ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს შეზღუდვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საყოველთაო საარჩევნო უფლებას.
„ის ქმნის ხელოვნურ ფინანსურ და სოციალურ ბარიერს - ფრენების მაღალი ხარჯის, სამუშაოდან იძულებით დათხოვნის და ამასთან დაკავშირებული სხვა წნეხის სახით - რაც საქართველოს ასობით ათას ემიგრანტს უბიძგებს, პრაქტიკულად დათმოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, - აცხადებენ საიაში.
საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა
„ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 17 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. ამას წინ უსწრებდა გასულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ დაბალი მაჩვენებელი.
რა ხდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ უბნების გახსნას ათიათასობით საქართველოს მოქალაქე ითხოვდა. იმ მომენტისთვის, ცესკოს ოფიციალური სტატისტიკით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 95 834-ს.
ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის გამო საარჩევნო უბნები დამატებით შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში - ნიუ-იორკში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ბერლინში; ესპანეთის სამეფოში - ბარსელონაში; იტალიის რესპუბლიკაში - რომში; საბერძნეთის რესპუბლიკაში - ათენსა და სალონიკიში; საფრანგეთის რესპუბლიკაში - პარიზში.
საერთო ჯამში, 2024 წელს 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ცესკოს მონაცემებით, საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მაგალითად:
- აშშ-ში მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 7%;
- დიდ ბრიტანეთში - 11,5%;
- გერმანიაში 5,3 %;
- საბერძნეთში 22,2%;
- საფრანგეთში - 10,7%
და ა.შ.
„ქართულ ოცნებას“ მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში. მათ შორის:
- თურქეთში - 44%;
- აზერბაიჯანში - 89,5%;
- სომხეთში - 59,7%.
2024 წელს მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნებოდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის.
ფორუმი