გიგა ავალიანის საქმეზე, რომ კიდევ ერთი არასრულწლოვანი იყო დაკავებული, პირველმა საზოგადოებას, მამუკა მდინარაძემ აცნობა - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პირველ ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მის ამ განცხადებას ერთი დღით გაუსწრო ბიძინა ივანიშვილის ცოლის ეკატერინე ხვედელიძის 30 ივნისით დათარიღებულმა წერილმა, სადაც ის თანაუგრძნობს ეკა კუპატაძეს და არწმუნებს, რომ „ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა“ მისი „ჭირისუფალია“.
ამ წერილის თანახმად, ეკა ხვედელიძე, დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და არცერთ შეკითხვას არ დატოვებენ პასუხგაუცემელს.
ეკა ხვედელიძის ეს წერილი, რომელიც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა მიაწოდა რადიო თავისუფლებას, თავის მხრივ, პასუხია ეკა კუპატაძის 29 ივნისის მიმართვაზე.
ამ დღეს გიგა ავალიანის დედა, ადვოკატ ზაზა ხატიაშვილთან ერთად ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან წერს ვიდეომიმართვას, სადაც ის ეკატერინა ხვედელიძეს თანადგომას სთხოვს.
„თქვენ უნდა გადადგათ ისტორიული ნაბიჯი და ამომიდგეთ გვერდით, როგორც დედა გამწარებულ დედას. გიგა ავალიანს არასდროს გაუვა ვადა!“, - თქვა ეკა კუპატაძემ და უკუკავშირი, რომელსაც ელოდა, მეორე დღესვე მიიღო.
პირველ ივლისს გაირკვა, რომ არასრულწლოვანი, რომლის დაკავებაზეც მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა, 16 წლის მოზარდი იყო, ითქვა მისი ვინაობაც. დაკავებისას მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილია და სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიერ ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ კი გაირკვა, რომ მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება და ბრალად ედება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება.
„რაც ხდება უსამართლობაა“, - თქვა ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა მერაბ მალანიამ. ის ბრალის წარდგენას ესწრებოდა, როგორც დაკავებული არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი.
[მოზარდმა] „ხელი შეუწყო ალექსანდრე გაბაშვილს და დაეხმარა გიგაზე თავდასხმაში“, - ამბობს გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.
პროკურატურის ვერსიით, მოზარდის დახმარებით, ალექსანდრე გაბაშვილმა, დემეტრე ჩიქოვანმა და გიორგი რიკაძემ „გაარკვიეს მისი [გიგა ავალიანი - რ.თ] სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი“.
ალექსანდრე გაბაშვილი მსჯავრდებულია გიორგი რიკაძესთან ერთად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო და 10 წელი და ექვსი თვე აქვთ მისჯილი.
გაბაშვილი გიგა ავალიანის მოსწავლის, ნია იმნაძის შეყვარებულია. გიგას მოსწავლე იყო გიორგი მალანიაც, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი. მერაბ მალანიას ცნობით, იმნაძე და მალანია ერთმანეთს იცნობდნენ, რადგან მათი ოჯახები ბავშვობიდან მეგობრობენ.
ის არც ძველ ბრალს ეთანხმება და არც ახალს და „როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი და პოლიციელი“ ითავისებს, რომ „მიუხედავად ბევრი ტალახის სროლისა“ თმენის ვალდებულება აქვს.
მერაბ მალანიას სამართალდამცავ სისტემაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც იკავებდა დაცვის პოლიციის, მიგრაციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებს. 2016–2019 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ის ადასტურებს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, რომელიც მის ვაჟს „თვალით არ უნახავს“ მართლაც დაურეკა მის შვილს და „სალაპარაკოდ გაყოლა სთხოვა“; „არანაირ თავდასხმაზე საუბარი არ ყოფილა“.
„უთხრა, ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს ანუ მის შეყვარებულს, არასათანადოდ ექცევა, ჩემი ინფორმაციითო. აქედან გამომდინარე მინდა დაველაპარაკოო და წამომყევიო. უცხო ადამიანთან ასე ვინ რეკავს, წამოდი და თავი გავუტეხოთ ვინმესო. ეს იყო მათ შორის კომუნიკაცია. ჩემი შვილი არ გაჰყვა იმიტომ, რომ ის ზოგადად არ არის ასე გაზრდილი“, - თქვა მერაბ მალანიამ.
გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო სხდომები დახურულია, რადგან დაკავებულები არასრულწლოვნები არიან.
საქმის მასალებზე დაყრდნობით დეტალებზე გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე საუბრობს.
მისი თქმით, „ალექსანდრე გაბაშვილმა გ.მ. გაიცნო მას შემდეგ, რაც ნია იმნაძემ და ალექსანდრე გაბაშვილმა გიგას მკვლელობა დაგეგმეს“
ეკა კუპატაძე ნია იმნაძეს გიგა ავალიანზე თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევს და მის დაკავებას მოითხოვს. ნია იმნაძე თავისუფალია.
გიგა ავალიანის დედის მტკიცებით, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას გიგა ავალიანზე თავდასხმის დაგეგმვის მიზნით დაუკავშირდა.
„მარტო ნომერზე კავშირი აქვს მალანიასა და გაბაშვილს ერთმანეთთან 41-ჯერ. აქ ვოთსაფსაც მოვიაზრებ და ისინი ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს ინსტაგრამითაც“, - ამბობს ის.
საქმეში დევს ალექსანდრე გაბაშვილის ზარი გ.მ.-სთან იმ დროს, როცა ის გიგა ავალიანის გაკვეთილს ესწრებოდა.
„პირველ ოქტომბერს ეს არის გიგაზე თავდასხმის დროს, გ.მ-სა და ალექსანდრე გაბაშვილს შორის ვიდეოზარი ფიქსირდება საქმის მასალებში, გიგასთან გ.მ-ს საგაკვეთილო დროს. გიგას გაკვეთილზე მოსწავლე ღიად ვერ ისაუბრებდა.
სად შედგა ეს საუბარი, რა და როგორ ამაზე ჯერ თავს შევიკავებ“, - ამბობს კუპატაძე.
16 წლის ბიჭის ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ მოზარდმა არც კი იცოდა როგორ გამოიყურებოდნენ, ამ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებული თანატოლები, არ იცნობდა მათ, არ გაეგო მათი სახელები და გვარები. ის სპონტანურს უწოდებს გიორგი მალანიასთვის უფრო მძიმე მუხლით ბრალის წაყენებას.
„მტკიცებულებები რამდენიმე წუთის წინ გადმომეცა. ამ ეტაპზე 1 ფურცელიც არ მაქვს წაკითხული და სასამართლომდე დროს მტკიცებულებების გასაცნობად გამოვიყენებთ. საქმე მოცულობითია - 35 ტომია და ზღვა მასალა ახლავს“, - ამბობს ადვოკატი.
ეკა კუპატაძე გიორგი მალანიას დაკავების შემდეგ ტელევიზიებთან კომენტარებში, მხარს უჭერდა მოზარდისთვის მუხლის დამძიმებას.
ის სოციალურ ქსელში ხშირად წერდა, რომ გ.მ. მისი შვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო და მას ყოფილი პოლიციელი მამა მფარველობდა.
„თუ ... მამა არ მფარველობდა, რატომ არ ჩანდა საქმეში არსად? რატომ იპოვა ის ეკა კუპატაძემ? რატომ იყო ასე შეფუთული? ვის სჯერა რომ 41 ზარს ვერ ამჩნევენ გამომძიებლები და საეჭვოდ არ მიაჩნიათ?“, - ამბობს ეკა კუპატაძე.
მერაბ მალანია საპასუხოდ ამბობს:
„ბევრმა თქვა, ხან ფაშისტური დაჯგუფების წევრი იყოო, ხან ქუჩის ბანდის წევრიო და ა.შ. ჩემი შვილი ისე გაიზარდა, ყოველ წუთს ვიცოდი, სად იყო. მე მიმყავდა სკოლაში და მე მომყავდა სკოლიდან, მასწავლებელთანაც მე მიმყავდა და მე მომყავდა, მაგრამ მერე ისე აღმოჩნდა თურმე, როგორც ამბობენ, რომ მე იქ დაგეგმვაში ვიღებდი მონაწილეობას, ვინაიდან პირველში ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და შემდეგ იქიდან წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული.
ეს არის რეზონანსული საქმე და არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო და არც შეთქმულების თეორიებზე დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ ეს არის უსამართლობა, რაც ახლა ხდება“.
გიგა ავალიანის საქმე
მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.
ფორუმი