Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დათხოვნილი მსახიობების აქცია


საპროტესტო აქცია მოზარდმაყურებლის თეატრთან
საპროტესტო აქცია მოზარდმაყურებლის თეატრთან
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დათხოვნილმა ორმოცმა თანამშრომელმა თეატრის შენობის წინ აქცია გამართა. მსახიობები თეატრის მმართველმა მიხეილ ანთაძემ 23 მარტს ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა. თეატრის ადმინისტრაციის განცხადებით, მსახიობთა გათავისუფლება რეორგანიზაციის შედეგია. თავად მსახიობები თეატრის მმართველს კორუფციაში, რამდენიმეთვიან სახელფასო დავალიანებაში ადანაშაულებენ და მათ გათავისუფლებაში პოლიტიკურ მოტივსაც ხედავენ.

მოზარდმაყურებელთა თეატრიდან 23 მარტს დათხოვნილი მსახიობების განცხადებით, ყველაფერი იმ წერილს მოჰყვა, რომლითაც თეატრის ოცდათოთხმეტმა მსახიობმა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკა რურუას მიმართა. მსახიობები მინისტრს თეატრში არსებული დარღვევების, მათ შორის, სახელფასო დავალიანების შესახებ წერდნენ - აცნობებდნენ, რომ გაუცემელი იყო 2010 წლის 2 თვის და 2011 წლის 4 თვის ხელფასები.
თეატრის წინ გამართულ აქციაზე მსახიობმა თამარ ლოლაძემ თქვა:

”[მიხეილ ანთაძე] ხელზე არ გვაძლევს გათავისუფლების ბრძანებებს, რა მიზეზით გაგვიშვა. მესამე წელია გვადებინებს ხელშეკრულებებს და ხელზე არ გვაძლევს და როგორც უნდა, ისე ცვლის. ბანკის ამონაწერებში ხელფასის სახით თანხა არ არის გადარიცხული. ხან გვირიცხავს, ხან არა, ზოგს ურიცხავს, ზოგს არა.”
ჩემთან პირადად დაიწყო ვაჭრობა, თუ საერთაშორისო ფონდ ”ქართუსთან” მოაწერ ხელს დახმარებაზე, ეს არის ჭუჭყიანი ფული და ყველას გაგიშვებთ თეატრიდანო და ასეც ხდება...
პავლე ნოზაძე

სახელფასო დავალიანების გარდა, მსახიობები მათი გათავისუფლების მიზეზად კიდევ ერთ საკითხს ასახელებენ. მსახიობ პავლე ნოზაძის თქმით, თეატრის მმართველმა მათ ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა - უარი უნდა ეთქვათ საერთაშორისო ფონდ „ქართუსგან“ ფინანსურ დახმარებაზე. სანაცვლოდ ის ანაზღაურების გაზრდას ჰპირდებოდა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თეატრში ხელფასები დაბალი იყო და ისიც არასტაბილურად გაიცემოდა, მსახიობთა ნაწილმა საქველმოქმედო ფონდის დახმარებაზე უარი ვერ თქვა, მით უფრო, რომ ასეთი პრაქტიკა სხვა თეატრებშიც არსებობს, ამბობს პავლე ნოზაძე:

”ჩემთან პირადად დაიწყო ვაჭრობა, თუ საერთაშორისო ფონდ ”ქართუსთან” მოაწერ ხელს დახმარებაზე, ეს არის ჭუჭყიანი ფული და ყველას გაგიშვებთ თეატრიდანო და ასეც ხდება: ყველა მსახიობს ეუბნებიან თეატრში, მოიტანე ”ქართუდან” ამონაწერი, რომ არა გაქვს ურთიერთობაო. აი, ეს იყო მიზეზი.”

თეატრის მმართველ მიხეილ ანთაძის კომენტარის მოსმენა რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო. თეატრის შენობაში ადმინისტრატორმა არ შეგვიშვა იმ მიზეზით, რომ მმართველი იქ არ იმყოფებოდა, მის პირად მობილურ ტელეფონზე კი ქალბატონმა გვიპასუხა, რომელმაც თავი წარმოგვიდგინა როგორც მიხეილ ანთაძის თანაშემწე მაია კაპანაძემ. სწორედ მისი განმარტებით, თეატრის 40 თანამშრომელს იანვარში დადებული ხელშეკრულება არ გაუგრძელდა ერთადერთი მიზეზით და ეს არის რეორგანიზაცია, რომელიც 6 თვის წინ დაიწყო:
უბრალოდ, ეს იყო ფარსი. რეორგანიზაციის თაობაზე არც შევკრებილვართ. ზაფხულის თვეებში რომ ვერ გასცემდა ხელფასებს, ამის საბაბით გააკეთა ეს...
კახა გაბელია

”თეატრში რეორგანიზაცია იყო და გაშვებულები არიან, არ გაუგრძელდათ ხელშეკრულება მთელ რიგ მსახიობებს. საჭიროებამ და თეატრის რეალობამ მოითხოვა და მოხდა რეორგანიზება და თავიდან ბოლომდე ყველაფრის საქმის კურსში არის კულტურის სამინისტრო, საბუთებით და ყველაფრით აბსოლუტურად სრულად.”

განმარტებას, რომ მსახიობები, რეორგანიზაციის გამო გათავისუფლდნენ, ფარსს უწოდებს თეატრის მსახიობი, სამხატვრო საბჭოს წევრი კახა გაბელია. მისი სიტყვებით, ის რეორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო და იცის, თუ როგორ მიმდინარეობდა რეორგანიზაცია:

”უბრალოდ, ეს იყო ფარსი. რეორგანიზაციის თაობაზე არც შევკრებილვართ. ზაფხულის თვეებში რომ ვერ გასცემდა ხელფასებს, ამის საბაბით გააკეთა ეს. შემდეგ სექტემბერში გავაფორმეთ ისევ ხელშეკრულებები იანვრის ბოლომდე, იმ ხელშეკრულებების ასლებიც არ გადმოგვცა. სექტემბერში გასცა ერთი თვის ხელფასი, შემდეგ იანვრის 24 -ში გასცა კიდევ ხელფასი და იანვარში გააფორმა ახალი ხელშეკრულებები და 23 მარტს დააგვირგვინა ამ ადამიანების გაშვებით.”

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მინისტრ ნიკა რურუას აზრით, ეს თემა თავად თეატრის შიდაგანხილვის საგანია. თუმცა უნდა ითქვას, რომ რამდენიმე ხნის წინ მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი თეატრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეხვდა და საკითხში გარკვევას დაჰპირდა.

4 აპრილს მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობმა პავლე ნოზაძემ თეატრის წინ, აქციაზე, ექსპრომტად შეასრულა ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების, „დიდროს“ მიხედვით დადგმული სპექტაკლიდან და საკუთარი სათქმელიც ამით გამოხატა:

”შიგნით ვკვდები და გარეთ გამოვდივარ. გამოდი, სულო, სინათლეზე, გენაცვალოს დიდრო. ღმერთო, გევედრები, ღმერთო, გადამირჩინე ქვეყანა და გადამირჩინე თეატრი, ამ ერთს გთხოვ მხოლოდ.”

აი, ეს დიდრო გაუშვეს თეატრიდან, ამბობდნენ მსახიობები და ტროტუარზე, იმპროვიზებულ სცენაზე მდგარ პავლე ნოზაძეს ტაშს უკრავდნენ.
მსახიობების განცხადებით, ასეთი პერფორმანსები კვირაობით გაიმართება თეატრის წინ. ამასთან, ისინი სასამართლოს მიმართავენ საკუთარი უფლებების აღდგენის მოთხოვნით.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG