მისი შეფასებით, კრემლი სავარაუდო სამიზნედ ბალტიის სახელმწიფოებს შეარჩევს, თუმცა დარწმუნებულია, რომ გოტლანდის ან ნატოს ტერიტორიის ნებისმიერი სხვა ნაწილის მიტაცებას ალიანსის მკაცრი და დაუყოვნებელი პასუხი მოჰყვება. არსებობს მეორე ვარიანტიც - სამხრეთ კავკასია, ამ სცენარში კი გორანსონის მტკიცებით, ბევრი რამ თურქეთზე იქნება დამოკიდებული.
"ფუჭი გამოდგა კრემლის იმედები, რომ როგორმე ამერიკელებთან ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევდნენ. ლავროვის მთელი ის მედიდურობა და ყოყოჩობა, როდესაც ალასკაზე სსრკ-ის წარწერიანი მაისურით გამოცხადდა, წარსულს ჩაბარდა.”
რადიო თავისუფლება: დავიწყოთ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით. როგორ დაახასიათებდით მას?
სვერკერ გორანსონი: დღევანდელი ბრძოლის ველი მსოფლიო ომების პერიოდს წააგავს. სახმელეთო ფრონტზე, ფაქტობრივად, ჩიხია და ორივე მხარეს უჭირს წინსვლა, რაც არსებული პირობებისა და მხარეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, გასაკვირი არცაა. ახლა ჩანს რამდენიმე ნიშანი, რომ უკრაინელები შესაძლოა ოდნავ წინ მიიწევდნენ, მაგრამ უკიდურესი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა არაპროპორციულად დიდი დანაკარგები აიცილონ. ეს ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, დასავლეთს მათთვის მეტი შეტევითი იარაღი რომ მიეწოდებინა. თავის დროზე - ამ კონფლიქტში ჩვენ - დასავლეთმა - თავიდანვე ცალსახად ავირჩიეთ, ვის ვუჭერდით მხარს, ამიტომ ბევრად უფრო სწრაფად უნდა გვემოქმედა და მეტი უნდა გაგვეკეთებინა.
უნდა ვთქვა, რომ როგორც სტრატეგიული, ისე ტაქტიკური გადმოსახედიდან უკრაინელები უფრო გონივრულად მოქმედებენ, ვიდრე რუსები. უკიდურესად ეფექტურია უკრაინელების მასშტაბური სამხედრო კამპანია - რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე დარტყმით ისინი გარკვეული გზავნილის გაგზავნას ცდილობენ. ისინი თავს ესხმიან როგორც სამხედრო სამიზნეებს, ისე იმ ობიექტებს, რომლებიც რუსეთის საომარ ეკონომიკას ასაზრდოებენ. ამას ფსიქოლოგიური გავლენაც აქვს - ამით ომის რეალობა უშუალოდ რუსეთის მოსახლეობამდე მიდის და მათ ახსენებს, რომ ეს სწორედ მათი, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწყებული ომია, ომი, რომლის მოგებასაც ის, როგორც ჩანს, ვერაფრით ახერხებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მთელი ამ წლების განმავლობაში ცდილობდა, რიგითი რუსები ომის რეალობისგან შორს „გაეხიზნა“.მათთვის ომი მუდამ „სადღაც სხვაგან“ უნდა ყოფილიყო. დღეს ეს უკვე აღარ გამოდის და ახლა პუტინი ზეწოლის ქვეშაა.
ფუჭი გამოდგა კრემლის იმედებიც, რომ როგორმე ამერიკელებთან ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევდნენ. ლავროვის მთელი ის მედიდურობა და ყოყოჩობა, როდესაც ალასკაზე სსრკ-ის წარწერიანი მაისურით გამოცხადდა, წარსულს ჩაბარდა.
“მივიღეთ სურათი, რომელსაც ომის დაწყებამდე ვერავინ წარმოიდგენდა: რუსეთს მისი მთავარი ისტორიული უპირატესობა, უზარმაზარი ტერიტორია, ახლა სისუსტედ ექცა.”
რადიო თავისუფლება: უკრაინა სულ უფრო შორეულ სამიზნეებს ირჩევს და სულ უფრო ხშირად ურტყამს. სად არის ამ კამპანიის ზღვარი, რა მაქსიმალური შედეგი შეიძლება მოიტანოს და რამდენ ხანს გაგრძელდეს? მეორე მხრივ, ვხედავთ რუსეთის საჰაერო თავდაცვის უუნარობას - რატომ ვერ ახერხებს რუსეთი ამ დარტყმების შეჩერებას?
სვერკერ გორანსონი: რაც შეეხეება იმას, თუ რამდენად შორს წავა ეს კამპანია, რა მასშტაბებს მიაღწევს - ეს იმაზეა დამოკიდებული, დრონების გარდა რა კიდევ რა შეაიარაღებას მისცემს დასავლეთი უკრაინას. ბოლო ხანებში საუბარი იყო Tomahawk-ის რაკეტებზე - თუმცა ეს ნაკლებ მოსალოდნელია, აი, ფრანგულ SCALP-EG-სა და ბრიტანული STORM SHADOW-ს წარმოებას კი უკრაინა, როგორც ჩანს, მალე უკვე თავადვე შეძლებს. კიევს ასევე აქვს მზარდი შიდა პროდუქცია, რომელსაც დაემატება ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული, ასევე გერმანული და შვედური შეიარაღებაც.
გერმანიაში ახლა ამ საკითხზე დიდი დავა და დებატებია, რადგან იქ არ არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი შორი მოქმედების რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენთან, შვედეთში კი საპირისპირო სურათს ვაწყდებით: ფართო კონსენსუსი არსებობს, რომ უკრაინას წარმატებისთვის ყველაფერი უნდა მივაწოდოთ, რაც შეგვიძლია.
სწორედ ამავე ლოგიკით მივიღეთ Gripen-ის გამანადგურებლებზე გადაწყვეტილებაც: ჩვენი ავიაფლოტის ძველ მოდელებს უკრაინას უსასყიდლოდ გადავცემთ, ახლებს კი მივყიდით.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ახერხებენ რუსები მათგან თავის დაცვას, პირველ რიგში, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორც ჩანს, დასავლურ სისტემებზე ნაკლებად ეფექტიანია. მეორე, რეგიონებიდან საჰაერო თავდაცვის საშუალებების დიდი ნაწილი გაიტანეს და მოსკოვის გარშემო მოუყარეს თავი. რუსებს არ აქვთ სისტემა, რომელიც, მაგალითად, ისრაელის „რკინის გუმბათს“ ან იმ „სარაკეტო კედელს“ (Missile Wall) შეედრებოდა, რომლის აშენებასაც ახლა ევროპაში ვცდილობთ. შედეგად, მივიღეთ სურათი, რომელსაც ამ ომის დაწყებამდე ვერავინ წარმოიდგენდა: რუსეთს მისი ერთ-ერთი მთავარი ისტორიული უპირატესობა, უზარმაზარი ტერიტორია, ახლა სისუსტედ ექცა.
"არ მგონია, უკრაინაში შეჭრის გეგმა და გადაწყვეტილება გონიერ ტაქტიკოსს ეკუთვნოდეს, ამისთვის ზედმეტად ბევრი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული.”
რადიო თავისუფლება: დასავლეთის სადაზვერვო ანგარიშები ერთხმად მიუთითებენ, რომ მომდევნო, დაახლოებით, ხუთ წელიწადში შეიძლება ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმა ან რაიმე ტიპის სამხედრო აგრესია ვიხილოთ. თუ კრემლი მართლაც წავა ამაზე, რა იქნებოდა ყველაზე სავარაუდო სამიზნე? აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი: აუცილებელია თუ არა რუსეთმა ჯერ უკრაინაში დაასრულოს ომი, ვიდრე სხვა ქვეყანას სერიოზულად დაემუქრება?
სვერკერ გორანსონი: ამისთვის უკრაინაში ომის სრულად დასრულება აუცილებელი არ არის. თუ რუსეთი დაინახავს, რომ ევროპას ყურადღება გაფანტული აქვს, მოწყვლადია და სათანადო პასუხისთვის მზად არ არის, ამ შესაძლებლობას გამოიყენებს.
სამიზნედ, სავარაუდოდ, უკრაინასთან ახლოს მდებარე, შედარებით პატარა ქვეყნებს შეარჩევენ, პირველ რიგში ბალტიის სახელმწიფოებს. ბალტიის მიმართულება რუსეთისთვის იმითაცაა მიმზიდველი, რომ იქ თავისი საზღვაო ძალების გამოყენება შეუძლია. ცხადია, ამით საკუთარ ფლოტს დასავლეთის საპასუხო მოქმედებისთვისაც აქცევს სამიზნედ, მაგრამ ეს რისკი ნებისმიერ შემთხვევაში იარსებებდა.
გონიერი ტაქტიკოსი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედებდა. მათ გენერალურ შტაბში რომ ვმუშაობდე, გულდასმით გავაანალიზებდი უკრაინაზე თავდასხმას: როგორ დაიგეგმა, რა ჩავარდა და რატომ. ჩემი აზრით, ამინდისა და ნიადაგის მდგომარეობის გამო შეტევისთვის წელიწადის არასწორი დრო შეარჩიეს.
საერთოდაც, არ მგონია, უკრაინაში შეჭრის გეგმა და გადაწყვეტილება გონიერ ტაქტიკოსს ეკუთვნოდეს, ამისთვის ზედმეტად ბევრი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული. თუ მომავალ გადაწყვეტილებასაც იგივე ადამიანი მიიღებს, მისი ნაბიჯების პროგნოზირება ძნელი იქნება, რადგან ისინი ლოგიკას არ ემორჩილება.
თუ ეს სამხრეთ კავკასიაში მოხდება, ბევრი რამ თურქეთის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული.
რადიო თავისუფლება: ნატოს წევრ ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმაზე აუცილებალდ ჩაგეძიებით, მაგრამ მანამდე განვიხილოთ რუსეთის სამეზობლოში მდებარე სამი უფრო მოწყვლადი ქვეყანა: მოლდოვა, საქართველო და სომხეთი. მათ ნატოს ქოლგა არ იცავს და, ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, ალიანსს მათი დაცვის ვალდებულება არ აქვს.
სვერკერ გორანსონი: ეს საინტერესო საკითხია. ერთი მხრივ, რუსეთს შესაძლოა ნატოს გამოცდა სურდეს, რათა ნახოს, უპასუხებს თუ არა ალიანსი საკუთარ სივრცეში გაჩენილ საფრთხეს. მეორე მხრივ, მისთვის უფრო გონივრული შეიძლება იყოს კიდევ ერთი ტერიტორიის ეტაპობრივად მიტაცება ისე, რომ დასავლეთი პირდაპირ არ ჩაითრიოს კონფლიქტში.
თუ ეს სამხრეთ კავკასიაში მოხდება, ბევრი რამ თურქეთის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობის მიუხედავად, არ მგონია, თურქეთს ასეთი სცენარი მოეწონოს.
"რაოდენობით თუ ვერა, ხარისხით ნებისმიერს, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც, ვუტოლდებით.”
რადიო თავისუფლება: თქვენი ცნობილ ციტატა გავიხსენოთ - მაშინ შვედეთის თავდაცვით ძალებს ხელმძღვანელობდით და თქვით, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში შვედეთი თავის დაცვას მხოლოდ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შეძლებდა. მას შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა - დღეს როგორ შეაფასებდით შვედეთის თავდაცვისუნარიანობას?
სვერკერ გორანსონი: ასე ვიტყოდი: დღეს ერთ კვირაზე გაცილებით მეტხანს გავძლებდით. მაშინდელ და დღევანდელ მდგომარეობას შორის სხვაობა დრამატულია. მთავარი მიზეზი ისაა, რომ დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალები სათანადოდ აღჭურვილი, გაწვრთნილი და მზადყოფნაშია. მათ აქვთ საბრძოლო და ნატოს მასშტაბურ წვრთნებში მიღებული გამოცდილება.
მოხდა სამხედრო ძალების სიღრმისეული გადამზადება. საჰაერო ძალების წვრთნები ჩავატარეთ როგორც შვედეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ვაჩვენეთ, რომ რაოდენობით თუ ვერა, ხარისხით ნებისმიერს, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც, ვუტოლდებით. ამიტომ შვედეთის დამარცხება დღეს გაცილებით რთული იქნებოდა. სამხედრო თვალსაზრისით, ქვეყანა კარგადაა მომზადებული.
ახლა სამოქალაქო თავდაცვის დოქტრინის აღდგენის პროცესში ვართ. ვსაუბრობ იმ „ტოტალურ თავდაცვაზე“, რომელიც ისტორიულად გვქონდა, რომლის მიხედვითაც შვედისთვის პოტენციური ომი თუ სამხედრო აგრესია რეალური საფრთხეა და მისთვის ყველა უნდა იყოს მზად, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიური მედეგობის თვალსაზრისით.
რადიო თავისუფლება: როგორც ფინეთში?
სვერკერ გორანსონი: დიახ. ცივი ომის დროს შვედეთშიც სწორედ ასე იყო ყველაფერი მოწყობილი და სისტემა ეფექტიანად მუშაობდა. ახლა მას ეტაპობრივად აღვადგენთ. მთავარი ისაა, კრიზისის ან ომის დროს ქვეყანამ მაქსიმალურად შეინარჩუნოს მშვიდობიანი ცხოვრების რეჟიმი. დღეს ამ მხრივ გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული და პარლამენტის სრული მხარდაჭერაც გვაქვს.
პუტინის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა ის იყო, რომ უკრაინაზე თავდასხმით ფინეთი და შვედეთი ნატოში შეიყვანა და თითქმის მთელ ევროპაში სამხედრო ხარჯების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. არა მგონია, რომ გათვლილი ჰქონოდა მოვლენათა მსგავსი განვითარება, თუმცა სწორედ ეს შედეგი მიიღო.
შვედეთმა ახლახან საფრანგეთისგან ოთხი ფრეგატის შეძენა გადაწყვიტა. ვაშენებთ ახალ წყალქვეშა ნავებს და არსებულებსაც ვაახლებთ. სატანკო არსენალიც იზრდება და მოდერნიზდება. საჰაერო ძალები Gripen-ის ახალ მოდელს იღებენ, ძველი თვითმფრინავები კი უკრაინას გადაეცემა.
თუმცა სასურველ დონემდე ჯერ მაინც არ მივსულვართ. ამას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. ჩემი აზრით, შეიარაღებული ძალები კიდევ უნდა გაიზარდოს. ფრეგატების დამატებით ფლოტი გაფართოვდება, სახმელეთო ჯარი კი დაახლოებით ორჯერ უნდა გაიზარდოს: ოთხის ნაცვლად შვიდი ან რვა ბრიგადა გვჭირდება. ესეც კი ისტორიულ მასშტაბებთან შედარებით ცოტაა. 1989 წელს, როდესაც შეიარაღებული ძალების შტაბში მუშაობა დავიწყე, 29 ბრიგადა გვყავდა.
"ბალტიის ზღვაში ნატოს კუთვნილი კლდის თუნდაც უმცირესი ნაგლეჯის მიტაცებას მკაცრი და დაუყოვნებელი პასუხი მოჰყვება”
რადიო თავისუფლება: შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა კლაესონმა, The Times-თან ინტერვიუში ასეთი სცენარი აღწერა: რუსეთმა შესაძლოა გოტლანდის კუნძულის ხელში ჩაგდება სცადოს, რათა ნატოს მეხუთე მუხლი და ალიანსის ერთიანობა გამოცადოს. თუ რუსეთმა მართლაც სცადა რაიმე ამგვარი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები? რა მოხდება, თუ სამიზნე გოტლანდი, დანიის კუნძული ბორნჰოლმი ან ესტონეთის ორი დიდი კუნძულიდან ერთ-ერთი იქნება?
სვერკერ გორანსონი: გოტლანდზე დღეს ძლიერი სამხედრო კონტიგენტი გვყავს და მკაფიოდ ვაჩვენეთ, რომ კუნძულს დაცვა ძალგვიძს და ამისთვის მზად ვართ. შეუძლია რუსეთს იქ ყირიმის სცენარის გამეორება? შეუძლია სცადოს, მაგრამ წარმატებას მიაღწევს? შვედეთი პასუხისთვის მზად იქნება, არაფერს დავთმობთ.
რადიო თავისუფლება: ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთმა გოტლანდზე რეფერენდუმიც რომ ჩაატაროს, მოსახლეობა მასთან შეერთებას მხარს არ დაუჭერს. თუმცა გოტლანდის გარდა, ბალტიის ზღვაში ათასობით კუნძულია და სამიზნე ნებისმიერი მათგანი შეიძლება გახდეს. მთავარი კითხვაა, როგორი იქნება პასუხი?
სვერკერ გორანსონი: შვედეთის რეაქცია მყისიერი იქნებოდა და დაუყოვნებლივ მოვითხოვდით ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედებას. ალიანსის გარშემო დღევანდელი პოლიტიკური ორაზროვნების მიუხედავად, ამერიკელ და შვედ სამხედრო ხელმძღვანელებთან, მათ შორის გენერალ კლაესონთან, საუბრის საფუძველზე ვიტყოდი: ბალტიის ზღვაში ნატოს კუთვნილი კლდის თუნდაც უმცირესი ნაგლეჯის მიტაცებას მკაცრი და დაუყოვნებელი პასუხი მოჰყვება.
ამის ფონზე მიკვირს, რომ დანიამ ბორნჰოლმის გასაძლიერებლად ბევრი არაფერი გააკეთა. იქ სამხედრო ბაზა აქვთ, და ინვესტიცია გაუზარდეს, მაგრამ ჯერჯერობით სულ ესაა. გოტლანდსა და ბორნჰოლმს შორის ამ მხრივ უზარმაზარი სხვაობაა.
თანამედროვე ისტორიაში ევროპის ქვეყნები არასოდეს ყოფილან ისე ერთიანი, როგორც დღეს. პუტინს ეს ნამდვილად არ ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ თავადვე უზრუნველყო
რადიო თავისუფლება: დავუშვათ, რუსეთი არა შვედეთის, არამედ, მაგალითად, ესტონეთის „კლდის ნაგლეჯის“ აწაპვნას ცდილობს. ექნება ამას რაიმე არსებითი მნიშვნელობა?
სვერკერ გორანსონი: ქუჩაში რიგით შვედს თუ გააჩერებთ და კითხავთ, ალბათ გეტყვით, რომ დიახ, განსხვავება არსებობს. მაგრამ მთავრობაში, შეიარაღებულ ძალებსა თუ სხვა სფეროებში გადაწყვეტილების მიმღებები გიპასუხებენ, რომ ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავენ. ახლა ერთი გუნდი ვართ და ერთმანეთის ქვეყნების დაცვაში უნდა დავეხმაროთ.
თანამედროვე ისტორიაში ევროპის ქვეყნები არასოდეს ყოფილან ისე ერთიანი, როგორც დღეს. პუტინს ეს ნამდვილად არ ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ თავადვე უზრუნველყო, რომ ევროპაში მის ნებისმიერ მომავალ აგრესიას გაცილებით მკაცრი პასუხი მოჰყვება, ვიდრე სამი ან ხუთი წლის წინ მოჰყვებოდა.
ფორუმი