Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგერმა თორნიკე რაზმაძემ სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა - რა თქვა შსს-მ მის არყოფნაში

თორნიკე რაზმაძე, ბლოგერი და ოპოზიციონერი აქტივისტი
თორნიკე რაზმაძე, ბლოგერი და ოპოზიციონერი აქტივისტი

ოპოზიციონერი აქტივისტისა და ბლოგერის სასამართლო განხილვა ოქტომბრისთვის გადაიდო. მას შს სამინისტროს სიძულვილის ენის დეპარტამენტი უჩივის. თორნიკე რაზმაძეს ბრალდებისთვის არ მოუსმენია, რადგან პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავიდა. რატომ? - წაიკითხეთ რეპორტაჟი სასამართლო სხდომიდან.

ბლოგერსა და აქტივისტს, თორნიკე რაზმაძეს ფეისბუკში მისივე ვიდეოს ქვეშ დაწერილი კომენტარის გამო ასამართლებენ. შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი მას საჯარო სივრცეში წვრილმან ხულიგნობას ედავება [სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლი].

საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავს. შსს-ს წარმოადგენენ იურისტები:

  • შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, მარიამ კერესელიძე;
  • და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელი, სალომე ქირია.

პირველ სხდომაზე, რომელიც დღეს 29 სექტემბერს გაიმართა, თორნიკე რაზმაძე ადვოკატის გარეშე მივიდა.

ბლოგერმა მოსამართლე, ნინო ენუქიძეს დააზუსტებინა, წვრილმანი ხულიგნობის გარდა, ხომ არ ედავებიან მას პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფასაც, ბრალდებულს ამის მიზეზი ჰქონდა.

მაგალითად, 2026 წლის 11 სექტემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა: „ამ "პოსტში" არის მის მიერ გამოხატული ლანძღვა-გინება, საჯარო შეურაცხყოფა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ. ეს არის ქართული კანონმდებლობის მიხედვით დასჯადი, გაცილებით უფრო რბილად და მსუბუქად, ვიდრე ეს არის მაგალითად, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, თუ საფრანგეთში “.

არჩილ გორდულაძე არ ყოფილა ერთადერთი პარლამენტარი ვინც ეს თქვა. იმავეს იმეორებდნენ „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებიც.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დააზუსტა, რომ აქტივისტს მხოლოდ ხულიგნობას ედავებოდნენ, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 166 მუხლია, თორნიკე რაზმაძემ სხდომის გადადება და ადვოკატი მოითხოვა. შსს-ს იურისტები ამის წინააღმდეგი იყვნენ.

„...რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება დაცვის უფლების, თუმცა ეს საქმის გასაჭიანურებლად არ შეიძლება იყოს გამოყენებული…“ - თქვა მარიამ კერესელიძემ.

„მოვუსმინოთ შსს-ს, ჩამოაყალიბოს პოზიცია და გადავდოთ სხდომა“, - გადაწყვიტა მოსამართლე ენუქიძემ.

თუმცა თორნიკე რაზმაძეს მარიამ კერესელიძის პოზიციისთვის აღარ მოუსმენია, მან დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან მიაჩნდა, რომ ამ დროს მასთან ერთად ადვოკატიც უნდა ყოფილიყო.

შსს-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა მარიამ მამარდაშვილმა, „სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით“, თორნიკე რაზმაძის Facebook-გვერდი დაათვალიერა.

„დათვალიერების შედეგად დადგინდა“: რაზმაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის ქვეშაც 2026 წლის 12 ივნისს ასეთი კომენტარი დატოვა:„ამათი დედას შევე*ი „ნა კალენიახ“.

ეს პოსტი „არის საჯარო და შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

შსს-ს წარმომადგენლის, მარიამ კერესელიძის განმარტებით, თორნიკე რაზმაძის გაზიარებული ვიდეო „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდა.

„ესენი გვიმზადებენ რაღაც საშინელებას რუსეთთან მიმართებით. დააკვირდით, როგორ ემთხვევა კობახიძის მესიჯები მარგარიტა სიმონიანის ნათქვამს“, - წაიკითხა მარიამ კერესელიძემ სასამართლოში ამონარიდი თორნიკე რაზმაძის აგვისტოში გამოქვეყნებული ვიდეოდან.

ბლოგერმა ვიდეოში გააზიარა კრემლის პროპაგანდისტული მედიის, „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელის, მარგარიტა სიმონიანის სატელევიზიო განცხადება, რომელშიც ის საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას ისტორიას აფასებდა.

სიმონიანი ამბობდა, რომ როგორც თავის დროზე მეფე ერეკლე მეორემ „მუხლებზე დაჩოქილმა“ სთხოვა რუსეთს დახმარება, ახლაც გამოჩნდებიან საქართველოში „ახალი მეფე ერეკლეები“, რომლებიც დედა-რუსეთს „მუხლებზე დაჩოქილები შეეხვეწებიან“ დაბრუნებას.

რაზმაძის ვიდეოში ასევე გამოყენებული იყო „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადება ერეკლე მეორისა და "გეორგიევსკის ტრაქტატის" შესახებ.

„საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. (…) იმ კონკრეტულ, სამწუხარო ისტორიულ ვითარებაში რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არა მხოლოდ გადარჩენის საკითხი, არამედ ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმავალი პოლიტიკური და კულტურული კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო“, - თქვა კობახიძემ 18 აგვისტოს.

სწორედ ამ ვიდეოს კომენტარში დაწერა რაზმაძემ მოგვიანებით: „ამათი დედას შევე*ი „ნა კალენიახ“.

რაზმაძეს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან (საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს).

ამ მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმა 500-დან 3 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე ვადით.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება, რუს პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანსა და ვლადიმირ სოლოვიოვს, რატომ მიაყენე შეურაცხყოფა და რატომ აგინეო“, - ამბობს რაზმაძე 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მარიამ კერესელიძის თქმით, თორნიკე რაზმაძის ვიდეოს ქვეშ ბევრმა დატოვა პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხმყოფელი კომენტარები, მათ შორის აქტივისტმა ანა ბდეიანმა, რომელიც სასამართლომ 4 000 ლარით უკვე დააჯარიმა.

თორნიკე რაზმაძის შემთხვევაში კი სამმართველოში სწორ კვალიფიკაციაზე მსჯელობა გაიმართა: რომელი მუხლით შეედგინათ სამართალდარღვევის ოქმი: წვრილმანი ხულიგნობის თუ მაღალი თანამდებობის პირის შეურაცხყოფის?

„კომენტარში, რომელიც თორნიკემ გაავრცელა კონკრეტული სახელი და გვარი არ იყო გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს გაგრძელება იყო და ნათელი იყო, რომ ხელისუფლებას მიემართებოდა და ვინაიდან პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა მოითხოვს ადრესატის განსაზღვრას, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო სამართალწარმოება 166, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით“, - თქვა იურისტმა.

მისივე თქმით, თორნიკე რაზმაძემ შსს-ს შედგენილი ოქმი სოციალურ ქსელში ემოციური კამპანიის საწარმოებლად გამოიყენა და ისე წარმოაჩინა, თითქოს სიძულვილის ენის დეპარტამენტი მოქალაქეებს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის გინებისთვის აჯარიმებდა. მარიამ კერესელიძის თქმით, სახდელზე მსჯელობისას, იქნება ეს ჯარიმა თუ პატიმრობა, ამ გარემოებას გაითვალისწინებენ.

„მოცემულ შემთხვევაში ამ პოსტზე ბევრი კომენტარი იყო და რა თქმა უნდა, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხმყოფელი კომენტარებიც იყო, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენია შსს-ს… ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო გასაგები რეაქცია ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელზე საზოგადოების რეაქციის…

მან იცოდა მტკიცებულებები, შეგნებულად შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში… მისი საქმის ხმაურისთვის შექმნა ვერსია რომ ვითომ შსს-ს ოკუპანტი ქვეყნის დაცვას ცდილობს და ამით სჯის საქართველოს მოქალაქეს. ეს იყო ემოციური თამაში ქართულ საზოგადოებაზე, მან ზუსტად იცოდა, რა ეტკინებოდა ქართველ ერს… იმისთვის რომ მსხვერპლის სტატუსი მიეღო… ეს იქნება ჩვენს შემთხვევაში სახდელის განმსაზღვრელი, შესაბამისი შუამდგომლობისას“, - ასე დაასრულა პოზიციის წარდგენა სასამართლოში, მარიამ კერესელიძემ.

თორნიკე რაზმაძე არ აპირებს უპასუხოს შსს-ს სხდომაზე გაჟღერებულ განცხადებებს, იქამდე სანამ თავად არ მოისმენს არგუმენტებს ადვოკატთან ერთად. მომდევნო სასამართლო 15 ოქტომბერს დაინიშნა.

კატეგორიები

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG