Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ სარედაქციო სტატიაში წერს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე


„გასულ თვეში ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლის გასაპროტესტებლად“, - ნათქვამია „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სარედაქციო სტატიაში - „საქართველო ზღვარზე“, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კონსერვატიულ გამოცემაში 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ ასეთი უკუსვლის პრევენციას ყოველთვის ვერ ახერხებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს შესაძლებლობა, ზედმეტი დანახარჯის გარეშე უბიძგოს თბილისს დემოკრატიისკენ“, - წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი“.

გაზეთი შეახსენებს მკითხველს, რომ საქართველოს 7 წლის განმავლობაში მართავს ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე და „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც „თავის მოკავშირეებთან ერთად საფუძველი შეურყია ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქციები“. სტატიაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „ქვეყნის მოსახლეობის პროდასავლური განწყობების გათვალისწინებით, მმართველი პარტია სწორ რაღაცებს ამბობს ვაშინგტონთან კავშირებსა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე. თუმცა, ამავე დროს, თანამიმდევრულად აბრუნებს საქართველოს მოსკოვის გავლენის ქვეშ“.

თეთრი სახლის დუმილი დიქტატორობის გზაზე შემდგართა პროპაგანდის ერთგვარი გამარჯვებაა, - ნათქვამია სტატიაში.

„ბატონ ტრამპს ან სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლიათ საპროტესტო აქციის მონაწილეების... მხარდამჭერი განცხადებით დახმარება“, - წერს გაზეთი და განაგრძობს: „აშშ-ს შეუძლია, მეტიც გააკეთოს. ბატონმა ივანიშვილმა თითქმის 5 მილიარდი დოლარის ქონება რუსეთში, 90-იანი წლების ქაოსის დროს დააგროვა და მას აქვს მნიშვნელოვანი რაოდენობის ფასიანი ქაღალდები და უძრავი ქონება დასავლეთში. მისი ამ სიმდიდრის წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი სანქციების საფრთხე, ასევე მისთვის და მისი კომპანიონებისთვის მოგზაურობის შეზღუდვა, მათ გონებას უფრო ეფექტიანად მიმართავს (პრობლემების გადაჭრისკენ), ვიდრე საჯარო განცხადებები“, - აღნიშნულია „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სარედაქციო სტატიაში.

წერილში ნახსენებია 20-21 ივნისის მოვლენები, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დაწინაურება, რომელმაც „პოლიტიკური ოპოზიციის წელში გატეხვის პირობა დადო, დაარღვია საარჩევნო რეფორმის დაპირებები, დემონსტრანტების მიმართ უფრო ძალადობრივი გახდა და მრავალწლიანი პატიმრობით დაემუქრა პოლიტიკურ ფიგურებს“.

პუბლიკაციაში ასევე მოყვანილია აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, რესპუბლიკელ ადამ კინზინგერის განცხადება, რომელიც მან ნოემბერში, საქართველოში ვიზიტის შემდეგ გააკეთა დაპირებულ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ამ დაპირების შეუსრულებლობის შემდეგ, კინზინგერმა დემოკრატ კოლეგასთან ერთად დაწერილ ღია წერილში, რომლის ადრესატი იყო გიორგი გახარია, შოკისმომგვრელი უწოდა „ცნობას იმის შესახებ, რომ დაპირებულმა რეფორმებმა, რომლითაც პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა დანერგილიყო, საქართველოს პარლამენტში კრახი განიცადა“.

„აშშ-ს არ შეუძლია, უკარნახოს მოვლენათა განვითარება საქართველოში. მაგრამ მას შეუძლია, მმართველ პარტიაზე ზეწოლა მოახდინოს, რათა ამ უკანასკნელის მოქმედებები შეესაბამებოდეს მისსავე დემოკრატიულ სიტყვებს - და ახალი სიცოცხლე შთაბეროს ქართულ პოლიტიკურ მოძრაობებს - მათ, ვინც ვაშინგტონსა და ბრიუსელს ამჯობინებენ მოსკოვს“, - ნათქვამია „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სარედაქციო სტატიაში.

XS
SM
MD
LG