ბიზნესმენი, ყოფილი დეპუტატი გოჩა ფიფია ამბობს, რომ რეესტრში ცვლილება, სავარაუდოდ, უკვე ორშაბათს, 24 აგვისტოს აისახება.
ამჟამად კომპანიაში 45%-იან წილს ფიფიას შვილი, კესანე ფიფია ფლობს.
„ჩემი ქალიშვილი არ არის პრაქტიკულად [მეწილე], ორშაბათს ალბათ შეიცვლება და რეესტრში იქნება შეტანილი ცვლილება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გოჩა ფიფიამ.
ამასთან, დამატებით კითხვებს ბიზნესმენმა არ უპასუხა და აღნიშნა, რომ მზადაა, ამ თემაზე მხოლოდ პირდაპირ ეთერში ისაუბროს.
კომპანია „ბატეთი რეზორტის“ მეწილეებს შორის ასევე არიან უზბეკეთის მოქალაქე ნაზილია კანაანი (30%), რევაზ ჯანელიძე და იოსებ კრიჭინაშვილი (10-10%).
5%-იან წილს ფლობს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი არჩილ კბილაშვილი, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. რადიო თავისუფლება კბილაშვილთან დაკავშირებასაც ცდილობს. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
- გოჩა ფიფია 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი).
- 2008 წელს მან დააფუძნა პარტია „ქართული პოლიტიკა“, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 0.46% მიიღო.
- ფიფია 1996-2003 წლებში შპს „უშბას“ გენერალური დირექტორი იყო, 2013 წლიდან კი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ზეარის“ დამფუძნებელია.
იჯარა 19 წლით
ბატეთის ტბა იჯარით 2045 წლამდე გაიცა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აუქციონში, რომელიც 12 აგვისტოს დასრულდა, მხოლოდ ერთი კომპანია - შპს „ბატეთი რეზორტი“ მონაწილეობდა.
საწყისი ფასი 16 700 ლარი იყო, აუქციონის შედეგად კი „ბატეთი რეზორტმა“ სახელმწიფოს წელიწადში 17 200 ლარი უნდა გადაუხადოს.
ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში კომპანიას ევალება ტბის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც არანაკლებ 80 000 ლარი უნდა დახარჯოს.
ამავე კომპანიამ, „ბატეთი რეზორტმა“, შარშან 20-წლიანი იჯარით მიიღო ბატეთის ტბის გარშემო მდებარე მიწის ნაკვეთიც (4.2 ჰექტარი). აუქციონის პირობების მიხედვით, იქ არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.
მოიჯარეს ტერიტორიის გამოყენება საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის შეუძლია. ინვესტორს ტბასთან დროებითი ეკო-კოტეჯების, კაფე-რესტორნის, აუზისა და პარკინგის განთავსების უფლება ექნება.
კომპანიას ტბასთან ხეების მოჭრა ეროვნული სატყეო სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ეკრძალება. ასევე არ არის დაშვებული „საკუთარი ინიციატივით ახალი მისასვლელი გზების გაყვანა და არსებული საგზაო კომუნიკაციების აღდგენა“.
ქარელიდან 23 კილომეტრში მდებარე ბატეთის ტბა პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. ტბის ფართობი 0.02 კვ. კმ-ს შეადგენს, მისი საშუალო სიღრმე 7 მეტრია, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 12 მეტრია.
ფორუმი