Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კურიერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაწყებულია გამოძიება

დავით დვალიშვილი
დავით დვალიშვილი

თბილისში, საბურთალოზე, ღამის საათებში გამოძახების ადგილას მისულ კურიერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, ნაცემი 26 წლის კაცის, დავით დვალიშვილის ადვოკატი, ია კვანტალიანი ავრცელებს და ინფორმაციას ფოტოსაც ურთავს.

ამ ფოტოზე დავით დვალიშვილს სახე სისხლიანი აქვს და რამდენიმე ადგილას ნახეთქები.

ეს ფოტო კლინიკაშია გადაღებული
ეს ფოტო კლინიკაშია გადაღებული

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას ნიშნავს.

რა მოხდა?

ადვოკატის ინფორმაციით, დავით დვალიშვილს, სავარაუდოდ მინიმუმ ხუთკაციანი არასრულწლოვანთა ჯგუფი დაესხა თავს. დავითი კურიერია და შემთხვევა პროდუქტის მიტანის შემდეგ, სადარბაზოდან გამოსვლისას მოხდა.

„ტელეფონი გვაჩვენეო, გინდა თუ არაო, სად რეკავო. მან ანახა ტელეფონი, დაუწყეს დამცირება...დაიწყეს მოკლედ მუქარა, რომ ცემდნენ და შემდგომ წაართვეს ტელეფონი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, უღებდნენ ვიდეოს და დამამცირებლად ეპყრობოდნენ.

როგორც გავიგე, ცემის დროსაც კი უღებდნენ ვიდეოს. კეფის არეში მოკიდეს ხელი, ძირს დააგდეს და ასფალტზე ატყმევინეს გამეტებით თავი, კეფაში ურტყამდნენ, თავში ურტყამდნენ, სხვადასხვა სხეულის დაზიანება აქვს მიღებული ჩემს დაცვის ქვეშ ყოფნის“, - ამბობს ადვოკატი.

მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელები იდენტიფიცირებულნი არიან.

„მუხლის გადაკვალიფიცირებაა საჭირო უფრო მძიმე ბრალდებით, მიყენებული ზიანის სიმძიმის გათვალისწინებით. ინციდენტი ყაზბეგის გამზირზე მოხდა, სადაც ვიდეოკამერები არსებობს“, - ამბობს იაკო კვანტალიანი.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავდამსხმელებს პირველად შეხვდა და ეს სრულიად უმიზეზოდ დაწყებული ძალადობა იყო. ამას გარდა, ადვოკატისთვის ცნობილი ხდება, რომ თავდამსხმელები ძალადობას ტელეფონით იღებდნენ.

რას ჰყვება დავით დვალიშვილი?

დავით დვალიშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვება, რომ შეკვეთის მისამართზე მისვლისთანავე შეამჩნია ახალგაზრდების ჯგუფი.

მას შემდეგ, რაც ამანათი შემკვეთთან დატოვა და საცხოვრებელ კორპუსს ტოვებდა, მეორე შეკვეთის დეტალების გარკვევის მიზნით, მობილურზე დარეკა. ამ დროს ახალგაზრდების ჯგუფიდან ერთი მიუახლოვდა და ჰკითხა: რას აკეთებდა.

„ეჭვი ჰქონდათ, რომ პოლიციაში ვრეკავდი...შენ ვის ურეკავო? დაგვასმინეო? არა მეთქი, ჩემს შეკვეთაზე ვრეკავ...ტელეფონი ვანახე, შეკვეთაც ვანახე და ადამიანურად ვუთხარი, რომ კარგი ყველაფერს კარგს გისურვებთ შეკვეთაზე მივდივართ მეთქი.. მოუმატეს ტონს, დამამცირებელი სიტყვები იყო, შენ იცი ჩვენ რა ცხოვრებით ვცხოვრობთო?“, - იხსენებს დაზარალებული.

ის იხსენებს, რომ როცა მოპედს ქოქავდა და წასვლას აპირებდა, ახალგაზრდები კიდევ უფრო გაღიზიანდნენ.

„ტელეფონი ამოიღეს, თითქოს მიღებდა, მე ვფიქრობ რომ მიღებდა, ფანარს რისთვის გაანათებდა?... თან ტონს აუწიეს და ვიფიქრე, რომ საქმე სერიოზულად იყო...ტელეფონი წამართვეს...აბსოლუტურად ლაჩრულად ზურგსუკან დამესხენ თავს...პირდაპირი მნიშვნელობით ასფალტზე თავი მარტყმევინეს...შოკში ვიყავი“, - იხსენებს ის.

დავით დვალიშვილი პოლიციამ უკვე დაკითხა, გამოკითხულები არიან თვითმხილველებიც. ადვოკატის თქმით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა არ დაუკავებიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG