Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ილუზიაა, თითქოს ჯარისკაცების რაოდენობას ომის შემობრუნება შეუძლია“ - კამენ ნევენკინი რუსეთის მობილიზაციაზე

ინტერვიუ კამენ ნევენკინთან
ინტერვიუ კამენ ნევენკინთან

„ამერიკულ კომპანიებს წელიწადში მაქსიმუმ 700, შესაძლოა 800 ასეთი რაკეტის წარმოება შეუძლიათ, მაშინ, როდესაც მხოლოდ უკრაინას თვეში 100-ზე მეტი სჭირდება. საკმაოდ მარტივი განტოლებაა, იმთავითვე ცხადი პასუხით“, - ეუბნება რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს კამენ ნევენკინი, ბულგარელი სამხედრო ისტორიკოსი და ავტორი, რომელიც, უპირველესად, მეორე მსოფლიო ომში აღმოსავლეთის ფრონტის შესახებ დაწერილი ნაშრომებითაა ცნობილი.

რუსეთის ბალისტიკური იერიშების გახშირების ფონზე, კიევს გადამჭერი რაკეტების კრიტიკული დეფიციტი აქვს. პარალელურად, რუსეთის სიღრმეში ამ რაკეტების გამშვებ პუნქტებზე დასარტყმელად კი Starlink-ზე უფრო ფართო წვდომა სჭირდება, რაზეც ერთხელ უკვე მიიღო უარი ილონ მასკისგან. გარდა ამისა, გახშირებული ცნობები რუსეთის შესაძლო ახალი მობილიზაციის შესახებ ახალ კითხვებს აჩენს - შეძლებს თუ არა დამატებითი ცოცხალი ძალის ხარჯზე მოსკოვი გარდამტეხი უპირატესობის მოპოვებასა და დონბასის სრულად დაპყრობას.

“თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამაზე მუშაობა გუშინ არ დაწყებულა. ეს ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა, და ის, თუ როგორ დასრულდება ომი, დიდწილად დამოკიდებული იქნება უკრაინელების უნარზე, თავად აწარმოონ და მასობრივად გამოუშვან ასეთი რაკეტები.”

რადიო თავისუფლება: გადამჭერი რაკეტების კრიზისით დავიწყოთ, რომლის წინაშეც დღეს უკრაინა დგას. სულ უფრო და უფრო ხშირად, დილით გაღვიძებულებს კიევიდან ასეთი ამბები გვხვდება - წუხელ ღამით რუსეთმა უკრაინას ამდენი და ამდენი ბალისტიკური რაკეტა ესროლა, უკრაინელებმა კი მათი მხოლოდ ნაწილის ჩამოგდება შეძლეს... იყო ისეთი ღამეც, როდესაც ვერცერთი ვერ ჩამოაგდეს. რამდენად გარდამტეხი გავლენა შეიძლება იქონიოს ამ დეფიციტმა ომის მსვლელობაზე? თუ გამოსავალი ვერ მოიძებნა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?

კამენ ნევენკინი: სიტუაცია მძიმეა. ერთი მხრივ, პრობლემად რჩება ის, რომ უკრაინას იმაზე ცოტა Patriot-ის საარტილერიო ქვედანაყოფი აქვს, ვიდრე სჭირდება, მაგრამ ბოლო დროს მათ, უბრალოდ, რაკეტებიც გამოელიათ და არ ვიცით, შეძლებს თუ არა უკრაინა საკმარისი რაოდენობის რაკეტების მიღებას, რათა Patriot-ებმა რუსეთის განმეორებითი ბალისტიკური იერიშების მოგერიება განაგრძონ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ - მხოლოდ საარტილერიო ქვედანაყოფები თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის დაცვას, თუ ყოველი ახალი იერიშის შემდეგ გადამჭერების მარაგი მცირდება და მისი დროულად შევსება ვერ ხერხდება. დღეს მთელ მსოფლიოში ანტიბალისტიკური რაკეტების დეფიციტია და ეს მხოლოდ უკრაინის საჰაერო თავდაცვას კი არა, თითქმის ყველა იმ ქვეყანას ეხება, რომელიც Patriot-ის სისტემებს იყენებს. ახლო მომავალში წარმოების მოცულობის დრამატულად გაზრდას არ უნდა ველოდოთ, ეს გულუბრყვილობა იქნებოდა - ანტიბალისტიკური რაკეტები ტექნოლოგიურად ძალიან რთული და ძალზე ძვირი საწარმოებელია. ამერიკულ კომპანიებს წელიწადში მაქსიმუმ 700, შესაძლოა 800 ერთეულის წარმოება შეუძლიათ, მაშინ, როდესაც მხოლოდ უკრაინას თვეში 100-ზე მეტი სჭირდება. ვიღებთ საკმაოდ მარტივ განტოლებას, იმთავითვე ცხადი პასუხით.

რადიო თავისუფლება: და რა უნდა იღონოს კიევმა? პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის პარტნიორებს Patriot-ის 300 გადამჭერი რაკეტა სთხოვა, რაც ზამთრის განმავლობაში თვეში 100 რაკეტას ნიშნავს. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს რიცხვი - 300 რაკეტაც კი - საკმარისი არ იქნება პრობლემის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად.

კამენ ნევენკინი: ჩემი აზრით, უკრაინელები პასუხად ერთგვარი ასიმეტრიული ომის წარმოებას შეეცდებიან და სამიზნედ რუსეთის ბალისტიკური სარაკეტო სისტემების გამშვებ პუნქტებსა და დანადგარებს აირჩევენ. ისინი ასევე შეეცდებიან, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ იმ ქარხნებს, რომლებიც ბალისტიკურ რაკეტებსა და მათ კომპონენტებს აწარმოებენ. ეს ძალიან გონივრული მიდგომაა და პრობლემის გადაჭრის ალბათ ის ერთადერთი გზა, რომელიც უშუალოდ კიევზე იქნება დამოკიდებული და არა გარე აქტორებზე. მეორე ვარიანტი საკუთარი ანტიბალისტიკური რაკეტების წარმოებაა.

"თუ გაუვალ კედელს შეეჯახებიან, არ გამოვრიცხავ, ფედოროვი უკან დააბრუნონ.”

რადიო თავისუფლება: თქვენ მიერ ნახსენები მეორე გზა, უკრაინული ანტიბალისტიკური რაკეტების წარმოება, სავარაუდოდ, უფრო გრძელვადიანი პროექტი იქნება. აქ საუბარია არა მხოლოდ საჭირო ტექნოლოგიის შექმნაზე, არამედ ისეთი საწარმოო სიმძლავრის ჩამოყალიბებაზეც, რომელიც ამ რაკეტებს საჭირო რაოდენობით და რეგულარულად გამოუშვებს. დაახლოებით რა ვადაზე შეიძლება იყოს საუბარი?

კამენ ნევენკინი: ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ. ეს საგულდაგულოდ დაცული სამხედრო საიდუმლოა და ამ ინფორმაციას საჯაროდ არავინ გაამხელს. მაგრამ თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამაზე მუშაობა გუშინ არ დაწყებულა. ეს ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოა, რადგან ის, თუ როგორ დასრულდება ომი, დიდწილად დამოკიდებული იქნება უკრაინელების უნარზე, თავად აწარმოონ და მასობრივად გამოუშვან ასეთი რაკეტები.

„რუსი ახალწვეულები, რომლებიც სათანადოდ არ იქნებიან გაწვრთნილი და რომლებსაც რეალური საბრძოლო გამოცდილება არ ექნებათ, საერთო ჯამში მხოლოდ ცხედრების რაოდენობას გაზრდიან.

რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ, რომ უკრაინა რუსული სარაკეტო დანადგარების მიზანში ამოღებას შეეცდება. მობილური გამშვები დანადგარების ეფექტიანად მოსაძებნად, მათ გასანადგურებლად მანამ, სანამ რაკეტებს გაუშვებენ უკრაინას Starlink-ის გამოყენების შესაძლებლობა სჭირდება რუსეთის სიღრმეში, ხომ ასეა? თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი, რომელსაც ილონ მასკთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა და იმ ერთადერთ უკრაინელად მიიჩნეოდა, რომელსაც მასკის დარწმუნების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამცირებს თუ არა მისი მოხსნა უკრაინისთვის მასკთან „დალაგების“ შანსებს? სხვა რა ალტერნატივა აქვს კიევს, რით შეუძლიათ მასკის „მოხიბვლა“?

კამენ ნევენკინი: უკრაინის შიდა პოლიტიკაზე სპეკულირებას მოვერიდები, ამიტომ მხოლოდ ამას ვიტყვი: ვფიქრობ, ჯერ შეეცდებიან, ნახონ, შესაძლებელია თუ არა ფედოროვის გარეშე რაიმე წინსვლის მიღწევა ამ საქმეში. თუ გაუვალ კედელს შეეჯახებიან, არ გამოვრიცხავ, ფედოროვი უკან დააბრუნონ.

რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა, რომლის წინაშეც უკრაინა შეიძლება აღმოჩნდეს, რუსეთის დაგეგმილი მობილიზაციაა, რომელზეც უკრაინული დაზვერვაც კი უკვე საკმაოდ ღიად საუბრობს - რომ მოსკოვმა უკვე მიიღო ყველა აუცილებელი მოსამზადებელი ზომა მასშტაბური მობილიზაციისათვის და ეს შესაძლოა რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდეს. რას შეცვლის ეს ომში? თუ მობილიზაციის შედეგად რუსეთის რიცხობრივი უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება, რის ხარჯზე შეძლებს უკრაინა ამ დამატებით ძალებთან გამკლავებას?

კამენ ნევენკინი: ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოხდება ან, თუ მოხდება, ასეთი მასშტაბური იქნება თუ არა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ახლა სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტია. ასეთი ფართომასშტაბიანი მობილიზაცია ამ დეფიციტს კიდევ უფრო გაამწვავებდა. რაც მთავარია, მასობრივი მობილიზაცია ვერ გადაჭრის იმ რეალურ პრობლემებს, რომელთა წინაშეც რუსეთის არმია დღეს ბრძოლის ველზე დგას. რუსი ახალწვეულები, რომლებიც სათანადოდ არ იქნებიან გაწვრთნილი და რომლებსაც რეალური საბრძოლო გამოცდილება არ ექნებათ, საერთო ჯამში მხოლოდ ცხედრების რაოდენობას გაზრდიან.

"ახალწვეულთა დიდი რაოდენობის მობილიზება რუსული მხარისთვის მხოლოდ მსხვერპლის დრამატულად ზრდას გამოიწვევს.”

რადიო თავისუფლება: ანუ არ ფიქრობთ, რომ დამატებითი ცოცხალი ძალა რუსეთს დონბასის დარჩენილი ნაწილის დაპყრობის შესაძლებლობას მისცემს?

კამენ ნევენკინი: არა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან რუსეთს დონბასში რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლის შესაძლებლობა მისცეს. უკრაინის მთავრობას მოვლენათა ასეთი განვითარებაზე რეაგირების რამდენიმე სცენარი აქვს მომზადებული და ის მოკლე რადიუსის მოქმედების დრონების, ასევე საარტილერიო სისტემებისა და საბრძოლო მასალების მარაგებს აგროვებს. ფართოდ გავრცელებული ილუზიაა, თითქოს ჯარისკაცების დიდ რაოდენობას ომის ბედის შემობრუნება შეუძლია, მით უმეტეს თანამედროვე ომში - ომის დღევანდელი ხასიათისა და, განსაკუთრებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, ახალწვეულთა დიდი რაოდენობის მობილიზება რუსული მხარისთვის მხოლოდ მსხვერპლის დრამატულად ზრდას გამოიწვევს.

რადიო თავისუფლება: ამასთან დაკავშირებით, საგულისხმოა უკრაინის გენერალური შტაბის განცხადება, რომ ივლისში რუსეთის პირადი შემადგენლობის დანაკარგმა 42 860 შეადგინა, რაც 2026 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვის განმავლობაში თითქმის 14 000 რუსული სამხედრო ავტომობილი და საწვავმზიდი განადგურდა ან მწყობრიდან გამოვიდა, რაც, სამინისტროს ცნობით, მთელი ომის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ამავე დროს, რუსეთმა დიდი დანაკარგები განიცადა საარტილერიო სისტემების, საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მხრივაც. ეს უკრაინული მონაცემებია და მათი დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია, ამიტომ პირდაპირ გკითხავთ: რამდენად გჯერათ ამ მონაცემების?

კამენ ნევენკინი: ვიტყოდი, რომ ეს მონაცემები სარწმუნოა, დიახ. ამ სურათს იძლევა რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია: რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ არჩეული ტაქტიკა, საკუთარი ჯარისკაცებისადმი მათი დანაშაულებრივად გულგრილი დამოკიდებულება, დრონების ნაცრისფერ ზონაში ტექნიკის „გაუვალობა“ და უკრაინის მიერ რუსეთის ლოგისტიკურ „ჰაბებზე“ სულ უფრო და უფრო ინტენსიური და ზუსტი დარტყმები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ეს რიცხვები სრულიად დამაჯერებლად მიმაჩნია.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG