩნების ქმედებაზე ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ძმები ცარნაევები ამერიკული აღზრდის პროდუქტი არიან და კავკასიაში გატარებული დრო არანაირ კავშირში არ არის მათ სავარაუდო ქმედებასთან. ამას გარდა, რუსეთის მთავრობა წლებია მუშაობს იმის საჩვენებლად, რომ კავკასიაში ექმტრემიზმს აკონტროლებს (...) ამდენად, „იზვესტია“ არსებითად ცდილობს რადიკალიზმის ბრალდება ეჭვმიტანილი ცარნაევისაგან გადაიტანოს შეერთებული შტატებისა და ქართველებისაკენ, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ რეგიონში რუსეთის სტაბილურობას“.
„სტრატფორ კომენტარის“ შეფასებით, პასუხისმგებლობის ამერიკელებისა და ქართველებისათვის დაკისრება „იზვესტიის“ სტატიის მხოლოდ ერთი მიზანია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეორე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების როლს უკავშირდება. რუსეთში 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოეწყო. კრემლმა უცხოეთი - უწინარეს ყოვლისა, შეერთებული შტატები -დაადანაშაულა რუსეთში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებაში, რომლებიც კრემლის მიმართ საპროტესტო განწყობას აღვივებენ. საპასუხოდ, მოსკოვმა შემოიღო კანონი, რომელიც რუსეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალებს „უცხოეთის აგენტებად“ დარეგისტრირებას, თუ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ:
„რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა ძლიერდება და ჯგუფები, როგორიც არის „ჯეიმსტაუნი“ და „კავკასიის ფონდი“, კრემლს მიზანში ჰყავს ამოღებული. მოსკოვს სურს აჩვენოს, რომ ასეთ ორგანიზაციებს იყენებენ მთავრობები, რომლებიც რუსეთის დესტაბილიზაციისაკენ მიისწრაფვიან. ახლა კრემლი შესაძლოა სახელმწიფო მედიას იყენებდეს, რათა უფრო შორს წავიდეს - მიანიშნოს იმაზე, რომ არსებობს უნებლიე კავშირი შეერთებული შტატების მიერ რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობასა და შეერთებულ შტატებში აფეთქებებს შორის“.

ჩეჩნებსა და საქართველოს ეხება პუბლიკაციაც, რომელსაც გამოცემა „ფორინ პოლისიში“ გაეცნობით. როგორც სტატიის ავტორი ნიკოლას კლეიტონი აღნიშნავს, ისე მოხდა, რომ ის ბოსტონის ტერაქტამდე ერთი დღით ადრე პანკისის ხეობაში შეხვდა და ესაუბრა ვინმე აბუ ჰამზას, 29 წლის ჩეჩენს, რომელსაც, ისევე როგორც ასიათასობით სხვა ჩეჩენს, მათ შორის, ბოსტონის აფეთქებებში ეჭვმიტანილ ცარნაევებს, სამშობლოს დატოვება სისხლისმღვრელმა ომმა აიძულა. ჟურნალისტი გვთავაზობს აბუ ჰამზას პორტრეტს და ვრცელ სტატიაში თავს უყრის ინფორმაციას პანკისის ხეობაზე, აგრეთვე ლოპოტის ხეობაში შარშან მომხდარ ინციდენტზე, როლზე, რომელიც ჩეჩნებმა შეასრულეს საქართველოს სეპარატისტულ კონფლიქტებში.
XS
SM
MD
LG