Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუჯდება “ჯორჯიან ეარვეისს” მოსკოვში ფრენა სანქციების ფასი?


საპროტესტო აქცია "ჯორჯიან ეარვეისის" ოფისთან - 9 მარტი, 2022 წელი
საპროტესტო აქცია "ჯორჯიან ეარვეისის" ოფისთან - 9 მარტი, 2022 წელი

თბილისი-მოსკოვს შორის პირდაპირი რეისების განახლებიდან ორი კვირის შემდეგ, 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ შესაძლოა სანქციები დაუწესოს “ჯორჯიან ეარვეისის” პრეზიდენტ თამაზ გაიაშვილს, მის ძმას და თავად ავიაკომპანიასაც.

იგივე ემუქრება პრორუსი პოლიტიკოსის, ვალერი კვარაცხელიას შვილის, დავით კვარაცხელიას კომპანიას, “აერო ჰენდლინგ ჯორჯიას”, რომელიც საქართველოში მომსახურებას უწევს რუსულ ავიაკომპანია “აზიმუტს”.

ამ დრომდე უკრაინას საქართველოს მოქალაქეებიდან სანქციები დაწესებული აქვს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ძმისა და ახლო ნათესავებისთვის.

უკრაინულ სიას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფებისთვის.

ამ მომენტისთვის პორტალ “ომი და სანქციების” სიაში ნახავთ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, მხატვარ ზურაბ წერეთელს, ბიზნესმენებს, ლევან ვასაძეს, დავით ხიდაშელს, ვანო ჩხარტიშვილსა და სულხან პაპაშვილს - უკრაინა მიიჩნევს, რომ მათ სანქციები უნდა დაუწესდეთ.

როგორ მუშაობს უკრაინული პორტალი “ომი და სანქციები”?

ესაა საიტი, სადაც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებენ იმ პირების სიას, ვისაც თვლიან, რომ სანქციები უნდა დაუწესდეთ, ან უკვე დაუწესდათ. აქვეა მითითებები ამ გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ.

მაგალითად, “ჯორჯიან ეარვეისის” შემთხვევაში საიტზე მითითებულია, რომ სატრანსპორტო კავშირების გააქტიურება რუსეთთან ქმნის სანქციების გვერდის ავლის ახალი სქემების ფორმირების რისკს, თამაზ გაიაშვილზე კი ნათქვამია, რომ ის “ბიძინა ივანიშვილის კაცია”.

„პორტალის მთავარი მიზანი - უცხო ქვეყნების მთავრობების და მოქალაქეების ინფორმირებაა უკვე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გლობალური კამპანიისადმი სანქციების სიის გაფართოებასთან დაკავშირებით იმ პირთა მიმართ, ვინც ომს ფინანსურ და საინფორმაციო მხარდაჭერას უცხადებს. ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას ომის თანაორგანიზატორებზე და მოაახლოებს უკრაინის გამარჯვებას“, - ასე ხსნის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ომი და სანქციების” საჭიროებას.

პორტალის წესების მიხედვით, ელექტრონულ მისამართზე მონაცემების გაგზავნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირსაც.

რას ნიშნავს ქართული ავიაკომპანიისთვის უკრაინის სანქციები?

“ჯორჯიან ეარვეისს” ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. რადიო თავისუფლების ზარებს არც კომპანიის დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა უპასუხა.

2 ივნისს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ კომპანიის სანქცირება კარგი არ არის, მაგრამ საქართველოს ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს არ მოუტანს “ჯორჯიან ეარვეისის” დასანქცირება უკრაინის მხრიდან.

"უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას. "ჯორჯიან ეარვეისის" ან ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელიც დაარღვევს საერთაშორისო სანქციებს და ამის გამო დაასანქცირებენ, ეს არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც არის "ჯორჯიან ეარვეისი", რა თქმა უნდა, არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი. თუმცა, უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეტანა არ ნიშნავს, რომ მასზე ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. საერთაშორისო სანქციების მიღებას აქვს თავის პროცედურები და წესი, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" თუ არ დაარღვევს სანქციებს (მე დიდი იმედი მაქვს, არც ერთი კომპანია არ დაარღვევს და ყველა აღასრულებს იმ სანქციებს, რომლებიც დაწესებულია როგორც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ისე ამერიკის მიერ), არ მოხვდება სანქცირებულთა სიაში. უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას", - თქვა დღეს მედიასთან გიორგი კაკაურიძემ.

განსხვავებულად ახსნა უკრაინის მხრიდან დასასანქცირებელთა სიაში ქართული ავიასექტორის წარმომადგენელთა გამოჩენა 1 მაისს, პარტია “დროას“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ.

“ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება იწყებს კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან ამ ადამიანების და კომპანიების დასასანქცირებლად. ამ ადამიანებს ბრალი ედებათ რუსეთის ეკონომიკურ გაძლიერებაში ომის დროს და რუსეთის დახმარებაში, გვერდი აუარონ საერთაშორისო სანქციებს. ამ დოკუმენტში საუბარია პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე და ორ კომპანიაზე - "აზიმუტსა" და "რედ ვინგსზე", რომლებიც სისტემატურ რეისებს ასრულებენ აფხაზეთსა და ყირიმში”, - თქვა გიგა ლემონჯავამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე. ის თვლის, რომ საქართველომ უნდა აიცილოს სექტორული სანქციები, თუმცა ცალკეული პირები და კომპანიები, ვინც უკრაინაში ომის პარალელურად საქართველოს ეროვნულ ინტერესს აყენებს ზიანს, უნდა დაისაჯონ.

XS
SM
MD
LG