Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა ბიზნესმენი პრეზიდენტს პერსონა ნონ გრატად აცხადებს - რუსეთთან აღდგენილი ფრენის გვერდითი მოვლენები 


საპროტესტო აქცია თბილისის აეროპორტთან მოსკოვიდან თბილისში მომავალი პირველი ავიარეისის პარალელურად. 19 მაისი, 2023 წელი
საპროტესტო აქცია თბილისის აეროპორტთან მოსკოვიდან თბილისში მომავალი პირველი ავიარეისის პარალელურად. 19 მაისი, 2023 წელი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ გამოუცხადა ბიოკოტი ქართულ ავიაკომპანია „აირზენას“, რომელმაც რუსეთთან აღდგენილი საჰაერო მიმოსვლის შემდეგ პირველი პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისი 20 მაისს შეასრულა.

პასუხად „აირზენას“ დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა პრეზიდენტი ზურაბიშვილი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და თქვა, რომ სანამ „ქართველი ხალხის წინაშე“ ბოდიშს არ მოიხდის, მანამ ის „ეროვნული ავიაკომპანიის“ ბორტზე ფეხს ვერ დადგამს. ხელისუფლების წევრებიდან ამ დაპირისპირებაზე კომენტარი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შალვა პაპუაშვილმა „ბოიკოტირებას“ ორივე მხრიდან „მიუღებელი“ უწოდა.

ვის დააზიანებს ბოიკოტი - პრეზიდენტს თუ „აირზენას“?

რადიო თავისუფლება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და “ჯორჯიან ეარვეისში” ცდილობდა იმის გარკვევას, კონკრეტულად რაში გამოიხატება ბოიკოტი და მოახდინა თუ არა უკვე გავლენა სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ “აირზენას” გაყიდვებზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ უპასუხეს კითხვას, რამდენად ხშირად იყენებდა პრეზიდენტი „აირზენას“ მომსახურებას პირადი მიზნებით მოგზაურობისას. პროტოკოლის თანახმად, პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტებისას სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენება, რომელსაც, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სწორედ „აირზენას“ მფრინავები ემსახურებიან. პრეზიდენტის სხვა ქვეყანაში ვიზიტისას სპეცთვითმფრინავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უკვეთს, საჰაერო დერეფნით სარგებლობის დიპლომატიურ ნებართვას კი, იმ ქვეყნებისგან, რომელთა საჰაერო სივრცესაც კვეთს საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავი, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური იღებს.

საქართველოს პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტები არაერთხელ გამხდარა მთავრობასთან მისი დაპირსპირების საგანი - გახდება თუ არა ამჯერად „აირზენას“ ხელმძღვანელის ბოიკოტი დამატებითი ბარიერი სალომე ზურაბიშვილის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების წარმოებისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

სალომე ზურაბიშვილს სულ რამდენიმე დღეში, 31 მაისს აქვს დაგეგმილი გამოსვლა ევროპარლამენტში. ბრიუსელში მის ვიზიტთან დაკავშირებით ცნობილია მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პოზიცია უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი”, თქვა კობახიძემ 18 მაისს, და ახსნა, რომ მმართველ გუნდში შიშობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ სწრაფვას დააზიანებს. 19 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობა პრეზიდენტის “განაცხადს” დააკმაყოფილებს.

რადიო თავისუფლების კითხვებს არც კომპანია „აირზენას“ ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი პასუხობს. არის თუ არა ქვეყნის პრეზიდენტისთვის ეროვნული ავიაკომპანიით სარგებლობის უფლების აკრძალვა სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმა, ან იქონია თუ არა სალომე ზურაბიშვილის მოწოდებამ ბოიკოტის შესახებ, გავლენა მისი კომპანიის გაყიდვებზე?

რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ გაიაშვილმა მედიასთან კომუნიკაცია შეამცირა. მისი განცხადება პრეზიდენტის “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადების შესახებ, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა მედიამ, “იმედმა” გაავრცელა.

“გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის საქართველო მახსენდება, როდესაც სამტრედიაში სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს, საბჭოთა ეკონომიკა უნდა დავანგრიოთო. ქალბატონი სალომე ახლა, როგორც ჩანს, იმავე აზროვნების ინერციით მოქმედებს და ჰგონია, რომ ქართული ავიაკომპანიის გაჩერებით რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს. ან რა ტიპის დემოკრატიაა ის, რომ უმრავლესობამ აგრესიული უმცირესობის ჭკუაზე იაროს. დემოკრატია საკითხების უმრავლესობით გადაწყვეტას ნიშნავს, უმცირესობის ჭკუაზე სიარულს კი დიქტატურა ჰქვია.

ბედის ირონიაა, როდესაც ქალბატონ ზურაბიშვილსაც პრეზიდენტი ჰქვია და ერდოღანსაც, რომელმაც თურქიშ ეარვეისი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავიაკომპანიად ჩამოაყალიბა, სტამბოლში კი რეგიონის უდიდესი აეროპორტი ააშენა“, - ეწერა თამაზ გაიაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. მოსაზრება, რომ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის მოწინააღმდეგეები უმცირესობაში არიან საქართველოში, იმეორებს ხელისუფლების რიტორიკას, რომლის მიხედვით, რუსეთიდან ფრენები იქ მცხოვრები მილიონამდე ქართველის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

“ძალიან არასწორია თავისთავად პრეზიდენტის სანქცირება [აირზენას მხრიდან] ინსტიტუციასთან მიმართებაში, მაგრამ ჩემთვის ის ძალიან მძიმე რისკები, რის წინაშეც საქართველოს ხელისუფლებამ დააყენა ქართული სახელმწიფოებრიობა, არ დაიყვანება გაიაშვილის კომენტარამდე, არ მიმაჩნია რომ ეს მთავარი, ან მნიშვნელოვანი პრობლემაა. რას ფიქრობს გაიაშვილი და როგორ იქცევა, არის ძალიან პატარა პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოხატავს მდგომარეობის საერთო სიმძიმეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი და ჩვენ არ უნდა აგვერიოს ფოკუსი. მთავარი პრობლემა, ვინც ასეთ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეს პირდაპირი ფრენები მოსკოვში, თავს დაესხან სახელმწიფო ინსტიტუციებს, არის “ქართული ოცნება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანა ნაცვლიშვილმა, დეპუტატმა პარტია “ლელოდან”. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველო “მცოცავი ოკუპაციის” კვალდაკვალ “მფრინავი ოკუპაციის” წინაშე დგას და ამ მოცემულობაში მთავარი ფოკუსი დიდი, ანტისაოკუპაციო სტრატეგიის შემუშავებაზე უნდა იყოს მიმართული.

2023 წლის მარტში გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მონაცემებით, რომელიც IRI-ს ეკუთვნის, საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 4 პროცენტი მიესალმება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თავისუფლად ჩამოსვლას, 25% ფიქრობს, რომ მისაღებია მათი აქ ყოფნა, საქართველოს ეკონომიკაზე დადებითი ეფექტის გამო, 37% კი თვლის, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დააბრუნოს იმისათვის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა აქ თავისუფლად შემოსვლის უფლება მოიპოვონ.

სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ “

„საქართველოს ავიახაზები“, რომელიც არაერთი წელია ეროვნული ავიაციის განვითარებისთვის სახელმწიფოსგან მსხვილ სუბსიდიებს იღებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე გახდა საზოგადოების კრიტიკის სამიზნე, როგორც პირველი ქართული კომპანია, ვინც რუსული გადახდის სისტემა “მირი” დაამატა თავის საიტზე. 2022 წლის 8 მარტს გაიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი მთავარი ინტერესი რაც შეიძლება მეტი ბილეთის გაყიდვა იყო.

“მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს [შევუერთდე], სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ”, - თქვა მაშინ თამაზ გაიაშვილმა, რომელიც მალე გახდა იძულებული, მოეხსნა რუსული გადახდის სისტემა ავიაკომპანიის საიტიდან.

თამაზ გაიაშვილი აქტიურობდა და შესაძლოა ჩართულიც იყო რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებში. 2023 წლის15 თებერვალს, ისევ “იმედის” ეთერში მან თქვა, რომ არ არსებობდა არცერთი არგუმენტი, რატომ უნდა თქვას უარი საქართველომ პირდაპირი ფრენების აღდგენაზე.

“თუკი თურქებს შეუძლიათ ფრენა, სხვებს შეუძლიათ ფრენა, ჩვენ რატომ უნდა დაგვასანქცირონ? მაშინ იმათ აუკრძალონ პირველ რიგში ფრენა. მე რომ შევხედავ, ისინი არ დაფრინავენ და ისინი სანქციების ქვეშ მოექცნენ, იგივე არაბები, ისინი, ესენი, ყველა… იზრაელი, მათი უახლესი პარტნიორი, ყოველდღიურად ასრულებენ პირდაპირ რეისებს მოსკოვში. გააჩერონ, კი ბატონო, ეს კომპანიები და ჩვენც მივხვდებით, რომ ქართველებმაც არ უნდა ვიფრინოთ, მაგრამ ლოგიკა არ არსებობს”, - ამბობდა თამაზ გაიაშვილი. არცერთ იმ ქვეყანას, რომელსაც ის ჩამოთვლის, არ აქვს ღია კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან, არ ჰქონია ომი ახლო წარსულში მასთან და არც რუსეთის მიერ აქვს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული.

გაიაშვილი ამავე ინტერვიუში ამბობს:

  • “600 კილომეტრის საზღვარი გვაქვს [რუსეთთან]; საჭირბოროტო საკითხების პირდაპირ გადაჭრის უფლებას დღეს არ გვაძლევენ და ვართ ვაკუუმში. როდემდე უნდა იყოს ეს სიტუაცია? აუცილებელია, მტერსაც და მოყვარესაც ელაპარაკო”.
  • “ქართველი ხალხი ბრძენია და მე ამ ნიჭიერი ხალხის იმედი მაქვს. შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ [ქართველი იყო] სტალინი, რომელმაც დააყენა მსოფლიო ფეხზე და მეორე მსოფლიო ომი მოიგო. ასევე დღეს რომ ვინარჩუნებთ მშვიდობას, ესეც ქართველი ადამიანის დამსახურებაა. უჭკვიანესი ადამიანები გვყავს, რომლებიც ამ მშვიდობას გვინარჩუნებენ”.
  • “რამხელა ფული შემოდიოდა და შემოდის რუსეთიდან. რომელი ევროკავშირის ქვეყნიდან შემოდის, ან ამერიკიდან ის მასა ფულის, რაც რუსეთიდან შემოდის. საიდან შემოდის კიდევ ამდენი ფული? არსაიდან!”
  • “უკრაინას 2008 წელს რუსეთთან ფრენები არ გაუუქმებია, არც არაფერში მხარი არ დაუჭერია“.

ქართულ მედიაში პირდაპირი ავიაფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გაიაშვილის გააქტიურება დაემთხვა იმ დროს, როდესაც რუსი პოლიტიკოსები საუბრობდნენ იმაზე, რომ “ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება”.

2023 წლის 14 აპრილს, როცა ჯერ კიდევ არ იყო საჯაროდ ცნობილი პუტინის გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტის საიტზე ფრენების განრიგში გამოჩნდა ინფორმაცია მოსკოვი-თბილისის რეისის შესახებ, რომელიც “აირზენას” უნდა შეესრულებინა. მაშინ ეს “ტექნიკური ხარვეზით” აიხსნა. ფრენების აღდგენის შემდეგ „აირზენას“ რეისების განრიგი “ტექნიკური ხარვეზის” განრიგის მსგავსია. ქართულ მედიაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ პუტინის დადგენილების გამოქვეყნებას ფრენების აღდგენის შესახებ, წინ უსწრებდა გაიაშვილის ვიზიტი მოსკოვში და შემდეგ მის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობა - მედიის ვარაუდით, ამ დროს მათთვის უკვე ცნობილი იყო, რომ რუსეთი “გავრილოვის ღამის” შემდეგ დაწესებულ შეზღუდვას საჰაერო მიმოსვლაზე გააუქმებდა.

თამაზ გაიაშვილის სახელი სავარაუდოდ დაკავშირებულია პირდაპირი ფრენების აღდგენამდე რამდენიმე დღით ადრე შექმნილ კომპანიასთანაც, რომელიც მომსახურებას უწევს თბილისში რეგულარული რეისებისას რუსულ ავიაკომპანია “აზიმუტს”. შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“ (Aero Handling Georgia), რომელიც პრორუსი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის, ვალერი კვარაცხელიას შვილს, დავით კვარაცხელიას ეკუთვნის, 2023 წლის 21 აპრილს დარეგისტრირდა - 19 დღით ადრე, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებდა. ამ კომპანიის მეორე მეწილე - დავით წივწივაძე, რომელიც თამაზ გაიაშვილის საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, დაუზუსტებელი ინფორმაციით, „საქართველოს ავიახაზების“ დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის ახლო ნათესავია.

კორპუსის და ბინის ნომერი დაფარულია პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.
კორპუსის და ბინის ნომერი დაფარულია პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.

“ქალბატონო პრეზიდენტო, ქართულმა ეროვნულმა ავიაკომპანიამ პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადათ, დასავლეთსაც მალე მოუწევს აქედან წასვლა და, ისე მიდის თქვენი საქმე, რომ მოგიწევთ რუსული "აზიმუტით" ფრენა. რას იზამ, - чем черт не шутит!” - ეს ვალერი კვარაცხელიას გამოხმაურებაა „აირზენას“ მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გამოცხადებულ ბოიკოტზე. ვალერი კვარაცხელია თავს მიიჩნევს იმ გუნდის წევრად, “ვისმა დაძაბულმა დიპლომატიურმა შრომამაც” მოუტანა საქართველოს პირდაპირი ავიარეისების აღდგენა.

20 მაისიდან ყოველდღიურად სრულდება „აირზენას“ რეისი - თბილისი-მოსკოვი-თბილისი.

XS
SM
MD
LG