Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ტალახაძე სპორტში დაბრუნდა და ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას აპირებს

ლაშა ტალახაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე
ლაშა ტალახაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე

ლაშა ტალახაძე სპორტს უბრუნდება - ამ სათაურით სპორტის სამინისტროს ფეისბუქგვერდზე ვიდეორგოლი გამოქვეყნდა.

სამინისტროს ინფორმაციით, „სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაახლა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება“. მისი მიზანი 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოპოვებაა.

„მეორე თვეა ვვარჯიშობ, გუნდათ ერთად ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ რომელიმე შეჯიბრში ჩავერთვები და ოლიმპიურ ლიცენზიას მოვიპოვებ“, - ამბობს ლაშა ტალახაძე სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ლაშა ტალახაძე ძალოსანთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია, პარალელურად კი წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში. ის 2024 წლის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეშვიდე ნომერი იყო და ამ პერიოდიდან პოლიტიკაშია.

ლაშა ტალახაზემ მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს. მონაწილეობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში ქართული ოცნებისა და პარტია საქართველოსთვის დეპუტატებს შორის პირდაპირ სხდომათა დარბაზში.

პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში ის უპასუხოდ არ ტოვებდა მის მიმართ კრიტიკულ კომენტარებსა თუ განცხადებებს სოციალურ ქსელში. ინსტაგრამზე მის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის ავტორს, საკუთარი ინიციატივით გამოელაპარაკა კიდეც და სექსისტური შინაარსის, შეურაცხმყოფელი გზავნილები მისწერა.

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ტალახაძე ასპარეზობს მძიმე (+109 კგ) წონით კატეგორიაში. ტალახაძე ფლობს ყველა დროის აბსოლუტურ მსოფლიო რეკორდებს როგორც ატაცში, ისე აკვრასა და ორჭიდის ჯამში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG