Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიცავს შემაკავებელი ორდერი სასულიერო პირის ყოფილ ცოლს?


ხუთი შვილის დედა, ნინო გორგოშიძე, ყოფილ ქმარს, მოქმედ სასულიერო პირს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბოლო მუქარა ყოფილი ქმრისგან პირველ იანვარს მიიღო: „დამემუქრა, ბეისბოლის ჯოხით გაგასხმევინებ ტვინსო“, - ეუბნება ქალი რადიო თავისუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირის მიმართ 2014 წლიდან დღემდე, 10-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოცემული და მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის 15 ნოემბერს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, ნინო გორგოშიძე ამბობს, რომ მუქარა ყოფილი ქმრისგან არ წყდება, ხოლო გამოძიება და პროკურატურა საქმის მიმართ გულგრილობას ავლენს. სწორედ ამიტომ ითხოვს ქალი პროკურორისა და გამომძიებლის შეცვლას და ყოფილი ქმრის დაპატიმრებას:

„ორივეს გულგრილობაში ვადანაშაულებ. როდესაც პირველ იანვარს ყოფილი ქმარი დამემუქრა, ბეისბოლის ჯოხით გაგასხმევინებ ტვინსო, ეს მესიჯები მაშინვე ამოვბეჭდე და გამომძიებელს მივუტანე. გამომძიებელმა მესიჯები საქმის მასალებს დაურთო, როგორც ნივთმტკიცება და სერიოზული მუქარა. თუმცა, როდესაც სამი დღის შემდეგ, 4 იანვარს, ვცადე გამომძიებელთან და პროკურორთან გასაუბრება, მათ ჩემს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. უფრო ზუსტად კი პროკურორმა მითხრა, ქალბატონო ნინო, ექიმთან ვარ და არ მცალიაო. მე მას ვუთხარი, რომ მეშინოდა, თუმცა, მან რამდენჯერმე გამიმეორა, რომ არ ეცალა სალაპარაკოდ. წესით, დღეს ჩემი ყოფილი ქმარი დაკავებული უნდა იყოს. თუმცა, არ ვიცი, რა გზებითა და რა მანქანებით, სისტემა მას სასჯელის გარეშე ტოვებს. 15 ნოემბერს აღიძრა საქმე, დღეს 8 იანვარია. პირველ იანვარს ისევ დამემუქრა, რა გარანტია მაქვს, რომ არ აასრულებს თავის მუქარას?“

პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქმეს შსს იძიებს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც მათ განუმარტეს რადიო თავისუფლებას, პოლიციის მხრიდან მყისიერი რეაგირების მიზნით გამოცემულია შემაკავებელი ორდერი. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და იმ მტკიცებულებების შესწავლა, რომელიც გამოძიებას მიაწოდეს მხარეებმა.

ნინო გორგოშიძის თქმით, ინფორმაცია, რომ ყოფილი ქმარი, წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძრის მღვდელი, მასზე ძალადობს, საპატრიარქოს არაერთხელ მიაწოდა. თუმცა, ამბობს, რომ მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ფაქტის შესახებ მისთვის ბოლო დღეებში გახდა ცნობილი და აპირებს, რომ გაერკვეს სიტუაციაში.

ძალადობაში დადანაშაულებული სასულიერო პირი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. სიცრუეში ადანაშაულებს ნინო გორგოშიძეს მისი ყოფილი მამამთილი, მამა დავითის ეკლესიის მღვდელი.

ბოლო შემაკავებელი ორდერი სასულიერო პირის მიმართ პირველ იანვარსაა გამოცემული. მას აკრძალული აქვს მიახლოება ყოფილ ცოლთან და ორ შვილთან. ნინო გორგოშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ყოფილი ქმარი ფიზიკურად ძალადობდა შვილებზეც. მისი თქმით, ორი წლის წინ, სასულიერო პირმა უფროსი შვილი, სასტიკად სცემა:

„მე სახლში არ ვიყავი. კარი ბავშვებმა გაუღეს. 11 წლის შვილი სასიკვდილოდ სცემა. სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო, მაგრამ ბავშვმა ჩვენება შეცვალა, რადგან იცოდა, რომ მამას პატიმრობა ემუქრებოდა და შეეცოდა პატარა და-ძმები, რომლებიც ინერვიულებდნენ მამა რომ ციხეში აღმოჩენილიყო“.

თამარ დეკანოიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი და ქალთა უფლებების დამცველი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ როდესაც მოძალადის მიმართ იწერება არაერთი შემაკავებელი ორდერი, ეს ფაქტი დიდი ალბათობით მეტყველებს იმაზე, რომ მოძალადე, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დამნაშავეა და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საპატიმრო სასჯელი: „ფაქტია, რომ საქმე გვაქვს განმეორებით ძალადობასთან, რომელიც იწვევს ქალის ტანჯვას, როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს. თუკი საქმეში არსებობს განგრძობადი ძალადობა და თუკი მრავალჯერ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, საინტერესოა, სხვა რა მტკიცებულება უნდა არსებობდეს იმისა, რომ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული?“

თამარ დეკანოიძის თქმით, სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ შემაკავებელი ორდერები ქალებს ფემიციდისგან ვერ იცავს. ერთ-ერთი ასეთი საქმე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ სტრასბურგში აქვს გაგზავნილი:

„ეს ფაქტი 2017 წელს მოხდა. ქალმა გარდაცვალებამდე 16-ჯერ მიმართა პოლიციას, სამჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერიც, თუმცა, მოხდა ფემიციდი, გამოხატული თვითმკვლელობამდე მიყვანით“.

შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული იმ კაცის მიმართაც, რომელმაც 2018 წლის აპრილში, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის გერი, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა.

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები დაარღვია იმ დედამაც, რომელმაც 2019 წლის იანვარში, სანზონაში 4 წლის შვილი მოკლა.

სწორედ ამიტომ, თამარ დეკანოიძე თვლის, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების მექანიზმი, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდა, გაცილებით ეფექტურად უნდა მოქმედებდეს, რათა დროულად მოხდეს რისკების იდენტიფიცირება და დანაშაულისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2019 წელს შსს-ს მიერ 10 ათასამდე შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რაც თითქმის 3 ათასით აჭარბებს 2018 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG