ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შარშან მოხდა ამბავი, რომელიც 30 წლის გლახო გრიგალაშვილის თვითმკვლელობით დასრულდა.
პროკურატურის ცნობით, ნიკა გზირიშვილმა და ნიკა მჭედლიშვილმა ფეისბუკის ყალბი ანგარიშის გამოყენებით, გლახო გრიგალაშვილისგან პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა მოიპოვეს. ამ კადრების გავრცელების მუქარით კი მას 1 000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს.
გრიგალაშვილმა უარი უთხრა. პასუხად, ბრალდებულებმა, დაზარალებულისთვის პატივის და ღირსების შელახვის განზრახვით, ფოტო და ვიდეომასალა მესენჯერით გაავრცელეს, მათ შორის გაუგზავნეს გლახო გრიგალაშვილის ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს.
„მთელმა სოფელმა ნახა ფოტოები რომ გამოუქვეყნეს და თავი მოიკლა, სახლიდან არ გამოდიოდა, ნერვიულობდა და რცხვენოდა ფოტოები რომ გამოუქვეყნეს“, - ანონიმურობის დაცვის პირობით იხსენებს მომხდარს რადიო თავისუფლებასთან ერთ-ერთი ადგილობრივი.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ „დაზარალებული აღმოჩნდა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“.
გარდაცვლილის და, ქეთი გრიგალაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისმა ძმამ თავი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებიდან და შანტაჟიდან ერთ თვეში მოიკლა.
„ფოტოების გავრცელებისთანავე, პოლიციაში წავედით, ყველაფერი მოვუყევით და ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ. გამოძიება ისევ გრძელდება, დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა მიხარია, რომ დამნაშავეები დააკავეს... ეს ტრაგედია ერთი წლის წინ მოხდა“, - ამბობს ის.
გამოძიება დაწყებულია:
- გამოძალვის;
- პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა/გავრცელების;
- მუქარით და სასტიკი მოპყრობით თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით.
პროკურატურამ მომხდარი ჯგუფურ დანაშაულად შეაფასა, რაც დამამძიმებელი გარემოებაა. ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ გარდაცვლილი და ბრალდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ და არც თანასოფლელები არ იყვნენ.
ნიკა მჭედლიშვილის ადვოკატი იოსებ ბოლოთაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. ამის მიუხედავად, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებას არ გამორიცხავს. ადვოკატი დამაზუსტებელ კითხვებს არ პასუხობს.
რაც შეეხება ნიკა გზირიშვილს, რადიო თავისუფლებამ მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო მის ადვოკატსა და ოჯახის წევრებთან დაკავშირება.
ფორუმი