Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

უამინდობის გამო სამეგრელოში თხილისა და სიმინდის დაბალი მოსავალია


გასული წლისგან განსხვავებით, წელს სამეგრელოს სოფლებში თხილისა და სიმინდის დაბალი მოსავალია. სოფლის მცხოვრებლები რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჰყვებიან, რომ ოჯახებს სწორედ ამ პროდუქტების რეალიზაციიდან შემოსული თანხით არჩენდნენ. დაბალი მოსავლის გამო რესპონდენტები წელს თანხების მაქსიმალურად დაზოგვას გეგმავენ - ამბობენ, რომ შეიძენენ მხოლოდ იმ სურსათს, რომელიც არსებობისთვის აუცილებელია.
დაბალი მოსავლიანობის მიზეზად გლეხები უამინდობას ასახელებენ. ნაწილს მოსავალი მიმდინარე წლის ივნისის თვეში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გაუნადგურა, ნაწილი კი დაბალ მოსავალს განსაკუთრებით ცხელ ზაფხულს აბრალებს:

„წელს არ არის თხილი - მაგარი სიცხეები იყო და ამის გამო..... ფასი კი აქვს ისე - 2. 90 თეთრი ღირს. თხილი არ არის, მაგრამ ფასი აქვს. სოფლებში ძროხები გვყავს, თხილიც ცოტაა, მაგრამ ფასი აქვს და გავიტანთ როგორმე თავს.“

„სიმინდი ძლიერი სიცხეების გამო დაიწვა. ბოსტანი ძლიერი წვიმების დროს დამეტბორა, არაფერი არ არის ჩვენთან.“

„ვერაფერს ვერ იტყვი. ბუნებამ რა უნდა გითხრას, ან შენ რა უნდა უთხრა მას. საერთოდ არ არის მოსავალი.“

„თხილი ნახევარი ტონა რომ მქონდა, იქ ახლა 100 კგ მაქვს.“

„ძალიან ცუდია, მოსავალი საერთოდ არ არის. რამდენიმე წელია მატლები (ე.წ. თეთრი პეპელა) ჭამს თხილის ფოთლებს. წელს კი შეწამლეს, მაგრამ წლების განმავლობაში პეპლის მიერ მიყენებულმა ზარალმა შედეგი გამოიღო და ნაყოფი არ მოგვცა წელს. ბოსტანიც ამ სიცხეების გამოა განადგურებული. სოფლებში მეტი რა არის. სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ამინდი არ ამართლებს და ხალხს ტყუილა უწევს შრომა“, – ამბობს სოფლის მოსახლეობა.

ფქვილი, ზეთი, შაქარი და ა.შ. 50%–ის ზევით ვისაც აქვს ზიანი, იმათზე ფულადი დახმარების გაცემაზეა საუბარი. ასეთი სულ 5 ოჯახი ყოფილა ...
მამუკა ქარდავა

ივნისის თვეში სტიქიის შედეგად სხვებზე მეტად დაზარალებულ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დღეიდან სასურსათო დახმარების დარიგება დაიწყება. წალენჯიხის გამგებლის მამუკა ქარდავას განცხადებით, სურსათს ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა ზარალიც 50%-ს არ აღემატება. ასეთი კი მამუკა ქარდავას ცნობით 120–მდე ოჯახია.

რაც შეეხება ფულად კომპენსაციას, გამგებლის თქმით, მას 5 ოჯახი მიიღებს. თანხის ოდენობა და გაცემის თარიღი მამუკა ქარდავასთვის უცნობია.

„დღეს ველოდები სურსათს: ფქვილი, ზეთი, შაქარი და ა.შ. 50%–ის ზევით ვისაც აქვს ზიანი, იმათზე ფულადი დახმარების გაცემაზეა საუბარი. ასეთი სულ 5 ოჯახი ყოფილა. იმ დონის დაზიანება სტიქიას არ მოუტანია. სიმინდი დაწვა იმ წვიმის დროს, მაგრამ ადგა ახლა და, აღწერის შედეგად, 100% –იანი ზარალი არც ერთ ოჯახს არ ჰქონია“, – განაცხადა მამუკა ქარდავამ.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ზუგდიდის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ შანავას განცხადებით, აქ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე სურსათისა და ფულადი კომპენსაციების გაცემა ჯერ არ დაწყებულა. თენგიზ შანავას თქმით, სახელმწიფო დახმარება აუცილებლად გაიცემა, თუმცა გაცემის თარიღი მისთვის ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG