Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანის კინოფესტივალი გაიხსნა: გართობა და საქმე

პუტინის კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული რუსული კინო კანის ფესტივალზე წელსაც „დასანქცირებულია“.
პუტინის კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული რუსული კინო კანის ფესტივალზე წელსაც „დასანქცირებულია“.

13 დღის განმავლობაში მსოფლიო კინემატოგრაფიული სამყარო კანის ფესტივალით იცხოვრებს. „ა“ კლასის კინოფორუმებს შორის მთავარი ფესტივალი 12 მაისს გაიხსნა.

მოლოდინის მიუხედავად, პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთებულა. თვით ჯეინ ფონდაც კი, რომელმაც კანის 79-ე ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა, უჩვეულოდ „უმწიკვლოდ“ გამოიყურებოდა.

კანის დათვალიერება „მთავარი“ იმიტომაა, რომ, როგორც წესი, ფესტივალის დირექცია ახერხებს, თავი მოუყაროს წლის ყველაზე მნიშვნელოვან საავტორო ფილმებს, და იმიტომაც, რომ კინოვარსკვლავები ყოველთვის სიამოვნებით თანხმდებიან მაისის თბილ დღეებში კანში სტუმრობასა და წითელი ხალიჩის ფოტოსესიებში მონაწილეობაზე. თითქმის ტრადიციად იქცა კანის კინოფორუმზე გამარჯვებული ფილმის ტრიუმფი მსოფლიო ეკრანებზე – „ოქროს პალმის“ მფლობელები ერთ წელიწადში ძალიან ხშირად „ოსკარის“ ლაურეატებიც ხდებიან ხოლმე.

ჟიურის ხელმძღვანელი კორეელი რეჟისორი პარკ ჩან-ვუკი
ჟიურის ხელმძღვანელი კორეელი რეჟისორი პარკ ჩან-ვუკი

თუმცა მას შემდეგ, რაც აქ უარი თქვეს „ნეტფლიქსისა“ და სხვა ინტერნეტპორტალების მიერ დაფინანსებული ფილმების კონკურსში ჩართვაზე, კანის ფესტივალს პრობლემები შეექმნა. წლის ყველაზე გახმაურებული პროექტების პრემიერები უფრო ვენეციის ბიენალეს პროგრამით იმართება და, შესაბამისად, ჰოლივუდის ვარსკვლავები ზოგჯერ კანზე მეტად ვენეციის ფესტივალს ანიჭებენ უპირატესობას. შედეგიც სახეზეა – ერთი თვის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის სამხატვრო დირექტორმა განაცხადა, რომ პირველად კანის ფესტივალის ისტორიაში კონკურსში მხოლოდ ერთი ამერიკული ფილმია ჩართული – აირა საქსის „კაცი, რომელიც მიყვარს“. მართალია, ორი კვირის შემდეგ საკონკურსო პროგრამას კიდევ ერთი ფილმი – ჯეიმს გრეის „ქაღალდის ვეფხვი“ – დაამატეს, ხოლო არასაკონკურსო ჩვენებებში ჩართეს ნიკოლას ვინდინგ რეფნისა და რონ ჰოვარდის ახალი ფილმები, ასევე ჯონ ტრავოლტას, როგორც რეჟისორის, დებიუტი კინოში... მაინც, „კანში დაჩაგრული ჰოლივუდის“ შესახებ, ალბათ, კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ.

თუმცა ფესტივალის დირექციამ მიაგნო გზებს ჰოლივუდის ვარსკვლავების მოსაწვევად. წელს საპატიო „ოქროს პალმა“ გადაეცემა ბარბრა სტრეიზენდს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არასდროს ყოფილა კანის ფესტივალზე. გარდა ამისა, ჟიურის შემადგენლობაში ვიხილავთ დემი მურს, რომელსაც, კრიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, 2024 წლის კანის ფესტივალზე უსამართლოდ არ გადასცეს პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „სუბსტანცია“. ჟიურის კი წელს უხელმძღვანელებს კორეელი რეჟისორი პარკ ჩან-ვუკი, რომლის ფილმი „წასვლის გადაწყვეტილება“ 2022 წლის კანის ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზით აღინიშნა.

დემი მური
დემი მური

წლევანდელ კონკურსში აღმოსავლური ფილმების ნამდვილი შემოსევაა. კანში გაიმართება „ოქროს პალმით“ უკვე დაჯილდოებული ჰიროკაძუ კორეედას ახალი ფილმის პრემიერა („ბატკანი ყუთში“ გვიამბობს ცოლ-ქმარზე, რომელიც ჰუმანოიდის შვილად აყვანას გადაწყვეტს). ბუკმეკერების მიერ უკვე დასახელებულ ფავორიტებს შორის ლიდერობს რიუსუკე ჰამაგუჩი თავისი ახალი ფილმით „მოულოდნელად“, რომელიც საფრანგეთშია გადაღებული. ისტორიული რეკორდი დაამყარეს ესპანელმა კინემატოგრაფისტებმა – საკონკურსო პროგრამაში ვხედავთ სამ ესპანურ ფილმს, რომელთაგან ერთ-ერთია პედრო ალმოდოვარის „მწარე შობა“. ალმოდოვარი კიდევ ერთხელ შეეცდება მოიპოვოს სანუკვარი „ოქროს პალმა“, რომელიც აქამდე არ აღირსეს კანში, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ აქ ტრიუმფით უჩვენეს 1999 წელს. მისგან განსხვავებით, რუმინელი რეჟისორი კრისტიან მუნჯუ მეორე „ოქროს პალმისთვის“ იბრძოლებს – მისი ახალი ფილმი ნორვეგიაშია გადაღებული.

წარმოდგენილ კონკურსში პირადად მე ყველაზე მეტად ველი ორ ფილმს – ბელგიელი რეჟისორის, ლუკას დონტის „ლაჩარს“ (დონტის „ახლოს“ 2022 წლის კანის ფესტივალზე ბევრისთვის მოულოდნელად ჟიურის გრან-პრი მიენიჭა) და ანდრეი ზვიაგინცევის „მინოტავრს“, რომელიც პუტინის რუსეთიდან დევნილმა რეჟისორმა – ბოლო დროის რუსული საავტორო კინოს, ალბათ, მაინც ყველაზე საინტერესო ავტორმა – ევროპაში გადაიღო. რუსეთს, უფრო სწორად, საბჭოთა კავშირს უკავშირდება „განსაკუთრებული მზერის“ პროგრამაში ჩართული ლატვიური ფილმი „იულია“, ცნობილ კალათბურთელ იულიანა სიმიონოვაზე (მსოფლიო კალათბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალ ქალზე), რომლის როლსაც მამაკაცი მსახიობი კარლის ავოტსი ასრულებს.

პუტინის კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული რუსული კინო კანის ფესტივალზე წელსაც „დასანქცირებულია“. რუსული კინოს პავილიონი არ არსებობს. თუმცა რუსი კინემატოგრაფისტების რიცხვი, ჩემი დაკვირვებით, მნიშვნელოვნადაა მომატებული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა დღეს რუსეთში აღარ ცხოვრობს... ეს ხალხი ცდილობს დასავლეთ ევროპაში მოძებნოს ფული თავისი პროექტებისთვის. მაგრამ უსახსრობას დღეს თავად დასავლელი ავტორებიც უჩივიან. ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირს გადაეგზავნა ღია წერილი, რომელშიც 120 ევროპელი რეჟისორი მოითხოვდა ევროპული კინოპროექტებისთვის დაფინანსების გაზრდას. თუკი ევროპული კინოს ელიტას დახმარებაზე უარს ეტყვიან, თუკი ევროპის ქვეყნებში კინოდარბაზები დაცარიელდება, არაა გამორიცხული, რომ მიმართვის ავტორებმაც „ნეტფლიქსი“ აირჩიონ თავიანთი მომავალი კინოპროექტებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG