Accessibility links

ფოტოფესტივალქოლგა თბილისი ფოტოსფარგლებში, არტარეას“ გალერეაში გაიხსნა გამოფენაყინულის გალღობა.

პროფესიულმა პლატფორმამაიენგელმაექსპოზიციაზე წარმოადგინა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ფოტოგრაფების მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული თხუთმეტი პროექტი.

„არტარეას“ საგამოფენო სივრცის თეთრი კედლები კოლაჟურად აწყობილმა ფოტოებმა გააფერადა, თუმცა ფოტოებით მოთხრობილი ამბები არც ისე ფერადია, როგორც თავად კადრები. გამოფენილ პლაკატებზე ერთი მთავარი ფოტო და ავტორის თანდართული ტექსტი, გვერდზე პლაკატი კი ფოტოამბავს აგრძელებს.

პირველი თემა, რომელსაც გალერეაში შესვლისთანავე შეხვდებით, ყოველდღიური ცხოვრებაა - სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობა. ანუშ ბაბაჯანიანის ფოტოსერია “შინაურები” იმ ქალების შესახებ ჰყვება, ვისაც საზოგადოება არ იღებს, ვინც მკვეთრი მაკიაჟითა და ფერადი ჩაცმულობით ქუჩაში სხვებისგან გამოირჩევა, ზოგისთვის უგემოვნოდ, ზოგისთვის კი უცნაურად აცვიათ - შავ ჩულქებზე თეთრი საბო, ტუჩებს გადაცილებული წითელი პომადა და მკვეთრი, ვარდისფერი თვალის ჩრდილები უსვიათ.

ფოტოგრაფის ხედვით, ეს ადამიანები ცხოვრობენ ისე, როგორც მათ მოსწონთ. ანუშ ბაბაჯანიანის ფოტოსერიის მინაწერში ვკითხულობთ: „თუ მათ შეუძლიათ ასე იცხოვრონ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ასევე შეუძლიათ სხვა სომეხ ქალებს გადადგან ნაბიჯი, ბევრი ნაბიჯი, რათა მიიღონ იმაზე მეტი, რაც დღეს აქვთ”.

გამოფენა
გამოფენა

ქართულ ყოველდღიურობაში დათო ქორიძემ ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანების ცხოვრება ასახა. „ჩემი მარცხენა ფეხი” - ასე ჰქვია დათო ქორიძის ფოტოსერიას და ჯიმ შერიდანის ფილმს, რომელიც ირლანდიელი მხატვრის, ცერებრალური დამბლის მქონე კრისტი ბრაუნის შესახებ ჰყვება. ფოტოგრაფი ფოტოსერიის იდეაზე ლაპარაკობს:

“ინსპირირებული იყო ჩემი პირადი განცდებით, თუმცა სახელწოდების ინსპირაცია, ვფიქრობ, ფილმი „ჩემი მარცხენა ფეხი” იყო. დაახლოებით, სამი თვის განმავლობაში ვიღებდი ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს მათ სახლებში - როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ, როგორია მათი გარემო, როგორ ეხმარება მათ სახელმწიფო და როგორ პირობებს ვუქმნით ჩვენ, მოქალაქეები, რომლებიც მათთან ერთად ვცხოვრობთ”.

საგამოფენო სივრცის მარცხენა ოთახი ორ თემას ეხმიანება: ხალხი და ქალაქის ცხოვრება სამ მეზობელ ქვეყანაში. „შენობებისა და კულტურული მემკვიდრეობის დემონტაჟი ბაქოში“, „სომხეთის საზღვრისპირა სოფლებში ჩასვლა“, „პირადი განცდები“, „მშვიდობით, სსრკ“ - ეს სათაურები და მარცხენა ოთახში ფოტოებით მოყოლილი ამბებია.

ფოტოგამოფენა
ფოტოგამოფენა

მარჯვენა ოთახში შესვლისას კი ომისა და საპროტესტო აქციების ამბებს ნახავთ. აქ ქალებიც იტყვიან თავის სათქმელს, თავიანთ უფლებებსა და უუფლებობაზე - ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში.

ანაჰიტ ჰაირაპეტიანი პრინცესებად გათხოვილ და მონებად ქცეულ ქალებზე გვიამბობს, ლექსებში განდიდებულ ქალებზე, რომლებსაც სცემენ და კლავენ სომხეთში. ამ ფოტოს გვერდით იანა ყორბეზაშვილის გადაღებული ფოტოსერიაა, სახელწოდებით „კაცებს ფეხებს აღარავინ ჰბანს”. კახეთის პატარა სოფლის, არგოხის, ტრადიციაზე იანა თავად გვიყვება:

„ეს პროექტი არის ეთნიკურ ოს ქალებზე, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მე თვითონ ვარ ნახევრად ოსი. მამა მყავს ოსი, დედა - ქართველი და ბებია ჰყვებოდა, როგორი ახალგაზრდობა ჰქონდა. რომ გათხოვდა, უწევდა მამამთილისთვის, დედამთილისთვის, ქმრის ძმების, დებისთვის ფეხების დაბანა და ეს რთულია, ძალიან რთულად იხსენებს. ეხლა ეს ტრადიცია აღარ არის, თაობა იცვლება და იმას ამბობენ, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. პროექტში არიან ქალები, რომლებიც დაემორჩილნენ ტრადიციას, არიან ქალები, რომლებმაც შემდეგ უარი თქვეს ამ ტრადიციაზე, და ქალები, რომლებმაც მაშინვე უარი თქვეს”.

ქალების თემა განსაკუთრებით ახლობელი და ემოციური აღმოჩნდა ხატია ტყეშელაშვილისთვის. ისევე როგორც ყველა, თანმიმდევრულად მიყვებოდა ფოტოამბებს და კითხულობდა ფოტოგრაფების მინაწერს:

ფოტოგამოფენა
ფოტოგამოფენა

„მომწონდა ის, რომ იწვევს ემოციების გარეთ გამოტანას, ის პრობლემებია ასახული ფოტოებზე, რაც შენს თვალწინაც მომხდარა, შენს ქვეყანაში ხდება, სამეზობლოში, უბანში, სამეგობროში ხდება. ცოტა რთულია ამის ასე თვალსაჩინოდ დანახვა, მაგრამ, ჩემი აზრით, კარგი კათარზისია და კარგი მესიჯია იმათთვის. უნდა ავლაპარაკდეთ ამ ყველაფრის შესახებ. მუშა ქალები, მათი მძიმე სამუშაო პირობები და ძალადობის მსხვერპლი ქალების ფოტოები ყველაზე სულისშემძვრელი იყო ჩემთვის”.

პროფესიული პლატფორმა „მაიენგელი“ და გამოფენა „ყინულის გალღობა” აერთიანებს იმ ფოტოგრაფებსა და ხელოვანებს, ვისაც თავისი ქვეყნის შესახებ ხელოვნების ენით შეუძლია საუბარი. გამოფენის კურატორი და პროფესიული პლატფორმა „მაიენგელის” ავტორი გიორგი გოგუა რეგიონში ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეულ ყინულზე და გამოფენის შესახებ ლაპარაკობს:

„ჩვენ იმდენად ცოტა ინფორმაცია გვაქვს ერთმანეთზე, ამ სამ ქვეყანაზე, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, რომ არ ვიცით, რამდენად მსგავსი შეიძლება იყოს ერთმანეთის პრობლემები. ეს რომ ვიცოდეთ, მაშინ, ალბათ, უფრო მარტივი და უშუალო იქნებოდა ჩვენ შორის კავშირი. ყინული პირობითად შეიძლება იყოს ის ინფორმაციის ნაკლებობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. არ მინდა ყურადღება გავამახვილო იმ კონფლიქტურ სიტუაციებზე, რომლებიც არის ამ რეგიონში, იმიტომ რომ ამ საიტის მიზანი ზუსტად კონფლიქტის გადაჭრაა, თუმცა არა კონფლიქტზე ლაპარაკის კუთხით, არამედ ადამიანების, მათ შორის პროფესიული თანამშრომლობისა და ურთიერთობის კუთხით”.

გამოფენა „არტარეას“ საგამოფენო სივრცეში 15 მაისამდე დარჩება, ხოლო შემდეგ კულტურული დიალოგი სამ ქვეყანას შორის „მაიენგელის” პლატფორმაზე უკვე ინტერნეტსივრცეში გაგრძელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG