Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგრარული უნივერსიტეტი კითხვის ნიშნით


საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარებულ მონიტორინგს, რომელმაც უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, აგრარული უნივერსიტეტის რექტორი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. საკითხის პოლიტიზება მიუღებლად მიაჩნია განათლების მინისტრს.

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფმა შესვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასული წლის ბოლოს აგრარული უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულმა პედაგოგებმა ცენტრს წერილით მიმართეს და აუწყეს, რომ უნივერსიტეტში ირღვევა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები. მონიტორინგის ჯგუფმა უნივერსიტეტში ერთი კვირა გაატარა და მოამზადა დასკვნა, რომლის საფუძველზეც, ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტს, ჩამოერთმევა თუ არა აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია. აქვე განვმარტოთ, რომ ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი და ის სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქმიანობის განსახორციელებლად და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში მონიტორინგის მიერ დაწერილ დასკვნას სასაცილოს უწოდებს და ამბობს, რომ დასკვნის არც ერთ შენიშვნას არაფერი აქვს საერთო განათლების ხარისხთან. მისი თქმით, შენიშვნები მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატიულ ხასიათს ატარებს და ეხება, მაგალითად, საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ლაშა გოცირიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ მონიტორინგის ჯგუფი უნივერსიტეტში საახალწლო არდადეგების პერიოდში შევიდა.

”იმისათვის, რომ შეისწავლო რეალური სურათი, საჭიროა, პირველ რიგში, გაეცნო საჭირო დოკუმენტაციას, გაესაუბრო სტუდენტებს, რას ასწავლიან, როგორ ასწავლიან, გაესაუბრო პედაგოგებს, მაგრამ სინამდვილეში მსგავსი არაფერი ყოფილა. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ უნივერსიტეტში არდადეგები იყო და, მეორე მხრივ, იმიტომ, რომ მათ სურვილიც კი არ გამოუთქვამთ დაესვათ მარტივი კითხვებიც კი. მაგალითად გეტყვით, რომ მათ ვერ იპოვეს 30 თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულება და იმის მაგივრად, რომ ეკითხათ, თუ სად იყო ეს ხელშეკრულებები და ჩვენ ამ ხელშეკრულებების ადგილსამყოფელს აუცილებლად მივუთითებდით, დასკვნაში ჩაწერეს, რომ უნივერსიტეტის კავშირი ამ 30 ადამიანთან არ დგინდება”, - ამბობს ლაშა გოცირიძე.
ეს ყველაფერი პოლიტიზებული პროცესია. მინისტრს ეზარება დასკვნის წაკითხვა და მე მას ვერც ვურჩევდი, რომ წაიკითხოს ეს დასკვნა, რადგან, ალბათ, მისი ფაქიზი ბუნება ვერ გადაიტანდა ამგვარ დარტყმას...
კახა ბენდუქიძე

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამ ეტაპზე მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის, დასკვნის დეტალებისა თუ ავტორიზაციის საბჭოს მოსალოდნელი გადაწყვეტილების თაობაზე კომენტარისაგან თავს იკავებს.

აგრარული უნივერსიტეტის მფლობელია არასამეწარმეო, არაკომერციული პირი ”ცოდნის ფონდი”, რომელიც 2007 წელს ”თავისუფალი უნივერსიტეტის” ხელმძღვანელმა კახა ბენდუქიძემ დააფუძნა. როგორც ლაშა გოცირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, 2011 წლიდან მოყოლებული, უნივერსიტეტში ფონდმა 14 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩადო, რომელიც მოხმარდა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ლაბორატორიული თუ სასწავლო აუდიტორიების აღჭურვას. აგრარული უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, 2011 წლიდან დღემდე რადიკალურად არის გაუმჯობესებული როგორც უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ისე სწავლის ხარისხი. სწორედ ამიტომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში უნივერსიტეტის ავტორიზაციის ჩამორთმევა-არჩამორთმევის საკითხი და ამიტომ გამოთქვამს, ვარაუდს, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს კახა ბენდუქიძის ფაქტორს.

სტუდენტების საპროტესტო აქცია
სტუდენტების საპროტესტო აქცია
პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს თავად კახა ბენდუქიძე აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს ავტორიზაციის საბჭოს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე განუცხადა:

”ეს ყველაფერი პოლიტიზებული პროცესია. მინისტრს ეზარება დასკვნის წაკითხვა და მე მას ვერც ვურჩევდი, რომ წაიკითხოს ეს დასკვნა, რადგან, ალბათ, მისი ფაქიზი ბუნება ვერ გადაიტანდა ამგვარ დარტყმას. პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს შემოწმება შემდგარიყო, სწორედ სამინისტრომ მიიღო”, - აცხადებს კახა ბენდუქიძე.

”საქმის პოლიტიზება განათლების სისტემას ავნებს”, - ასე გამოეხმაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აგრარული უნივერსიტეტის რექტორის განცხადებას. მისი თქმით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავტორიტეტით სარგებლობს და ის თავის საქმეს ასრულებს:
ის მოწოდება, რაც მინისტრის მიმართ გვქონდა, რომ მოვიდეს და დაათვალიეროს აქაურობა, მდგომარეობდა იმაში, რომ თავისი თვალით ენახა და შეემოწმებინა, თუ როგორ ტარდება ლექციები, როგორი ინფრასტრუქტურაა აგრარულ უნივერსიტეტში...
ლაშა ვაშაკიძე

”თუ ჩვენი მანდატის შესრულებისას მოხდება თემის პოლიტიზება, მე ვამბობ, რომ ეს ავნებს საქმეს, საგანმანათლებლო სისტემას, ეს ავნებს თითოეულ იმ ადამიანს, ვინც აკეთებს პოლიტიკურ სპეკულაციას”, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

განათლების მინისტრს მიმართეს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა. მათ გიორგი მარგველაშვილს უნივერსიტეტის დათვალიერება და სტუდენტებთან გასაუბრება სთხოვეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრაზე გასული კვირის ბოლოს მზადყოფნა გამოთქვა, დღეს მისთვის უკვე მიუღებელია სტუდენტების ტონი. აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ლაშა ვაშაკიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს სტუდენტთა მოწოდებას განათლების მინისტრისადმი და ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ ჩათვალა მათი მოწოდება მინისტრმა მიუღებელ ტონად:

”ის მოწოდება, რაც მინისტრის მიმართ გვქონდა, რომ მოვიდეს და დაათვალიეროს აქაურობა, მდგომარეობდა იმაში, რომ თავისი თვალით ენახა და შეემოწმებინა, თუ როგორ ტარდება ლექციები, როგორი ინფრასტრუქტურაა აგრარულ უნივერსიტეტში და მგონია, რომ ვერავინ იტყვის, რომ ამ უნივერსიტეტს ავტორიზაცია არ უნდა ჰქონდეს. მე ვსწავლობდი აქ 3 წლის წინაც, როცა აქ არაფერი ხდებოდა და აქ სწავლას სწავლას ვერ დაარქმევდი. და ვსწავლობ ახლაც, განსხვავება ცა და დედამიწასავით არის”, - ამბობს ლაშა ვაშაკიძე.

აგრარული უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას და იმის გარკვევას ელოდება, შეუნარჩუნდება თუ არა ავტორიზაცია აგრარულ უნივერსიტეტს. თუკი საბჭოს გადაწყვეტილებით აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია ჩამოერთმევა, რექტორის განმარტებით, 2000-ზე მეტი სტუდენტი, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში სწავლობს, გადანაწილდება სხვა სასწავლებლებში, რაც, მისი თქმით, აგრარული უნივერსიტეტის დახურვას ნიშნავს.
XS
SM
MD
LG