Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუბიომ და მირზოიანმა ხელი მოაწერეს 3 შეთანხმებას - TRIPP, მინერალები, სტრატეგიული პარტნიორობა

მარკო რუბიოსა და არარატ მირზოიანის შეხვედრა სომხეთში. რუბიომ მალევე დატოვა ერევანი.
მარკო რუბიოსა და არარატ მირზოიანის შეხვედრა სომხეთში. რუბიომ მალევე დატოვა ერევანი.

სომხეთში ვიზიტად მყოფმა მარკო რუბიომ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, შეხვედრა გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, რის შემდეგაც მათ სამ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

ეს სამი დოკუმენტია:

  • „აშშ-სა და სომხეთს შორის „ტრამპის მარშრუტთან“ (TRIPP) დაკავშირებული სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმება“;
  • „აშშ-სა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია“;
  • „ჩარჩო-ხელშეკრულება აშშ-სა და სომხეთს შორის კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი მიწის ელემენტების მოპოვებისა და გადამუშავების უზრუნველყოფის შესახებ“.

მარკო რუბიოს განცხადებით, მათ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის „განახლებას“.

„ეს არის შესაძლებლობა, გამოვკვეთოთ აშშ-სომხეთის ორმხრივი პარტნიორობის მომავალი“, - თქვა რუბიომ ქარტიის შესახებ.

„მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვამზადებთ საფუძველს ისეთი ეკონომიკური ინვესტიციისთვის, რომელიც სომხებს საშუალებას მისცემს, გამოიმუშაონ ფული და მიიღონ კეთილდღეობა“, - განაცხადა მან.

ამ გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაახლა და ახალ, უფრო მაღალ დონეზე აიყვანა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო დღეებში, 2025 წლის იანვარში სომხეთთან დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება.

რუბიო ერევანს ეწვია

მარკო რუბიო ერევანში მეუღლესთან ერთად ჩავიდა. მათი თვითმფრინავი 15:40 საათისთვის დაეშვა ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში.

მას აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დახვდა.

დიპლომატების შეხვედრა აეროპორტშივე გაიმართა, რის შემდეგაც სამ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ, რუბიომ მალევე დატოვა სომხეთი და გერმანიაში გაემგზავრა.

  • 20226 წლის თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანში 3-დღიანი ტურნე გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.
  • ბაქომ და ერევანმა ეკონომიკური შეთანხმებები, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს.
  • ვენსმა და ფაშინიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის შესახებ, რაც სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს თანამედროვე ტექნოლოგიები აშშ-სგან: საწყის ეტაპზე - აშშ-დან 5 მილიარდ დოლარამდე მოცულობის ექსპორტი; ხოლო შემდეგ, გრძელვადიანად - კიდევ 4 მილიარდი დოლარის კონტრაქტები - ბირთვულ საწვავსა და ტექნიკურ მომსახურებაზე.
  • ამავე ვიზიტის დროს გაირკვა, რომ სომხეთმა მიიღო თანხმობა NVIDIA-ის წარმოების მძლავრი ჩიპების მორიგი პარტიის შემოტანისთვის. ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ასეთი ჩიპები არ აქვს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG