Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დადასტურდა COVID-19-ის „ბრიტანული“ შტამი - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 იანვარს


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 25 პაციენტი. ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ დეკემბერში ინფიცირებულ პაციენტთა შორის ერთს დაუდასტურდა ვირუსის ახალი „ბრიტანული“ შტამი. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის იზოლაციაში იმყოფება.

ლუგარის ლაბორატორიაში სულ გამოკვლევაში იყო სამი საეჭვო შემთხვევა. ორ შემთხვევაში ამ შტამის არსებობა არ დადგინდა. ხოლო ერთ, დეკემბერში აღებულ ნიმუშში, დადასტურდა ახალი, „ბრიტანული“ შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის განცხადებაში.

ცნობილია, რომ ვირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად გადამდებია, თუმცა არც ერთი კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ვარიანტი უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის.

წაიკითხე მეტი.

სადეპუტატო მანდატების გაუქმება: რატომ დააკმაყოფილა „ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებები ურიგოდ

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა ყველა სხვა ოპოზიციონერზე გვიან მოითხოვეს, მაგრამ განცხადებები პარლამენტმა ყველაზე ადრე დაუკმაყოფილა „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველ სამეულს - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. 4 იანვრის შემდეგ მათ ოფიციალურად შეუწყდათ დეპუტატის უფლებამოსილება. პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ადგილები შესაძლოა „ადგილმონაცვლე პირებმა“ დაიკავონ მათივე საარჩევნო სიიდან.

პარტიის საარჩევნო სიის „სათადარიგო" წევრებმა ცესკოს უკვე მიმართეს ადგილმონაცვლედ ცნობის მოთხოვნით. გელა მიქაძის (სიაში მე-5 ნომერი), ფრიდონ ინჯიას (სიაში მე-7 ნომერი) და დავით ზილფიმიანის (სიაში მე-8 ნომერი) განცხადებების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურში. როგორც მათ განმარტეს, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით დგინდება ადგილმონაცვლე და დოკუმენტი ეგზავნება პარლამენტს.

პარლამენტი დღეს უყრის კენჭს დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხს.

რატომ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ მანდატების გაუქმება „პატრიოტთა ალიანსით“? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამნისტიის შესახებ კანონს მეორე მოსმენით დღეს დაამტკიცებენ

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით დღეს დაამტკიცებს. სესიაზე კანონპროექტი გუშინ უნდა გაეტანათ, თუმცა გადაიდო. მიზეზად ტექნიკური საკითხები დასახელდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 4 იანვარს თქვა, რომ ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილება ერთდროულად ჰუმანური აქტიც იქნება და საზოგადოების უსაფრთხოებასაც დაიცავს. მისი თქმით, ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის პრინციპიც დაცული იქნება.

„ამნისტიის შესახებ“ კანონრპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამნისტია არ შეეხებათ პოლიტპატიმრებს.

ბრიტანელმა მოსამართლემ აკრძალა ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირება

ბრიტანელმა მოსამართლემ უარყო აშშ-ის მოთხოვნა ვიკილიკსის დამფუძნებლის, ჟულიან ასანჟის ექსტრადაციის თაობაზე, სადაც მას უნდა წარდგენოდა ბრალდებები აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გასაჯაროებისთვის. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ასანჟის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეშფოთების საფუძველზე მიიღო.

აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რასაც სავარაუდოდ კიდევ მეტი იურიდიული პროცედურები მოჰყვება 49 წლის ასანჟის ათწლიან საგაში, რომელსაც მისი მომხრეები მედიის თავისუფლების საკითხად აღიქვამენ.

წაიკითხე მეტი.

აუდიოჩანაწერში ტრამპი ჯორჯიის შტატის მესვეურს ეუბნება, ხმები "უპოვოს"

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ირგვლივ ისევ ხმაურია. ამჯერად საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც ტრამპი ჯორჯიის შტატის საარჩევნო უწყების მაღალჩინოსანს დავალებას აძლევს, რომ მას ხმები "უპოვოს" და შეცვალოს ამ შტატში არჩევნების შედეგი.

ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დანიშნული. არჩევნების გაყალბების შესახებ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, შტატის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ არსებობს გაყალბების და სხვა პრობლემების მტკიცებულება, რომელიც არჩევნების შედეგს შეცვლიდა.

წაიკითხე მეტი.

მსოფლიო მთავარი ვაქცინის რიგში

ნინო ქოქოსაძის პროფესიით პედაგოგ შვილს, ლიკას, რომელიც წლებია ისრაელში ცხოვრობს, კოვიდის საწინააღმდეგი პირველი აცრა ამ კვირაში აქვს დანიშნული. განმეორებით ვაქცინა 14 დღის შემდეგ უნდა გაუკეთონ.

ისრაელში, კოვიდვაქცინას თავდაპირველად უკეთებენ სამედიცინო პერსონალს, შემდეგ მასწავლებლებს და 60+ ასაკის ხალხს.

ნინო, რომელიც თავად 60 წლისაა, ელის, რომ ჯერ შვილი აიცრება და შემდეგ თვითონ. მისთვის, როგორც მესამე კატეგორიაში მყოფი ადამიანისთვის, აცრა ნებაყოფლობითია. პირველი და მეორე კატეგორიის ხალხისთვის კი - სავალდებულო.

აქ სხვანაირი ხალხია, ენდობიან თავის სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემას. ამიტომ აიცრის უმრავლესობა“, - ეუბნება ნინო ქოქოსაძე რადიო თავისუფლებას.

მასობრივი აცრა მალე დაიწყება იტალიაში, რომელიც გასულ წელს ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა ევროპის კონტინენტზე. ვინ იქნება შემდეგი და რა განწყობაა ქვეყნებში, სადაც ვაქცინა უკვე მიიღეს? წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

შეიძლება გსმენიათ, რომ სანტა კლაუსის თანამდროვე სახე „კოკა-კოლას“ რეკლამებში შეიქმნა. ან სულაც ის, რომ სანტა ფითქინა კაცია, რომელსაც ქურქი აცვია და განსაკუთრებული მხიარულობით გამოირჩევა. მართლა ეგრეა?

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG