Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

როგორ აფასებენ თვითმმართველობის რეფორმის ერთ წელს ზუგდიდში


ზუგდიდი
ზუგდიდი

ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე რეფორმის შედეგების შეფასება არაერთგვაროვანია. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მასში განსაკუთრებულ ხარვეზს ვერ ხედავენ, განსხვავებით ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილისგან. რეფორმის შეფასებისას ყოველ მათგანს ძირითადი სიახლე - ქალაქ ზუგდიდისა და თემის მუნიციპალიტეტის გაყოფა, მასთან დაკავშირებული ცვლილებები და საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი - ახსენდება. ზუგდიდში მოქმედი ოპოზიციური პარტიები რეფორმის შემდგომი თვითმმართველობის მთავარ პრობლემად საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების არაკომპეტენტურობასა და არაპროფესიონალიზმს ასახელებენ, რაც, თავის მხრივ, საჯარო მოხელეთა კონკურსის მიმართ -რა გზითაც ისინი შეირჩნენ - უნდობლობას გულისხმობს.

„რამდენი ადამიანი ვიცით, რომელმაც რეალურად ტესტირება გაიარა, მათ შორის, ძველმა, გამოცდილმა თანამშრომლებმა, თუნდაც ახალმა კადრებმა, ბოლოს კი ასეთმა ხალხმა გასაუბრება ვერ გაიარა. სწორედ იმ გასაუბრებაში დევს მთავარი ინსტრუმენტი უარის თქმის. ტესტირებაგავლილს გაესაუბრება, ასე ვთქვათ, ხელისუფალი და ეუბნება, მე შენ არ მომეწონეო. თუ კონკურსის პირობები დავაკმაყოფილე, რას ნიშნავს არ მოგეწონე?“ - აცხადებს ქალაქის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათლომე შელია. მის ამ მოსაზრებას ეთანხმებიან სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლაშა ფარცვანია, რომელიც აცხადებს:

„არაეფექტურობა, ჩემი აზრით, გამომდინარეობს კვალიფიციური კადრების დეფიციტიდან. ისინი უფრო მეტად უნდა დაფიქრდნენ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას“.

დადებით მოვლენად ის და ბათლომე შელია საკრებულოს უფრო გამჭვირვალე და ღია მუშაობას ასახელებენ, ისევე როგორც „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელი თენგიზ ხარჩილავა:

„მე ვთვლი, რომ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველი პარტია - ის თვითმმართველობა, რომელიც დღეს არის - თვითკმაყოფილებას მიეცეს. მე არ მგონია, ზუგდიდელი ამორჩეველი კმაყოფილი იყოს. მე მინდა აქცენტი გავაკეთო ამ შემთხვევაში ეკონომიკურ ნაწილზე და არა პოლიტიკურზე. ქვეყანაში რაც იყო სოციალური მდგომარეობა, იგივე დარჩა, თუ არ გაუარესდა, და ეს განსაზღვრავს სწორედ მათ მუშაობას“.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები რეფორმას დადებითად ახასიათებენ. მაგალითად, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუას განცხადებით, მთავარი მონაპოვარი მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევაა:

„ეს წინგადადგმული ნაბიჯია აშკარად, იმიტომ რომ ხალხის ნდობა უფრო მეტია. საკრებულო გახდა მრავალპარტიული. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ არის ბევრად ქმედითუნარიანი. ბევრი რამ შეიცვალა ადგილობრივი ქონების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. წლის განმავლობაში დარეგისტრირდა ათეულობით მიწა, რომელიც შემდეგ უკვე გაიყიდა. არაფინანსურ აქტივებზეა საუბარი. ეს ყველაფერი წინა წლებში იყო საკმაოდ პრობლემატური. ახლა ეს ბევრად მარტივია“.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის შეფასებას, მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ ცვლილებას აკნინებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმა, რომლითაც საკრებულოს შეუძლია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეულ თანამდებობის პირს უნდობლობა გამოუცხადოს და გადააყენოს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვის პროცესში გაეუქმებინა ეს ნორმა, მაგრამ ეს რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG