Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რიგითი მოქალაქისთვის სიზმარშიც წარმოუდგენელია“ - ბაჩიაშვილის პატიმრობა და ივანიშვილის ფინანსური ინტერესი

ერთ დღეში ოთხი გადაწყვეტილება ორ სასამართლოში, მაქსიმალური შედეგით - სისხლის სამართლის სამ საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლება ბევრისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. გიორგი ბაჩიაშვილი მორიგდა ბიძინა ივანიშვილთან, რომლის "პირად ტყვედაც" თვლიდა თავს.

ბრალდებები მოეხსნათ ბაჩიაშვილის მშობლებსაც. ეს ამბავიც 18 თებერვალს გახმაურდა - პროკურატურამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

იურისტები პროცედურულ დარღვევებს ვერ ხედავენ, მაგრამ ჩნდება შეკითხვა - რამდენად შესაძლებელი იქნებოდა საკითხის ასე სწრაფად და სინქრონულად მოგვარება რიგითი მოქალაქისთვის, ბიძინა ივანიშვილის ფატორის გარეშე?

  • გიორგი ბაჩიაშვილი მუდმივად ლაპარაკობდა “ქართული ოცნების” მილიარდერი დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილის მხრიდან შურისძიებაზე და ყველა ბრალდებას უარყოფდა.
  • ივანიშვილი ბაჩიაშვილისგან 9000 ბიტკოინს [868 მილიონი დოლარი] ან შესაბამის თანხას ითხოვდა. კონკრეტულად რაზე მორიგდნენ - გასაიდუმლოებულია.


ბაჩიაშვილმა საპატიმრო 18 თებერვალს დატოვა. პროკურატურამ განაცხადა, რომ მან აღიარა ყველა დანაშაული და ზიანი აანაზღაურა. საბოლოოდ დაეკისრა მხოლოდ 50 ათასი ლარის ჯარიმა და ერთწლიანი პირობითი სასჯელი. ამ ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული 9 თვეც.

სასამართლოს 4 გადაწყვეტილება ერთ დღეში

18 თებერვალს, საღამოს 6 საათისთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილს საპროცესო შეთანხმება სისხლის სამართლის სამივე საქმეზე გაუფორმეს და გაათავისუფლეს. ასევე შედგა მორიგება - სამოქალაქო დავაზე, ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის, რადგან საპროცესო შეთანხმებისთვის დაზარალებულის თანხმობა აუცილებელი იყო.

ბაჩიაშვილის ადვოკატი ლევან მახარაშვილი დეტალების შესახებ დასმულ შეკითხვებს ზედმეტად, უადგილოდ თვლის, თუმცა ზოგიერთ დეტალს მაინც გვიზიარებს:

  • 18 თებერვალს შედგა სამი პროცესი: 2 - უზენაეს სასამართლოში [15:00 საათზე, 16:00 საათზე] და კიდევ 1 - თბილისის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზე. გიორგი ბაჩიაშვილი სამივე ამ პროცესს ესწრებოდა, რადგან ეს კანონის მოთხოვნაა.
  • უზენაეს სასამართლოში დაამტკიცეს საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობები - ე.წ. “ბიტკოინების საქმეზე" [რისთვისაც ბაჩიაშვილს 11 წელი ჰქონდა მისჯილი] და საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე -[ რისთვისაც 4 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი].
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში კი, განიხილეს შუამდგომლობა “მტკვარი ჰესის” საქმეზე, რომელიც ჯერ განხილვის პროცესში იყო და განაჩენი არ არსებობდა.


დამატებით, ასევე 18 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა მორიგება სამოქალაქო დავის ფარგლებში - რაც ზიანის ანაზღაურებას შეეხებოდა. მორიგების შესახებ სხდომა არ გამართულა - გადაწყვეტილება სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.

ადვოკატი მახარაშვილი გვეუბნება, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე შუამდგომლობები შეიტანეს ორშაბათს [16 თებერვალს]; სამოქალაქო მორიგების შესახებ კი - სამშაბათს [17 თებერვალს]. უკვე 18 თებერვალს, ყველა პროცესი წარმატებით დასრულდა. მედიამ ყველაფერი პოსტფაქტუმ გაიგო. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბაჩიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ამ ეტაპზე, გიორგი ბაჩიაშვილი და მისი მშობლები მედიასთან არ ჩნდებიან. ბაჩიაშვილი თბილისშია, ხოლო მშობლები - კვლავ საზღვარგარეთ. მათთვის ბრალდებებიც გაუქმებაც 18 თებერვალს გახდა ცნობილი.

მახარაშვილი, რომელიც მათი ადვოკატიც არის, განგვიმარტავს, რომ მშობლების საკითხს არ დასჭირდა სასამართლო სხდომა, რადგან ეს საქმე არსებითი განხილვაში არ იყო და უბრალოდ „შეწყდა წარმოება, პროკურორის დადგენილების საფუძველზე“:

„ის საქმე იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი საქმე და ედავებოდნენ, რომ თითქოს ბაჩიაშვილს ეხმარებოდნენ დანაშაულის ჩადენაში. დადასტურდა გამოძიების ეტაპზევე, რომ არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად - დევნა შეწყდა. ეგ საქმე სასამართლოში გაგზავნილი არ იყო. ბრალდება ავტომატურად უქმდება, როგორც კი სამართლებრივი დევნა უქმდება“.

საქმის შეწყვეტის საფუძველთან დაკავშირებით შეკითხვით პროკურატურასაც მივმართეთ. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

  • გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს - 65 წლის მარინა რამაზაშვილსა და 75 წლის ალექსანდრე ბაჩიაშვილს - წინასწარი პატიმრობა 2025 წლის სექტემბერში შეუფარდეს.
  • პროკურორმა მიხეილ სადრაძემ მაშინ განაცხადა, რომ მშობლები გიორგი ბაჩიაშვილს ფულის გათეთრებაში 2017-2023 წლებში ეხმარებოდნენ და კონკრეტულად, მათ მოახდინეს "დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“.
  • დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.


ივანიშვილის ფაქტორის გარეშე?

ადვოკატი მახარაშვილი არ იზიარებს საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებს - ასეთი ხანგრძლივი და ხმაურიანი პროცესის ასე სწრაფად - პრაქტიკულად ერთ დღეში დასრულების შესახებ.

„მანამდე მოლაპარაკება იყო ძალიან ხანგრძლივი, უბრალოდ როდესაც შედეგზე გადის - საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას სჭირდება მაქსიმუმ 15-20 წუთი. თუ ძალიან გაინტერესებთ, პირადად ჩემი რჩევა იყო, რომ თუ გიორგი მორიგებაზე წავიდოდა, აუცილებლად ყველა საქმეზე მომხდარიყო ერთდროულად დამტკიცება, რომ შემდეგ სიურპრიზები არ გამოჩენილიყო. სტრატეგიულად ასე იყო სწორი დაცვის მხარისთვის“.

ლევან მახარაშვილი ასევე გვეუბნება, რომ „პროცესუალურ ნაწილში არანაირი დარღვევა არ ყოფილა“, ხოლო დანარჩენი - „ვინ რა პირობაზე შეთანხმდა და რატომ აწყობდა გიორგის [ბაჩიაშვილს], ეს პირადად მისი საქმეა“ და კომენტარს ვერ გააკეთებს.

საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია როგორც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, ასევე უზენაეს სასამართლოში - სადაც კონკრეტული საქმე განიხილება და პროცედურა ხანმოკლეა, რადგან ყველაფერი უკვე შეთანხმებულია, სასამართლოს სხდომებამდე.

საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია:

  • დაზარალებულის თანხმობა
  • ბრალის აღიარება
  • ზიანის ანაზღაურება
  • სასამართლო ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდეს, რომ "შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე".


უშუალოდ პროცედურულ ნაწილთან შეკითხვები იურისტებს არა აქვთ, თუმცა ნაკლებად წარმოუდგენიათ ბაჩიაშვილის მსგავსი “მაქსიმალური შედეგის” მიღწევა სხვა რიგით პატიმრის შემთხვევაშიც იყოს შესაძლებელი - ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე.

“რიგითი მოქალაქისთვის ყველაზე მდიდარ სიზმარშიც წარმოუდგენელი იქნებოდა”, “ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მიხარია ყველა პატიმრის გათავისუფლება, მაგრამ, ფაქტიურად, თავისუფლება და მართლმსაჯულება მხოლოდ მდიდრების ფუფუნებად რჩება ამ ქვეყანაში”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ცნობილი იურისტი, ადვოკატი რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

და რა იწვევს კონკრეტულად შეკითხვებს?

იურისტები განგვიმარტავენ, რომ:

  • მას შემდეგ, რაც პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, სხდომის დანიშვნა სასამართლოს პრეროგატივაა. მოსამართლეს შეუძლია პროცესი ორი კვირის ფარგლებში დანიშნოს - ბაჩიაშვილის შემთხვევაში, 3 საქმეზე, 2 სხვადასხვა სასამართლოში სხდომები ერთ დღეს დაინიშნა;
  • ასევე - მოსამართლეს შეუძლია არ დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა და არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. ბაჩიაშვილის შემთხვევაში - 3 ასეთი შეთანხმება დამტკიცდა.
  • ასევე, მაქსიმალური შედეგია, როდესაც საპროცესო შეთანხმებით, 11-წლიანი სასჯელის მქონე მსჯავრდებული თავისუფლდება. არცთუ იშვიათად, მსჯავრდებულების ადვოკატები მხოლოდ პატიმრობის ვადის შემცირებას აღწევენ.


იურისტი, ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთ გარემოებას გამოყოფს.

“ზოგადად, უზენაეს სასამართლოში საქმეების წარმოებაში მიღებაც ძალიან იშვიათია - 100 საქმიდან ერთს იღებენ ხოლმე და ბაჩიაშვილის ორი საქმე მოხვდა იქ და ორივეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოხერხდა. წარმოუდგენელია, როდესაც ორი გამამტყუნებელი განაჩენი აქვს ერთი და იმავე პირზე პროკურორს და მაინც მიდის ამაზე - რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს?! ამ შემთხვევაში, აშკარა ინტერესია მილიარდი დოლარი, რომლის დაბრუნებაც ბაჩიაშვილისგან ბიძინა ივანიშვილი ითხოვდა” – თუთბერიძის თქმით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა „ერთი კაცის ნება-სურვილზეა აწყობილი“ და ბაჩიაშვილი ქმნის დიდ კონტრასტს „იმ პოლიტპატიმრებთან, რომლებიც აქციების გამო სხედან ციხეში“.

„პროცედურულად ყველაფერი სწორად არის. მაგრამ მართლმსაჯულება აღსრულდა? კი, თავისუფლება კარგია, გარეთ არის, მაგრამ მან [ბაჩიაშვილმა] აღიარა ყველა დანაშაული, რაზეც მანამდე მთელი საქართველო შეძრა - რომ ივანიშვილის პირადი პატიმარი იყო და როგორ გავიგო მე, საქართველოს მოქალაქემ - სად არის სიმართლე და სად არა?! უნდა ახსნას ეს ყველაფერი და თუ არაფერს იტყვის, მაშინ იფიქრებს საქართველოს მოქალაქე, რომ ეს ყველაფერი შეთამაშებულია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი, ადვოკატი მარი შათირიშვილი.

„აი მესმის საჩუქარი - ბაჩიაშვილმა ბრალის აღიარებით და თანხის გადახდით მიულოცა“ - წერდნენ სოციალურ ქსელებში. 18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილს 70 წელი შეუსრულდა. ბაჩიაშვილის გათავისუფლების თემაზე დისკუსიები ისევ გრძელდება:

· “იოლად შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებულ დანაშაულთან არც გვქონია საქმე”.

· “ეს უფრო ფინანსური შეთანხმებაა, ვიდრე საპროცესო”

· “უბედურებაა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო?”

· “დიდი ხანია, ყველაფერი მოსულა ამ ქვეყანაში”.

· “ბიძინას დუქანში ვცხოვრობთ”.

· “დადე მაყუთი და გარეთ ხარ”.


რა ბედი ეწია მძღოლს?

მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილის გათავისუფლების ამბავი გაიგეს, ბევრი დაინტერესდა - რა ბედი ეწია შოთა ქარუმიძეს - ავტომობილის მძღოლს, რომელმაც ბაჩიაშვილი, საქართველოდან გაქცევისას, სომხეთის საზღვარზე გადაიყვანა.

მას უკვე მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

„ქარუმიძის თემა შეთანხმების ნაწილი არავისთან ყოფილა... საქმე უზენაეს სასამართლოში აღარ წაგვიღია, რადგან კატეგორიული უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურამ. თუმცა ბაჩიაშვილთან სწორედ უზენაეს სასამართლოში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

ახლა ვაპირებთ, რომ პრეზიდენტს მივმართოთ შეწყალების თხოვნით, იქნებ გაითვალისწინოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქარუმიძის ადვოკატმა, ალექსანდრე ამირხანაშვილმა და განმარტა, რომ შოთა ქარუმიძესთან ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება აღარ არის შესაძლებელი - „რადგან სამართლებრივი გზები ამოწურულია“.

რაზე გარიგდნენ?

სამოქალაქო დავის პროცესში გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესებს ადვოკატი სოფიო ქურთაული იცავდა.

მორიგების შედეგი კონფიდენციალურია და დაცვის მხარე არ აკონკრეტებს - რა სახით და რა მასშტაბით აუნაზღაურდა ზიანი ბიძინა ივანიშვილს.

ამ საქმის ფარგლებში, თავიდან, ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილისგან დაახლოებით 9 000 ბიტკოინის გადახდას მოითხოვდა, რაც თანხაში იმ მომენტისთვის 868 მილიონ დოლარს შეადგენდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზიანი ან ბიტკოინების სახით ან თანხით უნდა ანაზღაურებულიყო. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შესაბამისი კურსი აღსრულებისას, გადახდის დროს უნდა განსაზღვრულიყო.

  • 2025 წლის 1 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ივანიშვილმა პროცესი მოიგო, გამარტივებული წესით და სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნები, მათ შორის, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. დაცვის მხარე მაშინ აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას.
  • გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ერთი სხდომა გადაიდო, მეორე კი 2025 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა. იქაც ბიძინა ივანიშვილმა მოიგო - პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
  • ამის შემდეგ, გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში.


„უზენაესში ჩვენი საჩივარი მისული იყო ნოემბრის დასაწყისში. წარმოებაში მიღება 10 დღის ვადაში წყდება, დასაშვებობისთვის უფრო ხანგრძლივი ვადებია. უზენაეს სასამართლოში საქმე წარმოებაში იყო მიღებული, როცა მხარეთა მორიგება დამტკიცდა [18 თებერვალს]“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი სოფიო ქურთაული და გვიზუსტებს, რომ სასამართლომ, მორიგების საკითხზე, გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.

2025 წლის იანვარში, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ - ივანიშვილმა თავის ყოფილ ფინანსისტს, გიორგი ბაჩიაშვილს, მორიგება შესთავაზა.

„ადგილი ჰქონდა არა რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ მორიგების მცდელობას მხარეთა შორის, რაც სრულიად ჯანსაღი მოვლენაა“, „არაერთ საქმეზე ჰქონია ადგილი მსგავს კომუნიკაციას მხარეებს შორის და მომავალშიც ექნება“ - აცხადებდა თეიმურაზ წიქვაძე.

ეს განმარტებები ბაჩიაშვილის მიერ გახმაურებულ ინფორმაციას მოჰყვა. ის ამბობდა, რომ ივანიშვილი, „შუამავლის“ მეშვეობით, 5000 ბიტკოინის გადახდას სთავაზობდა და იყო პირობა, რომ - “ყოველ თვეში ეს გადასახადი თანხა გაიზრდებოდა 500 ბიტკოინით“.

„ივანიშვილი აგრძელებს გამოძალვას. ეს არის გამოძალვა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგების მუქარის ქვეშ ადამიანს სთხოვ დიდძალი ოდენობის თანხის გადახდას“, - თქვა ბაჩიაშვილმა 2025 წლის ივნისში.

გიორგი ბაჩიაშვილი, 2011 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის „პირადი ფინანსისტი“ და მეტად დაახლოებული ადამიანი იყო. შემდეგ ის ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი გახდა. მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის სამი საქმიდან ორი სწორედ ივანიშვილის ფინანსებს უკავშირდებოდა.


"მტკიცებულებათა ერთობლიობა აღიარების გარდა, სხვა გზას არ ტოვებს. აღიარა იმიტომ, რომ რეალურად ჩაიდინა დანაშაული და მისი დანაშაულებრივი საქმიანობა, რასაკვირველია, აისახა კონკრეტულ ქმედებებშიც... არა მარტო ამ შემთხვევაში, ზოგადად, არსებობს ეს პოლიტიკა საქართველოში, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც აანაზღაურებს თუნდაც მძიმე ზარალს, რომელიც სახელმწიფოს, კონკრეტულ პირს, პირთა ჯგუფს მიაყენა, თუ აღიარებს, და ამ შემთხვევაში ესეც მოხდა, რასაკვირველია, კანონი მის მიმართ იქნება შეღავათიანი", - უთხრა 19 თებერვალს ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა სადავო პარლამენტში, პირველმა ვიცე-სპიკერმა.

წლების განმავლობაში, ბაჩიაშვილი ყველა ბრალდებას ყალბსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. აცხადებდა, რომ ყოფილ მოკავშირესთან, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა ანტიდასავლური განწყობების ფონზე, მას შემდეგ, რაც უარი თქვა წერილების გამოქვეყნებაზე „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ - რასაც შემდეგ, ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი აკეთებდა.

ბაჩიაშვილის გასამართლებისა თუ პატიმრობის პროცესს არაერთი ხმაურიანი ამბავი უკავშირდება:

  • 2025 წლის 9 ივნისს, სასამართლო სხდომაზე, ბაჩიაშვილმა თქვა, რომ “ბატონი ანრი ოხანაშვილი [სუსის მაშინდელი უფროსი] იმყოფებოდა იმ [თვითმფრინავის] ბორტზე”, რომლითაც ის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით “მოიტაცეს” - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და თვალებახვეული ჩამოიყვანეს საქართველოში. “ზღაპრებს ჰყვება”, - უთხრა ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.
  • სუსი ირწმუნებოდა, რომ, 2025 წლის მაისში, ბაჩიაშვილი დააკავეს საქართველოს „მწვანე საზღვრის“ მონაკვეთში, ანონიმური შეტყობინების საფუძველზე. ის საქართველოდან მარტის დასაწყისში წავიდა, მალულად - გადაწყვეტილება რეალური საფრთხეების არსებობით ახსნა.
  • 2025 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, ბაჩიაშვილის ციხის საკანში ცემის შესახებ - მისთვის უცნობი პირების მიერ.
  • ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ, ცემის ფაქტამდე, მას ციხის [მე-8 დაწესებულების] უფროსმა, დავით გოგობერიშვილმა ურჩია, ბიძინა ივანიშვილისთვის გადაეცა მთელი თავისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტის საფულეების მისამართები.
  • ცემის ფაქტის შემდეგ, გოგობერიშვილი პოსტიდან გადადგა; 7 ოქტომბერს კი - გარდაცვლილი იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღის სროლის კვალით. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
  • სახელმწიფო უწყებები აცხადებდნენ, რომ ბაჩიაშვილის ცემა ინსცენირებული იყო, ბაჩიაშვილთან შეთანხმებით. ამ საქმეზე სუსმა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ქემოკლიძე დააკავა.



  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG