ვიტალი იანკოვსკი 29 ივლისს დნესტრისპირეთში „სამშვიდობო ოპერაციის“ დაწყების 34 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
მოლდოვური მედიის ცნობით, კიშინიოვში არ ფლობენ ინფორმაციას, თუ როგორ შეძლო „დიპლომატმა“ მოლდოვის ხელისუფლების სანქციის გვერდის ავლა.
რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ვალერი კივერმა, მომხდარს „გამომწვევი ჟესტი“ უწოდა.
„პირადად მე არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა ეს ადამიანი ტირასპოლში. ჩვენ გვყავს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებმაც ეს საკითხი მხედველობაში უნდა მიიღონ“, - განაცხადა კივერმა.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაი პოპშოიმ, ასევე გააკრიტიკა ტირასპოლში გამართულ ღონისძიებებზე იანკოვსკის გამოჩენა. მისი თქმით, საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ გადაკვეთა მან საზღვარი, ეხება „არა საგარეო პოლიტიკას, არამედ საზღვრის კონტროლისა და უსაფრთხოების სფეროს“.
მოლდოვის სასაზღვრო სამსახურს თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
საჯარო წყაროებში არსებული ცნობების თანახმად, 1969 წელს უკრაინაში დაბადებული იანკოვსკის ოჯახი 1970-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, 1970-იანი წლების ბოლოს კი მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში დასახლდა. იანკოვსკიმ უმაღლესი განათლება ჯერ უკრაინის ქალაქ ოდესის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ - დნესტრისპირეთისა და რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის უნივერსიტეტებში, მოგვიანებით კი მოსკოვის სახელმწიფო მართვის უნივერსიტეტის ასპირანტიც იყო.
მას შემდეგ, რაც 1990-იან წლებში დნესტრისპირეთმა ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ვიტალი იანკოვსკის დე ფაქტო მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და მთავრობის აპარატის უფროსის.
2008 წლის აგვისტო-ნოემბერში იანკოვსკი ცხინვალში იმყოფებოდა, როგორც „დნესტრისპირეთის მოხალისეთა ავარიულ-სამაშველო რაზმის მეთაური“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მურატ ჯიოევმა, ვიტალი იანკოვსკი 2017 წელს დანიშნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლად დნესტრისპირეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში.
არსებული ინფორმაციით, მას მოლდოვის მოქალაქეობა არ აქვს.
2026 წლის თებერვალში ვიტალი იანკოვსკი მოლდოვის ტერიტორიაზე არასასურველ პირად აღიარეს ქვეყანაში უცხოელთა ყოფნის რეჟიმის შესახებ კანონის შესაბამისად.
საერთაშორისო საზოგადოება დნესტრისპირეთს მოლდოვის განუყოფელ ნაწილად აღიარებს. ამ რეგიონსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს - ერთმანეთის „დამოუკიდებლობა“ აქვთ აღიარებული.
ფორუმი