Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჩალიკაშვილმა კარავი დადგა


ერთდღიანი ბრძოლის შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, პარლამენტის წინ კარავი დადგა.

კარავი, რომელშიც მალხაზ მაჩალიკაშვილი, თვეების განმავლობაში ცხოვრობდა, 20 ივნისის ღამეს, დემონსტრანტების დაშლის დროს მოირღვა.

ერთთვიანი წყვეტის შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილს კარავი 25 ივლისს, დილიდან უნდა გაეშალა, თუმცა, პარლამენტთან მისულს, სამართალდამცავები დახვდნენ და კარვის დადგმაზე უარი იმ მოტივით უთხრეს, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავდა.

ცოტა ხანში მერიამ უარყო სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. თბილისის ვიცე-მერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მერია პარლამენტის წინ არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას არ აპირებდა და მისთვის უცნობი იყო, რატომ და ვისი ბრძანებით უთხრეს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის დადგმაზე უარი.

კარვები, რომელშიც, შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა და მალხაზ მაჩალიკაშვილი, შვილების მკვლელობის საქმეების ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ, პირველად 2018 წლის შემოდგომის მიწურულს გაიშალა.

კარვის გაშლის პროცესი რთული აღმოჩნდა. მამებს, რომლებიც პარლამენტის წინ აქციებს 2018 წლის 10 სექტემბრიდან მართავდნენ, აცივებასთან ერთად, ღამის გასათევად თავშესაფარი დასჭირდათ.

ოქტომბრის მიწურულს, წვიმების სეზონზე, როცა ზაზა სარალიძე წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის გაშლას ცდილობდა, ის სამართალდამცავებმა დააკავეს. იმავე საღამოს, 26 ოქტომბერს, შვილმოკლული მამების მხარდასაჭერად, სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს.

2018 წლის შემოდგომაზე პარლამენტის წინ კარვების გაშლის მცდელობას, არაერთი დაპირისპირება მოჰყვა სამართალდამცავებთან.

კარვის გაშლის უფლების შეზღუდვას აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი.

კარვების საქმემ მოიარა სასამართლოებიც.

საბოლოოდ, კარავი პარლამენტის წინ შემოდგომის მიწურულს გაიშალა, მაგრამ კარვის გაშლის თავგადასავალი ამით არ დასრულდა - შვილმოკლულმა მამებმა წინასაახალწლოდ მერიისგან წერილი მიიღეს, რომელიც მათ აუწყებდათ, რომ უნდა შეეცვალა აქციის ჩატარების ადგილი, რადგან პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხისა და ღონისძიებების მოწყობა იგეგმებოდა.

თუმცა, 2018 წლის დეკემბერში ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განათდა. შვილმოკლული მამების კარვები პარლამენტის წინ დარჩა. მერიამ კარვებში განათება და ელექტროღუმელები დაამონტაჟა.

ბოლო თვეების განმავლობაში პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ღამეს მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილიღა ათენებდა.

25 ივლისს, მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტის წინ 429-ე ღამეს გაათენებს.

2017 წლის 26 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმელებმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს. იმავე დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და დღემდე მტკიცედ უარყოფენ გარდაცვლილი თემირლანის მშობლები. მათი თქმით, სპეცრაზმელებმა მათ შვილს საწოლში მძინარეს ესროლეს.

იმ დღეს, ანუ 26 დეკემბერს, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სუს-მა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილიც. იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“. სუს-ის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები გეგმავდნენ დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას საქართველოსა და თურქეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG