2022 წლის დასაწყისში რუსულ საბავშვო სახელმწიფო ტელეარხზე მოსკოვში მოქმედი სტუდია Safir Animation-ის ანიმაციური სერიალი "კურდღელი ძმები" გავიდა. Safir Animation-ის გენერალური პროდიუსერი, რეჟისორი და ერთადერთი მფლობელი, რუსულად თავისუფლად მოლაპარაკე, ირანის მოქალაქე, 57 წლის არაშ დორუდია.
დორუდის მსგავსი სახელწოდების კიდევ ერთ სტუდიასთან აქვს კავშირი, რომელიც არა მულტფილმებს, არამედ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ვიდეოებს აწარმოებს ირანის სამხედრო განვითარებაზე.
„დღეს რუსი მაყურებლის მოსაზიდად საჭიროა მოქმედება“, - უთხრა დორუდიმ რუს პოდკასტერს, როცა მის ბიზნესსტრატეგიაზე ჰკითხეს.
რადიო თავისუფლების რუსული საგამოძიებო ჯგუფ "სისტემის" გამოძიება აჩვენებს, რომ საბავშვო ანიმაციებითა და სამხედრო თემატიკის ვიდეოებით არ შემოიფარგლება დორუდის საქმიანობა.
რუსეთის მთავარი შიდა სადაზვერვო სამსახურს ის სამხედრო გიროსკოპების ექსპორტის მცდელობაშიც ჰყავს დადანაშაულებული. გაჟონილი მემორანდუმის მიხედვით კი დორუდი ასევე იდენტიფიცირებული იყო, როგორც ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული სტრუქტურის მრჩეველი.
მისი ჩრდილოვანი ბიზნესკავშირები იკვეთება სოჰრაბ და უშანგ გაირათებთან - ორ ავღანელ ძმასთან. მათი მამა მოსკოვში ავღანეთის საელჩოს დიპლომატი იყო.
სოჰრაბმა დორუდის ყოფილი კინოსტუდია გადაიბარა და მოგვიანებით მეტ-ნაკლებად წარმატებული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გამოუშვა.
ამავე დროს, ძმები გაირათები დაკავშირებულნი არიან სრულიად სხვა საქმიანობასთანაც - მათ შორის, ირანის მხარდაჭერით მოქმედ იემენელ ჰუთი მეამბოხეებისთვის რუსული იარაღის მიწოდებაში დახმარებასთან. ჰუთები აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არიან აღიარებულნი.
დორუდიმ სისტემის შეკითხვებს არ უპასუხა. სოჰრაბ გაირატმაც არ უპასუხა კითხვებს, ხოლო უშანგმა მხოლოდ ის თქვა, რომ „რუსეთში მთარგმნელად ვმუშაობო.“
მოსკოვიდან სანამდე
სრულმეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა Dolphin Boy - დელფინების მიერ გაზრდილი ბიჭის ამბავზე, 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთში გამოსვლის შემდეგ თითქმის 95 მილიონი რუბლი (1.17 მილიონი დოლარი) გამოიმუშავა. სტუდია Sky Frame-ს ფილმს პოპულარობა საუნდტრეკმაც მოუპოვა, ცნობილი პოპმომღერლის სიმღერებით.
Sky Frame-ს სოჰრაბ გაირათი ხელმძღვანელობს.
"ბიჭუნა დელფინი" საერთაშორისო პლატფორმებზეც გამოქვეყნდა - Netflix, Apple TV და Amazon Prime Video. ინგლისურენოვანი უფლებები შეიძინა კალიფორნიულმა სტუდიამ Lionsgate-მა.
2025 წლის 4 აპრილს, ფილმის ჩვენებაზე მოსკოვში, ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე, 39 წლის სოჰრაბი საჯაროდ გამოჩნდა და გავრცელებული ფოტოები ფეისბუკზე სპარსულ ენაზე ირონიული კომენტარით გამოაქვეყნა: "ახალი ამბების სააგენტოებო, რომლებმაც სამი დღე და ღამე გაათენეთ უსაფუძვლო ფანტაზიებით შეპყრობილებმა, გთხოვთ ჩემი კარგი ფოტოები გამოიყენოთ ის სასაცილო ამბების გავრცელებისას, ჩემზე რომ წერთო"
პოსტში ბოლომდე ცხადი არ იყო რას გულისხმობდა, მაგრამ ორი დღით ადრე, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სოჰრაბ გაირათი, მისი კომპანია და მისი ძმა სანქციების სიაში შეიყვანა.
სამინისტრომ ისინი ჰუთების მხარდაჭერაში დაადანაშაულა - რუსული იარაღის მოპოვებაში უწევენ დახმარებას და ასევე მონაწილეობენ, სავარაუდოდ, უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის იემენში და სხვა ქვეყნებში გაგზავნაშიო.
მოსკოვში ავღანეთის საელჩოს პირველი მდივნის შვილები - ორივე ძმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) კურსდამთავრებულია და თავისუფლად ფლობს რუსულ ენას.
სოჰრაბმა Sky Frame 2021 წლის 11 მარტს გადაიბარა, ერთი დღის შემდეგ, რაც დორუდიმ Safir Animation-ის დასაარსებლად დატოვა სტუდია.
ამერიკული სანქციების გამოცხადებისას, სოჰრაბის და უშანგის შესახებ ეწერა, რომ ისინი იარაღისა და ნავთობის გადაზიდვებით ირანში მცხოვრები ჰუთების მაღალი რანგის წარმომადგენლის, საიდ ალ-ჯამალის მითითებით იყვნენ დაკავებული.
ალ-ჯამალი, სავარაუდოდ, მართავს კომპანიებისა და გემების ქსელს, რომელიც ირანულ ნავთობსა და საწვავს კონტრაბანდულად აწვდის სხვადასხვა რეგიონს. შემოსავლის ნაწილი, ამერიკული მხარის ცნობით, გადამისამართდება ჰუთებთან, ირანის რევოლუციური გვარდიის ქვედანაყოფებთან და ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“.
არის კიდევ ერთი კავშირი ძმებ გარიათების ნავთობისა და იარაღის სავარაუდო კონტრაბანდასთან ჰუთი მეამბოხეებისთვის: დაახლოებით 10 წლის წინ ისინი ჩართული იყვნენ ხანმოკლე ბიზნესაქტივობაში - შექმნეს საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია, რომელსაც "პირველი დამოუკიდებელი ავღანური სოციალური ქსელისთვის" უნდა დაედო საფუძველი.
ამ საქმიანობაში კიდევ ერთი კაცი იყო ჩართული - ქამალუდინ ნაბიზადუ - რომელიც იქამდე მოსკოვში, ავღანეთის საელჩოში ელჩის მოადგილე იყო.
თავად ნაბიზადუ ამერიკული სანქციების სიაში ძმებზე 3 წლით ადრე, 2022 წელს მოხვდა. ფინანსთა დეპარტამენტი მას ირანული ნავთობის რუსეთში გადატანაში და ასე ირანისთვის მილიონების მოპოვებაში ადანაშაულებდა. ეს საქმიანობა რუსეთის მთავრობასა და დაზვერვის სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით ხდებოდაო - წერდა აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი.
უკრაინული მარცვლეული
Sky Frame-ის ვებგვერდზე სტუდიის შესახებ ძირითადი ინფორმაციის გარდა 13 მარტამდე განთავსებული იყო Triticum Group Commodities-ზე გადასასვლელი ბმული.
ლინკდინის გვერდზე ეს კომპანია საკუთარი თავის შესახებ წერს, რომ საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში საქმიანობს და ეს საქმიანობა ძირითადად ახლო აღმოსავლეთში მარცვლეულის იმპორტს მოიცავს.
ლინკდინზე ასევე მითითებული იყო კომპანიის ერთადერთი თანამშრომელი - უკრაინაში დაბადებული ადელინა უსტა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს.
სისტემა 13 მარტს დაუკავშირდა უსტას კომენტარისთვის. მან პასუხებზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ Triticum Group Commodities ლინკდინ-პროფილი, ტელეგრამის ანგარიში და ვებსაიტი ერთი დღით გაქრა, ისევე როგორც Sky Frame-სტუდიის ინგლისური და რუსული ვებსაიტები.
კორპორაციების რეესტრის მიხედვით, Triticum Group Commodities ოფისი მოსკოვის Москва-Сити-ს ბიზნესცენტრშია დარეგისტრირებული. იმავე მისამართზე რეგისტრირებულია Kolibri Group-იც, რომლის დირექტორია სოჰრაბ გაირათი, ხოლო მფლობელი - მისი ძმა, უშანგი.
ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით Kolibri Group-ის ძირითადი საქმიანობა მარცვლეულის ყიდვა-გაყიდვას მოიცავს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ძმებ გაირათებს ადანაშაულებს 2024 წელს უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის მინიმუმ ორი პარტიის იემენში გაგზავნის ორგანიზებაში.
კურდღელი ძმები - Bunny Brothers
სოჰრაბ გაირათისა და დორუდის ურთიერთობის სრული მასშტაბი უცნობია, თუმცა დორუდი წლებია რუსეთში სხვადასხვა ბიზნესშია ჩართული.
ირანის ქალაქ მეშჰედში დაბადებულმა დორუდიმ 2014 წელს მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. 2021 წელს, ერთ თვეში რაც Sky Frame დატოვა, დააფუძნა Safir Animation - სტუდია, რომელმაც შექმნა Bunny Brothers.
მისი კომპანია Safir LLC ოფიციალური სარეგისტრაციო ჩანაწერების მიხედვით საკუთარ თავს აღწერს როგორც „სანდო ხიდს რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის“ და ამისთვის კლიენტებს "სხვადასხვა ლოგისტიკურ და ტექნოლოგიურ მომსახურებას" სთავაზობს.
სერიალმა Bunny Brothers, რომელიც არხ Karusel-ზე გადიოდა, დიდ წარმატებას ვერ მიაღწია - მაყურებლებს ნახატები მოსწონდათ, მაგრამ შინაარსი არა.
2025 წლის იანვარში ჰაკერულმა ჯგუფმა ARES გაავრცელა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც დორუდი ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ცენტრის მრჩეველია.
(მასალა მომზადებულია „სისტემას“ რედაქტორის ანდრეი სოშნიკოვისა და კორესპონდენტ ანტონ ბაევის მონაწილეობით)