16 ივნისს ლიდერებმა, ვუჩიჩმა და კობახიძემ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ თბილისში იხსნება სერბეთის საელჩო, იგეგმება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და, ზოგადად, დიდი გეგმები აქვთ.
„ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის, იმ პოლიტიკისა, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში“, - განაცხადა ალექსანდარ ვუჩიჩმა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ „საქართველოსა და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც“.
- სერბეთი ოფიციალურად ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის და პარალელურად ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, - რის გამოც ბრიუსელი ხშირად ახვევს კრიტიკის ქარცეცხლში;
- ქვეყანას აქვს მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რასაც ბრიუსელი ასევე შეუსაბამობად უთვლის თავის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან;
- სერბეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი სწორედ პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩია;
- კრიტიკოსები მას ადანაშაულებენ ძალაუფლების კონცენტრაციაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებაში.
ევროკავშირს საქართველოსთან მაღალი დონის კონტაქტები შეჩერებული აქვს იმის გამო, რასაც „უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას“ უწოდებს.
„კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“, - განაცხადა ევროკომისიამ 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, გაფართოების მორიგ ანგარიშში.
თეთრი შური
ალექსანდარ ვუჩიჩმა 16 ივნისს ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე საუბრის შემდეგ განაცხადა:
„ვერ ვიტყვი, რომ შურს, იმიტომ რომ სიტყვა არ მომწონს, მაგრამ ვისურვებდი, რომ მსგავსი წარმატება ყველა მიმართულებით ჰქონოდეს ჩემს ქვეყანას“.
ორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეთია:
„საოცარი შედეგები“
ვუჩიჩის თქმით, უხარია და ამაყობს იმ შედეგებით, რასაც საქართველომ 2012 წლიდან დღემდე მიაღწია, და ეს შედეგები აღწერა, როგორც „საოცარი“.
„სერბეთში ყველამ იცის, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი [2026 წლის] პირველ კვარტალში იყო 9,3%. ჩვენ ვიცით, რომ ევროპას მსგავსი მაჩვენებელი არ გააჩნია და ჩვენც ვამაყობთ თქვენი ამ შედეგით“, - თქვა მან [ასეთია ოფიციალური სინქრონული თარგმანი].
„დასავლეთ ევროპაში ასეთი ტენდენცია რომ არსებობდეს, ასეთი ტემპი რომ იყოს ეკონომიკური განვითარების, საოცარი იქნებოდა“, - თქვა მან და დასძინა, რომ ბევრს სწავლობს საქართველოსგან.
„12% იყო მშენებლობის დარგში ზრდის მაჩვენებელი საქართველოში. ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია. ტურიზმშიც ძალიან მაღალი იყო ზრდის მაჩვენებელი. ჩვენ ვხედავთ, რა შეიძლება ვისწავლოთ თქვენგან, რაზე უნდა ვიმუშაოთ სერბეთში უფრო მეტად, რომ თქვენ მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
„ძალიან ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლებიც ძალიან მჭიდროდ გაკვირდებიან, ძალიან ყურადღებით სწავლობენ საქართველოში არსებულ მიდგომებს და ისინი ცდილობენ, რომ გაუმჯობესდნენ“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
„საერთო ხედვა“ ევროინტეგრაციაზე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრისას ისაუბრეს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზეც.
„ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც“, - თქვა მან.
„აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია“, - განაცხადა პრემიერმა.
ვუჩიჩს ევროინტეგრაციაზე არ უსაუბრია.
- სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა 2012 წლიდან, ხოლო გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად 2014 წელს დაიწყო.
- სერბეთს გახსნილი აქვს მოლაპარაკებების 35 თავიდან 22, თუმცა მხოლოდ 2 თავი აქვს დროებით დახურული.
- შესაბამისად, ფორმალურად სერბეთი საქართველოზე ბევრად უფრო წინ არის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, - თუმცა მისი ინტეგრაციის პროცესიც გაჭიანურებულია.
- მთავარი დაბრკოლებებია კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, კორუფციასთან ბრძოლა, არჩევნების სანდოობა, კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან უფრო ფართო შეუსაბამობა.
სერბეთში საელჩო იხსნება
ლიდერების თქმით, საქართველოში მალე გაიხსნება სერბეთის საელჩო.
„უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ“, - თქვა კობახიძემ.
„ძალიან მიხარია, რომ ძალიან მალე საელჩო გაიხსნება“, - თქვა ვუჩიჩმაც.
„დარწმუნებული ვარ, დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას“, - განაცხადა პრემიერმა.
სერბეთის პრეზიდენტმა კი იმედი გამოთქვა, რომ „მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს საელჩოს გახსნის შესახებ სერბეთში“.
მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე
ვუჩიჩის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 36,4%-ით გაიზარდა: „სერვისები, ტურიზმი - ამ მიმართულებებით გვაქვს წინსვლა იმიტომ, რომ პირდაპირი ფრენები არსებობს და ეს მაჩვენებელი იზრდება“.
„მე ვისურვებდი, რომ ბევრი ქართველი ტურისტი ჩამოდიოდეს სერბეთში. თბილისში ჩამოსვლა არის დიდი სიამოვნება და მოველი, რომ ქართველი ბიზნესმენები ჩამოვლენ სერბეთში და ნახავენ იმ შესაძლებლობებს, რაც არსებობს ქვეყანაში“, - თქვა მან.
შემდეგ განაცხადა, რომ „გვექნება საშუალება, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმოთ“. ეს დაახასიათა, როგორც „განსაკუთრებული აქცენტი“ ორი ქვეყნის ურთიერთობებში.
„ეს … არის ის საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და დაგვრჩა სულ მცირე, რომ დავასრულოთ ამაზე მოლაპარაკებები და დავიწყოთ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აქტიური ვაჭრობა“, - თქვა მან.
„ამ შეთანხმებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოდან შემოდის კომერციული არხებით ძალიან ბევრი სერვისი. წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზრდება იმპორტი საქართველოდან ამ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა.
მინისტრების შეხვედრა
16 ივნისსავე თბილისში შეხვედრა გამართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მარიამ ქვრივიშვილმა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ხაზი გაუსვა საქართველო-სერბეთის ეკონომიკურ კავშირებში არსებულ „პოზიტიურ დინამიკას“.
„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების საკითხს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაზრდას“, - წერს სამინისტრო.
შეხვედრა ყაველაშვილთან
წინა დღეს, 15 ივნისს, თბილისში პირველი ვიზიტით მყოფი ვუჩიჩი შეხვდა „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს.
„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო რგოლი, დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან პარტნიორობის გაფართოებით“, - დაწერა ყაველაშვილმა შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ეს „ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებას“.
ვინ არის ალექსანდარ ვუჩიჩი
ალექსანდარ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტია 2017 წლიდან, მანამდე, 2014-17 წლებში კი, პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა.
იგი სათავეში უდგას მმართველ „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ და ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევა.
90-იან წლებში ვუჩიჩი ნაციონალისტურ პოლიტიკურ ბანაკში იყო, მათ შორის მუშაობდა ინფორმაციის მინისტრად სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის პერიოდში, - მილოშევიჩისა, რომელმაც კარიერა დაასრულა ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალში.
მან მოგვიანებით პოლიტიკური კურსი შეიცვალა და ევროპულ ინტეგრაციას დაუჭირა მხარი, თუმცა პრაქტიკაში ცდილობს, ერთდროულად შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე მოსკოვსა და პეკინთან.
სერბეთი, რუსეთი და უკრაინა
რუსეთსა და სერბეთს საუკუნეების განმავლობაში ახლო პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული კავშირები ჰქონდათ, ორივე ქვეყანაში მეტწილად მართლმადიდებელი ქრისტიანები ცხოვრობენ.
ამასთან, მოსკოვი მხარს უჭერს ბელგრადს კოსოვოს დამოუკიდებლობის არაღიარების საკითხში.
უკრაინაში 2022 წლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სერბეთმა დაგმო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და გაეროს რეზოლუციებს მხარი დაუჭირა, თუმცა ევროკავშირისგან განსხვავებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია.
ენერგეტიკის მიმართულებითაც რუსეთი მნიშვნელოვან როლს ინარჩუნებს - ქვეყანა დიდწილად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე; ნავთობის სექტორში ასევე მნიშვნელოვანი წილი აქვთ რუსულ კომპანიებს.
წინააღმდეგობრივია სერბეთის ურთიერთობები უკრაინასთანაც.
ერთი მხრივ, სერბეთი აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - სანაცვლოდ იღებს უკრაინისგან მხარდაჭერას კოსოვოს არაღიარებაში.
„რკინის მეგობრობა“ ჩინეთთან
ჩინეთთან სერბეთის ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაღრმავდა, - ცენტრალური ევროპის ქვეყნებით ჩინეთის მზარდი დაინტერესების ფონზე. პეკინი სერბეთში არის მსხვილი ინვესტორი ინფრასტრუქტურაში, სამრეწველო პროექტებში, გზებსა და რკინიგზაში.
ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ სერბეთისთვის ჩინეთი არის ეკონომიკური და პოლიტიკური ბალანსის ინსტრუმენტი. თავად ვუჩიჩი პეკინსა და ბელგრადს შორის ურთიერთობას ხშირად „რკინის მეგობრობას“ უწოდებს. ჩინეთი სერბეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
ახლახან, 2026 წლის მაისის ბოლოს, ვუჩიჩი ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და შეხვდა პრეზიდენტ სი ძინპინს. თავის მხრივ, სი ძინპინი სერბეთში 2024 წელს იმყოფებოდა.
„სერბეთი არის ავტონომიური, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და გააგრძელებს საკუთარ ინტერესებთან შესაბამისობაში მოქმედებას“, - თქვა ვუჩიჩმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის კრიტიკაზე პასუხად.
ფორუმი