Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი

რესპუბლიკელი კანონმდებელი, ჯო უილსონი წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრამდე საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტს წარადგენს, 8 ივნისი, 2026 წელი
რესპუბლიკელი კანონმდებელი, ჯო უილსონი წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრამდე საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტს წარადგენს, 8 ივნისი, 2026 წელი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.

კანონპროექტი H.R. 7668 ასახავს ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სულ უფრო უახლოვდება აშშ-ის მთავარი მეტოქეების მიერ კონტროლირებულ პოლიტიკურ ორბიტას.

კანონპროექტი 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.

დოკუმენტი ახლა სენატს უნდა გაეგზავნოს კენჭისყრისთვის.

სენატში დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტი სახელმწიფო მდივანს, ეროვნული უშიშროების სააგენტოს დირექტორთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, დაავალდებულებს ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარმოადგინონ საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსეთის და ჩინეთის დაზვერვის უჯრედების შეღწევის, და ასევე რუსეთის და ჩინეთის გავლენების გადაკვეთის და თანამშრომლობის შესახებ.

იგივე ვალდებულება შესულია აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა დაამტკიცა, და ახლა ასევე სენატის მხარდაჭერას ელის.

8 ივნისი კენჭისყრის ფონია აშშ-ის კანონმდებლების მხრიდან გამოთქმული მზარდი კრიტიკა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიული ნორმებიდან, დაუახლოვდა რუსეთს და ჩინეთს - მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობისა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ.

კანონპროექტის ავტორია რესპუბლიკელი ჯო უილსონი.

"საქართველო აშშ-ის გაბედული და ვეტერანი მოკავშირეა, მისი მოსახლეობა უდიდესი უმრავლესობით უჭერს მხარს ძლიერ კავშირებს დასავლეთთან. ... წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა MEGOBARI აქტი, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთობის გაძლიერებას საქართველოს ხალხთან" - თქვა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას და დასძინა:

"არალეგიტიმური "ქართული ოცნების" რეჟიმი არის ქვეყნის მიყიდვის პროცესში ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის... ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის, ქართველი ხალხის სურვილების და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ. საქართველოში არჩევნები გაყალბდა".

კენჭისყრის შემდეგ რადიო თავისუფლებასთან საუბარში უილსონმა თქვა, რომ კანონპროექტი ემსახურება ქართველი ხალხის, და არა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდაჭერას.

"ანტი-ამერიკული პარტია 'ქართული ოცნება' არ წარმოადგენს ქართველ ხალხს" - ამბობს უილსონი და დასძენს: "ქართველ ხალხს სურს ძლიერი ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-სთან. საამისოდ ერთადერთი გზაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ჩინეთის, რუსეთისა და ირანის მავნე გავლენების აღმოფხვრა" - დასძენს უილსონი.

კონგრესის მზარდი შეშფოთება საქართველოს კურსის გამო

დებატების დროს ორივე პარტიის წარმომადგენლებმა კანონპროექტი წარმოადგინეს უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილად, რომელიც მათი შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და უცხოური გავლენის ზრდას პასუხობს.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ ბრაიან მასტმა განაცხადა, რომ ბოლო მოვლენებმა ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობის შესახებ „სერიოზული კითხვები“ გააჩინა.

„დღემდე რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი 2008 წლის შეჭრის შემდეგ,“ — აღნიშნა მასტმა.

მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს ასევე ჩინეთის მზარდი გავლენა საქართველოში, მათ შორის ის ფაქტი, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ჩინური კონსორციუმი შეირჩა ამერიკული კომპანიის ნაცვლად.

"კონკურენცია კარგი რამაა" - თქვა მასტმა და დასძინა - "მაგრამ როცა საქმე ეხება ასეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ რისკი, რომელსაც ჩინეთი ქმნის".

მასტის თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს დადგინდეს რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქმედებების მასშტაბი საქართველოში, და ასევე შეფასდეს, რჩება თუ არა ქვეყანა აშშ-სთან ახლო კავშირების ქონის ერთგული.

"კანონპროექტი მოითხოვს სტრატეგიას სამომავლო ურთიერთობისთვის აშშ-სა და საქართველოს შესახებ, რათა შევძლოთ შევაფასოთ რამდენად სერიოზულად ეკიდება საქართველო კავშირების გაუმჯობესების გზას" - თქვა მასტმა.

ეს შეშფოთება გაიმეორა დემოკრატების წარმომადგენელმა, კალიფორნიელმა ეიმი ბერამ - რომელმაც კანონპროექტს უწოდა პასუხი "ქართული ოცნების" პირობებში დემოკრატიის უკუსვლაზე საქართველოში.

"ბოლო წლებში, 'ქართული ოცნების' ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, ისევე, როგორც საქართველოზე უცხოური მავნე გავლენებმა რუსეთის და ჩინეთის მხრიდან, საფრთხე შეუქმნეს საქართველოში დიდი ძალისხმევით მიღწეულ დემოკრატიულ წინსვლას, კორუფციას დაუქვემდებარეს ზოგიერთი სახელმწიფო ინსტიტუტი და გამოიწვიეს ნაპრალი აშშ-საქართველოს ურთიერთობაში, კავშირებში საქართველოს ხელისუფლებასა და მის ხალხს შორის" - თქვა ბერამ.

მან კანონპროექტი დაუკავშირა MEGOBARI Act-ს, რომელიც უკვე მიიღო წარმომადგენელთა პალატამ და რომლის მიზანია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება.

„ჩვენი მიზანია ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიის, უფლებების დაცვისა და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში უფრო ღრმა ინტეგრაციის გზაზე,“ — განაცხადა მან.

უილსონი „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მწვავედ აკრიტიკებს

ყველაზე მწვავე კრიტიკა დებატების დროს ჯო უილსონისგან გაისმა, რომელიც კონგრესში საქართველოს ოპოზიციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად ითვლება.

უილსონის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა იზრდება, რადგან ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას ცდილობს.

„არალეგიტიმური ‘ქართული ოცნების’ რეჟიმი ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის, სამხედრო დამნაშავე პუტინისა და ირანისთვის გადაბარების პროცესშია, ქართველი ხალხის ნებისა და ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ,“ — განაცხადა უილსონმა.

მან ასევე თქვა, რომ ბოლო არჩევნები საქართველოში „გაყალბებული იყო“ და „ქართული ოცნება“ ანტიამერიკულ პროპაგანდას ავრცელებს, რითაც ვაშინგტონთან ურთიერთობებს აზიანებს.

„საქართველოში არჩევნები გაყალბდა,“ — თქვა მან. „ისინი ავრცელებენ ყველაზე ამაზრზენ ანტიამერიკულ პროპაგანდას და მუდმივად შეურაცხყოფენ პრეზიდენტ ტრამპს.“

უილსონმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის პროექტზე და გააფრთხილა, რომ ჩინეთის მიერ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის კონტროლმა შესაძლოა რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსი შეცვალოს.

„ჩინეთის კომუნისტური პარტია აპირებს ფლობდეს და აკონტროლებდეს რეგიონის სტრატეგიულ ღრმაწყლოვან პორტს — ანაკლიას, შავი ზღვის სანაპიროზე,“ —თქვა მან.

სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენის თქმით, ვაშინგტონსა და თბილისს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენა საქართველოში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს მოითხოვს.

„‘ქართული ოცნების’ კოშმარული რეჟიმი უნდა დაუბრუნდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უზრუნველყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, გააუქმოს დრაკონული კანონები, რომლებიც ამერიკულ ბიზნესს ახრჩობს, და დაასრულოს თავისუფალი სიტყვის რეპრესიები,“ - თქვა უილსონმა.

მისი განცხადებით, კანონპროექტი ასევე დაეხმარება ვაშინგტონს გადაწყვიტოს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო ამერიკული დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმღებად, მაშინ როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბულია.

„კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ფარული ოპერაციები გამოაშკარავდეს,“ — განაცხადა მან და დასძინა, რომ საჭიროა შეფასდეს, „უნდა დარჩეს თუ არა საქართველო დახმარების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმღებად მაშინ, როდესაც თითქმის ყოველდღიურად ავრცელებს ანტიამერიკულ პროპაგანდას.“

საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერის სიგნალი

საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკის თანმდევად, კანონპროექტის მხარდამჭერებმა აღნიშნეს, რომ მიზანი ქართველი მოქალაქეების მხარდაჭერაა და არა ქვეყნის დასჯა.

ამი ბერას თქმით, კანონპროექტი „არ ისახავს მიზნად საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციას“, არამედ აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები კვლავ ერთგულია ქართველი ხალხის „ევროატლანტიკური მისწრაფებების“.

ბრაიან მასტმაც აღნიშნა, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის უცხოური გავლენის ოპერაციებისა და ორმხრივი ურთიერთობების მომავალი მიმართულების უკეთ გაგებას.

„დროა, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ წინ წაიწიონ,“ — თქვა მან. „მაგრამ ამისთვის საჭიროა სიცხადე იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში კულისებს მიღმა, და პასუხისმგებლობიანი სტრატეგია მომავალი თანამშრომლობისთვის.“

უილსონისა და სხვა მხარდამჭერების მოსაზრებით, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება დამოკიდებული იქნება იმაზე, რასაც ისინი დემოკრატიულ სტანდარტებთან დაბრუნებას, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსა და რუსეთისა და ჩინეთის გავლენისადმი წინააღმდეგობას უწოდებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG